სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Shalva Qavtaradze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), წერს, რომ ზელენსკიმ კიევი დატოვა და კიევში ფართომასშტაბიანი აქციებია. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება.
2025 წლის 10 ივნისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ კიევის დატოვება არ დასტურდება. ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელებში უკრაინელი ხალხისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვებს ავრცელებს. ბოლო ვიდეო 2025 წლის 9 ივნისსაა გამოქვეყნებული. ვიდეოში ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაზე საუბრობს: „დღეს დაიწყო გაცვლა – ეს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების პირველი ეტაპია. სულ რამდენიმე ეტაპი იქნება – ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობდით რუსეთის მხარესთან. ამ გაცვლის ფარგლებში უნდა დაბრუნდნენ დაჭრილები, მძიმედ დაჭრილებიც, და ასევე ისინი, ვინც 25 წლის არიან ან ნაკლები ასაკის.
მოსალოდნელია, რომ გაცვლის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. პროცესის დეტალები საკმაოდ სენსიტიურია, ამიტომ ამ ეტაპზე ინფორმაციაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხელს უწყობს გაცვლას და მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი ყველა ადამიანი დაბრუნდეს სახლში – სახლში, რუსული ტყვეობიდან“, – თქვა პრეზიდენტმა.
საგულისხმოა, რომ ზელენსკის კიევი მართლაც რომ დაეტოვებინა და უკრაინის დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდეს, ამას აუცილებლად გააშუქებდა მედია. თუმცა მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.
როგორც პოსტის ავტორი წერს, ინფორმაცია რუსული ტელეარხის НТВ-ს ეთერში გაჟღერდა. (НТВ რუსული სახელისუფლებო მედიაა) НТВ-ს ვებგვერდზე მსგავსი ახალი ამბავი არ იძებნება.
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევი დატოვა და დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.