სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჯორჯ სოროსის ფოტოს თანდართული აქვს წარწერა: „ჩვენი პირველი დაუძინებელი მტერი არის მართლმადიდებლობა, ვიხმაროთ ყველა ძალა, ფინანსები და რესურსები, მის ამოსაძირკვად და მოსასპობად-ჯორჯ სოროსი“. რეალურად, ციტატა ყალბია. არ დასტურდება, რომ მსგავსი განცხადება ჯორჯ სოროსს ეკუთვნის.
ღია წყაროებში არ არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას და ჯორჯ სოროსის ავტორობას დაადასტურებდა. გავრცელებულ ფოტომასალაზე გამავრცელებელი ორგანიზაციის, მედიის ლოგო ან დასახელება მითითებული არ არის.
ცნობისთვის, ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპია. Forbes-ის თანახმად, იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების სიაში 449-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2025 წლისთვის 7.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 1984 წელს სწორედ სოროსმა შექმნა „ღია საზოგადოების ფონდი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში[1], განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე სამუშაოდ.
ჯორჯ სოროსი არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე და მის შესახებ ყალბი ამბები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები. (1; 2).
[1] „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს.