სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Fa Ntina, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) სათაურით – „გერმანიაში!“. ვიდეოში გემიდან ჩამოსული ათობით ადამიანს ვხედავთ, მისი აღწერა კი – „კენიიდან კიდევ ერთი გზავნილი ჩამოვიდა გერმანიაში“ – მიუთითებს, რომ ვიდეოში ასახულ ადამიანებს ავტორი გერმანიაში ჩასულ მიგრანტებად წარმოაჩენს. სინამდვილეში, ვიდეო ძველია და არა გერმანიაში, არამედ კენიაშია გადაღებული.
Facebook-ზე ვიდეო იდენტური აღწერით თავდაპირველად 2025 წლის 4 მაისს გავრცელდა (დაარქივებული ბმული). თუმცა ვიდეოს რეალური ვერსია 2025 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ინგლისურენოვან Facebook-ჯგუფში სახელად „ხედი ჩემი ფანჯრიდან“. ამ პოსტის სათაური კი მიუთითებდა: „ლიკონის ბორნის შემოსვლა, მომბასა, კენია… გვიანი საღამოს სიჩქარე … მომბასაში გატარებული ხანგრძლივი დღის შემდეგ სამუშაოზე, საყიდლებზე ან უბრალოდ ტურზე“ (Likoni ferry crossing, mombasa Kenya…late evening rush….. After a long day in mombasa town either working or shopping or just a tour). ამ სათაურით გამოქვეყნებული ვიდეო იდენტურია მოგვიანებით გაზიარებული ვიდეოსი, რომელსაც ავტორები გერმანიაში გადაღებულად წარმოაჩენენ. ამას ადასტურებს რამდენიმე დეტალიც: ფრინველის აფრენა იდენტურ მომენტში, კაცი, რომელსაც მარცხენა ხელი აქვს გაშვერილი, ვიდეოს აუდიო და სხვა.
დამატებით, ბორნის პანდუსის ადგილმდებარეობის გადასამოწმებლად ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Lead Stories ლიკონი-მომბასას მაკავშირებელი ბორნის ახალი ფოტოები მოიძია. ნაირობიში დაფუძნებულ სხვადასხვა წყაროს ლიკონი-მომბასას ბორნისა და მოსაპირკეთებელი აგურით ნაშენები პანდუსის იდენტური ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული.
ლიკონი-მომბასა ბორანი, 2021 წელი. წყარო The Standard
ლიკონი-მომბასა ბორანი 2025 წელი. წყარო The Nation
ამრიგად, ვიდეოში არა გერმანია, არამედ კენიაში არსებული ლიკონისა და მომბასას მაკავშირებელი ბორანია ასახული.