სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „News Of the day • დღის ამბები“ გელათის ტაძრის გუმბათის ფოტო გაავრცელა (დაარქივებული ბმული), აღწერით: „10 წუთის წინ, ამ ჯვრის აღმართვას ცდილობდნენ გელათის გუმბათზე. სხვაგან სად გინახავთ ასეთი ჯვარი?“ კომენტარებში გვერდი უთითებს ChatGPT-ის მიერ მოცემულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ჯვარი წარმოადგენს რუსულ მართლმადიდებლურ ჯვარს, რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც რუსული ჯვარი.
ამჟამად, გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესში ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს ჯვარი, რომელიც, სპეციალისტების თქმით, მე-19 საუკუნიდანაა გელათის გუმბათზე.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო ტაძარი დაზიანდა, კერძოდ, სახურავიდან ჩამოსულმა წვიმის წყალმა სერიოზულად დააზიანა ტაძრის ფრესკები.
2023 წლიდან ტაძრის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით გადაიბარა. ფაქტს წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე და აგრეთვე საპატრიარქოს მკვეთრი განცხადება, რომ გელათში მდგომარეობა კრიტიკულია.
გელათის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ საპატრიარქოს 7.5 მლნ ლარი გამოუყო. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიხედვით, ამ დროისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვის მეორე ფაზის, მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დაწყებულია მთავარი ფაზა – გელათის კათედრალის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.
გუმბათის გადახურვის პროცესში ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს აღმართული ჯვარი. წარსულში გადაღებულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ჯვარი მართლაც იყო გელათის გუმბათზე აღმართული (1, 2, 3).
წყარო: https://georgia.travel/
სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი განმარტავს, რომ მტკიცება, თითქოს ჯვარი რუსულია და თან იდგმება, დეზინფორმაციაა: „მე-19 საუკუნიდან ეგ ჯვარი დგას გელათის თავზე. მაშინ რუსული, ერთიანი სივრცე იყო, ეგზარქოსობის დროს არის დადგმული და ახლა ამაზე იმის თქმა, რომ რუსული იდგმება, შესაძლოა უფრო აწყობდეს პროპაგანდას. ანუ არ არის სასიკეთო გელათის ინტერესებისთვის. პრობლემა უბრალოდ ისაა, რომ ახლა იხსნება ჯვარი, რადგან ეს ყველაფერი აქამდეც უნდა დასრულებულიყო. ახლა იხსნება იმიტომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და კონსტრუქციები ადის იქამდე, სადაც ჯვარია. უნდა გადაიხუროს ხომ? ამიტომ კონსტრუქციას უშლის ხელს და შესაბამისად, ეს ტრაგიკული მოცემულობა დადგა“.
მისი თქმით, ნახევარმთვარე, რომელიც ჯვრის ქვეშ არის გამოსახული, სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც ნიშნავს ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვებას. ჯვართან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემაც. პოსტის მიხედვით, „ნახევარმთვარეზე აღმართული ჯვარი ქრისტიანობის მიერ მუსლიმებზე გამარჯვების სიმბოლოა (ზოგი განმარტებით გემის ღუზას განასახიერებს), ფართოდ გავრცელდა ამდაგვარი ჯვრები რუსეთში და მათი გავლენით მე-19 საუკუნეში საქართველოშიც და არაერთ ეკლესიას აქვს. რაც შეეხება ჯვრიდან გამომავალ სხივებს, დეკორაციულთან ერთად, უპირველესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რომ ფრინველები არ დასხდნენ და არ ასკინტლონ“.
თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში დამატებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ გუმბათიდან ჯვარი მოხსნილია და გუმბათი წვიმისგან დასაცავად სპეციალური ტენტით არის დაფარული. სხვა რაკურსით გელათის ფოტო Facebook-ანგარიშის მიერაც გავრცელდა. გელათის გუმბათიდან ჯვრის ჩამოხსნის კადრები სოციალურ ქსელში Mega TV-ის მიერ გავრცელდა.
ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ გელათის გუმბათზე „რუსული ჯვარი“ აღმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება.