Home » სოციალურ ქსელში ონისე ცხადაძის ფოტო მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ვერდიქტის გარეშე

სოციალურ ქსელში ონისე ცხადაძის ფოტო მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება

Facebook-გვერდი „საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, პროევროპულ აქციებზე დაკავებული იუმორისტის ონისე ცხადაძის ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ცხრა მაისი რაც უფრო ახლოვდება, უფრო მეტად იჩენს თავს ინსტინქტური ქცევები. ამ დროს იცის ხოლმე“, აღწერისა და ფოტოს ქვეშ არსებული კომენტარების თანახმად, პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ონისე ცხადაძე ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს.

ონისე ცხადაძის ფოტოსთან ერთად ავრცელებენ აუდიტორიის ფოტოსაც, სადაც დამსწრეებს ხელი აქვთ აწეული და დაკავებულებს ესალმებიან. გარდა ამისა, აუდიტორიაში მყოფი ადამიანები ხელის აწევის გარდა სხვა ჟესტებითაც ესალმებიან ბრალდებულებს, კერძოდ, გულის სიმბოლო, მუშტი, ჟესტი „Peace” და სხვა.

ფოტო ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემაც გააზიარა და შემდეგი კომენტარი დაურთო: „ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ“.

საგულისხმოა, რომ ონისე ცხადაძე 2025 წლის 1 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზეც ხელის აწევით ესალმება აუდიტორიას.

ამავე ჟესტით ესალმება ონისე ცხადაძე აუდიტორიას 2025 წლის 10 იანვრის პროცესზე, რაც კარგად ჩანს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ცნობისთვის, ნაცისტური მისალმება, ასევე ცნობილი როგორც ჰიტლერის მისალმება (გერმანულად – Hitlergruß), იყო მისალმების ჟესტი ნაცისტურ გერმანიაში, რომელსაც ხშირად თან ახლდა სიტყვები – „Heil Hitler!“ ან „Sieg Heil!“. ის გამოიყენებოდა ერთგულების ნიშნად ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური რეჟიმის მიმართ. საგულისხმოა, რომ ჟესტი, რომელსაც ჰიტლერი იყენებდა, ონისე ცხადაძის ხელის აწევით მისალმებისგან განსხვავებულია.(იხ. ფოტო).

ამგვარად, მტკიცება, თითქოს ონისე ცხადაძე ნაცისტური ჟესტით ესალმება აუდიტორიას, მცდარია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge