სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა“-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ შესახებ პოსტი ვრცელდება (დაარქივებული ბმული): „საზოგადოებამ იცის რომ ე.წ. “არასამთავრობო ორგანიზაციის” – ისფედის წინა დირექტორი 2020 წლის არჩევნების პივიტის გაყალბების საქმე რომ გასკდა, იმიტომ გახდა იძულებული წასულიყო. საინტერესოა ნინო დოლიძე რისთვის გააგდეს, რომელი იდიოტი დაიჯერებს ოფიციალურ ვერსიას რომ უფლებამოსილების ვადა ამოეწურაო, გიგაური 17 წელია საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორია და რომელი სპონსორი ეუბნება სირცხვილია ბრეჟნევი ხომ არ ხარო“. რეალურად, ორივე ორგანიზაციის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის არჩევა ორგანიზაციების წესდების მიხედვით არის გაწერილი. „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია, სწორედ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა თანამდებობა ნინო დოლიძემ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წესდებაში კი თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა გაწერილი არ არის.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წესდების მიხედვით (იხილეთ მუხლი 18), აღმასრულებელ დირექტორს ორგანიზაციის გამგეობა 1 წლის ვადით ნიშნავს. გამგეობის თავმჯდომარე აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებას აღმასრულებელ დირექტორთან. გამგეობა უფლებამოსილია, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ზედიზედ 4 ვადით დანიშნოს. ვადის გახანგრძლივება არაუმეტეს სამი თვით არის შესაძლებელი.
წყარო: ISFED
შესაბამისად, ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. აქამდე ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ნინო დოლიძე იკავებდა, თუმცა, 4 წლის გასვლის შემდეგ, მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურა. „ჩემთვის ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ორგანიზაციის დატოვება, მაგრამ ეს არის წესი; და ისფედი იმიტომ არის ისფედი, რომ დაარსებიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, არასოდეს უღალატია წესებისთვის და იცავს ორგანიზაციის შიდადემოკრატიას. ამით ვამაყობთ!“, – დაწერა დოლიძემ Facebook-პოსტში. მიმდინარე წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩია. 2022 წლის ნოემბრიდან ნატროშვილი „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
საგულისხმოა, რომ 2020 წლის ივნისში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ელენე ნიჟარაძემ დაიკავა, თუმცა მისი გადაყენების გადაწყვეტილება ორგანიზაციამ 2020 წლის არჩევნების დროს, ხმების პარალელური დათვლისას გაპარული შეცდომის გამო მიიღო. სწორედ ნიჟარაძის შემდეგ 2021 წლის თებერვალში დაიკავა თანამდებობა ნინო დოლიძემ.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი 2010 წლის ნოემბრიდან ეკა გიგაურია. მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადას ამ შემთხვევაშიც ორგანიზაციის წესდება ხსნის (მუხლი 6), რომლის თანახმადაც: აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით. აღმასრულებელი დირექტორის ვადა ავტომატურად გაგრძელდება თუ გამგეობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას ან არ აირჩევს ახალ აღმასრულებელ დირექტორს“. „სამართლიანი არჩევნებისგან“ განსხვავებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წესდებაში თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა გაწერილი არ არის.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ამდენად, ორივე ორგანიზაციის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე არჩევის წესები და ვადები ორგანიზაციების წესდების მიხედვით განისაზღვრება. ნინო დოლიძეს წესდებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა და პოსტში ნახსენები მიზეზი, თითქოს მისი ცალკეული განცხადებები გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, არ დასტურდება.