სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუდან მანიპულირებულად მოჭრილი მონაკვეთია ნაჩვენები. ვიდეოში ხაბეიშვილი ამბობს: „როგორც ნივთებს ვერ იტანს ეს კაცი ნახმარს – ვინც იცნობს, იმან კარგად იცის რა, ნახმარ ნივთებს ვერ იტანს – ასე ვერ იტანს ნახმარ ადამიანებს, იხმარა – გადააგდო, იხმარა – გადააგდო“. ვიდეოს ქვედა ნაწილში ვხედავთ მიხეილ სააკაშვილისა და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ფოტოებს (პოლიტიკოსები, აქტივისტები, მომღერლები…). სინამდვილეში, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნული სიტყვებით ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.
პოსტის ავტორი ვიდეოს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს ლევან ხაბეიშვილი ზემოთ აღნიშნულ ციტატას მიხეილ სააკაშვილისა და მისი პირადი სახის ურთიერთობების შესახებ ამბობს. რეალური ვიდეოს ნახვის შედეგად კი ცხადი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს: „ბიძინა ნახმარ, გამოყენებულ ტიპებს ვერ იტანს. როგორც ნივთებს ვერ იტანს ეს კაცი ნახმარს, ვინც იცნობს, იმან კარგად იცის რა, ნახმარ ნივთებს ვერ იტანს. ასე ვერ იტანს ნახმარ ადამიანებს, იხმარა – გადააგდო, იხმარა – გადააგდო“. ლევან ხაბეიშვილი „შაბათის ფორმულაში“ საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლებიდან სანქცირებულ პირებს უშვებს, ვინაიდან მას საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. სწორედ ამ კონტექსტში ამბობს ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულ ციტატას.
ამრიგად, ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება.