Home » სოციალურ ქსელში ცესკოსთან გამართულ ქალების აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული ტყუილი

სოციალურ ქსელში ცესკოსთან გამართულ ქალების აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „შიგ ევროპაში“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ეკითხება: „სად მივდივართ?“, პასუხის გაცემისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილის ხმაზე გადაფარულია ცენზურის აღმნიშვნელი ნიშანი „18+“ და აღარ ისმის მის მიერ ნათქვამი სიტყვა.  შესაბამისად, იქმნება წარმოდგენა, რომ ქალი  უხამს სიტყვას იყენებს. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია. კითხვაზე აქციის მონაწილე პასუხობს: „ევროპაში“.

13 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ქალების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები  „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ქალი პოლიტიკოსები იყვნენ. შეკრებილი მოქალაქეები  26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ცესკოს შენობიდან  მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.

აქციის მონაწილეებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სიტყვით მიმართა. „ჩვენია ეს ქვეყანა და არ ვაპირებთ, რომ დავუთმოთ კორუმპირებულ, დანაშაულებში ჩაძირულ, შეშინებულ ადამიანებს საქართველო“, – განაცხადა მან.  სწორედ ამ მონაკვეთში ანა ნაცვლიშვილი აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შეკითხვას უსვამს, მათ შორის,  „სად მივდივართ?“, მსვლელობაზე შეკრებილები კი პასუხობენ – „ევროპაში“ (იხილეთ ბმულზე 15:15: 40 წუთზე). სწორედ აღნიშნული მონაკვეთი გავრცელდა Facebook-გვერდის მიერ. პირდაპირი ეთერის ნახვისას, აშკარა ხდება, რომ აქციის მონაწილეს პასუხის გასაცემად უხამსი სიტყვა არ გამოუყენებია.

ამდენად, ვიდეო, რომელიც გვერდმა „შიგ ევროპაში“ გაავრცელა, რედაქტირებულია.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ee