Home » სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტვ“ ვიდეოს მანიპულირებულად ავრცელებს
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტვ“ ვიდეოს მანიპულირებულად ავრცელებს

სოციალურ ქსელში ტელეკომპანიამ „პოსტვ“ გამოაქვეყნა ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების კადრებია ასახული. ვიდეოს სათაურში ვკითხულობთ: „როგორ ექცევა პოლიცია ქალს, რომელიც პოლიციელს სახეში სილას გაარტყამს“. „პოსტვ“ ვიდეოს კონტექსტის გარეშე ავრცელებს და მნიშვნელოვანი დეტალების გამოტოვებით არასრულ სურათს ქმნის.

„პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში 2020 წელს ბალტიმორში (მერილენდი, აშშ) მომხდარი შემთხვევაა ასახული. კერძოდ, 29 მაისს 43 წლის შარნეშა სტრიტმა ბალტიმორის პოლიციის თანამშრომელს, სერჟანტ გრეგ ჰაიგლის ორჯერ გააწნა სილა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო წყაროებში არ იძებნება სილის გაწვნის ზუსტი მოტივი, ვიდეოში ცხადად ჩანს, რომ სტრიტი პოლიციელთან წინააღმდეგობას ცდილობს და შედეგად გადადის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. სწორედ ამ დროს პოლიციის ოფიცერი ტერი ლავ ჯუნიორი მოქალაქის თავდასხმაზე საპასუხოდ ფიზიკურ ძალას იყენებს და სტრიტს მიწაზე აგდებს. როგორც ვიდეოში ჩანს, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოქალაქე მიწაზე წევს, პოლიციელები, სავარაუდოა, რომ მის დაკავებას აპირებენ და გარშემო ხალხი იკრიბება.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ვიდეო იმ კონტექსტის ფონზე ვრცელდება, როდესაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მზია ამაღლობელი თავდაპირველად 2025 წლის 11 იანვარს  პროევროპულ აქციაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე ჯერზე კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნის გამო დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას. პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელის საქმეს დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ეპყრობა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჟურნალისტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც აზრს ხმამაღლა და თავისუფლად გამოხატავს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ ძალადობა.

საკითხს გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად  თვითონ და ასამბლეა ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. „მსურს გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე. იგი დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ — პირადად მე და ასამბლეა — ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ. იმიტომ, რომ ეს არის უსამართლო. რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან“, — განუცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა „რადიო თავისუფლებას“.

2025 წლის 25 მარტს საკითხს გამოეხმაურა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და  საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში გაუმართლებელი უწოდა მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტის დაკავებას არაერთხელ გამოეხმაურნენ მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 1-ელ თებერვალს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ წარმომადგენელმა ჯინ კაველიერმა განაცხადა: „მზია ამაღლობელის საქმე ძალიან კარგად გამოხატავს იმ დარბევების ხასიათს, რაც საქართველოში, ოდესღაც კავკასიაში დემოკრატიის შუქურაში, ახლა ხდება. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ის [მზია] უსამართლოდ არის დაპატიმრებული. პოლიციელისთვის გარტყმისთვის მას უფრო მკაცრად ექცევიან, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული მისი პროფესიის გამო, რადგან ის ცნობილი ჟურნალისტია. ასევე ვნახეთ, რომ პროკურატურა მიკერძოებულია, რადგან, მაგალითად, მათ არ შეაფასეს მზიას ქმედება იყო, თუ – არა პასუხი პროვოკაციულ ქცევაზე, ასრულებდა, თუ – არა პოლიციელი პროფესიულ მოვალეობას, როდესაც ეს მოხდა. მზია ამაღლობელს ზიანი არავისთვის მიუყენებია, მის გამო საფრთხე არავის ემუქრებოდა. ასე რომ, მზია არ არის საშიში ადამიანი და ის მაინც წინასწარ პატიმრობაში რჩება. ეს აბსოლუტურად არ არის ნორმალური, გვჯერა, რომ ის მიზანში თავისი საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული“.

დამატებით, Amnesty International-ის 23 მაისის განცხადებაში მზია ამაღლობელის შესახებ ვკითხულობთ: „ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ორჯერ დააკავეს. ორივე შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იგი სექსისტური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც ბათუმის პოლიციის უფროსმა მას, სავარაუდოდ, შეაფურთხა და ემუქრებოდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ვიდეო, რომელშიც მზია ამაღლობელი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიციის უფროსს სილას ურტყამს, რათა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა განეხორციელებინათ. მათ უგულებელყვეს ვიდეო, რომელშიც პოლიციის უფროსი მას სექსისტურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს… ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია არც ერთი პოლიციელის საქმე, რომლებიც, სავარაუდოდ, არასათანადოდ მოეპყრნენ და სხვაგვარად შეურაცხყვეს იგი და სხვა მომიტინგეები. არც ერთი პოლიციელს, რომლის წინააღმდეგაც მზია ამაღლობელისა ან სხვების მხრიდან იყო წაყენებული სერიოზული ბრალდებები, გამოძიების დროს არ შესჩერებია უფლებამოსილება“.

საკითხს გამოეხმაურა ასევე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, რომელმაც (CPJ) დაგმო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების თაობაზე. „საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის მენეჯერის, მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და მით უფრო სამარცხვინოა ჟურნალისტებზე პოლიციის სასტიკი თავდასხმების ყოვლისმომცველი დაუსჯელობის გათვალისწინებით. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ამაღლობელი“, — განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

გარდა ამისა, 16 მაისს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრნენ. შილინგის თქმით: „მზიას საქმე გვიჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია არის საფრთხეში“, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფიშერმა კი 19 მაისს განაცხადა: „გერმანიაში უკანონოა ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე… უნდა დავემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს, თუმცა, ასევე, არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას, არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება, განსაკუთრებით, როცა ძალა არის გადამეტებული. გვყავს ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეა ციხეშია. უნდა აღვნიშნო, იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ზოგი, მე არ ვცდილობ ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი, მაგრამ რისი დანახვაც შეგვიძლია საქმის ფაქტებიდან, ის ბრალდებულია შენობაზე სტიკერის მიკვრის და პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის. გერმანიაში არ გაქვს უფლება, პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ის უკვე 4 თვეა დაკავებულია. აქ მთავარი კითხა ეხება პროცესის, მისი პატიმრობის ხანგრძლივობისა და იმ დანაშაულის პროპორციულობა, რაც ბრალად ედება“.

ამ კონტექსტის ფონზე, „POSTV-ანალიტიკა“ ბალტიმორის ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ პოლიციელზე ალიყურის გარტყმა აშშ-ში ბევრად უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე საქართველოში. თუმცა, სინამდვილეში, CBS News-ის თანახმად, მენტალური ჯანმრთელობის სასამართლო დადგენილებით, შარნეშა სტრიტს პოლიციელისთვის სილი გაწვნის გამო ორწლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა, მაშინ, როცა საქართველოში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო  მედია ცდილობს, რომ საქართველოში მომხდარი ადამიანის უფლებებისა დარღვევები  დასავლეთში მომხდარი ცალკეული შემთხვევებით გაამართლოს და დასავლური კრიტიკა ორმაგ სტანდარტად წარმოადგინოს. მაგალითად, 29 აპრილს „POSTV-რეალობამ“ გამოაქვეყნა სიუჟეტი სათაურით „სასჯელი ფეისბუქ პოსტების გამო და ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტი“, – რომელშიც ჟურნალისტი ამბობს: „ჰაბეკი (გერმანიის ყოფილი ვიცე-კანცლერი) და გერმანული სასამართლო საკუთარ მოქალაქეებს, მაგალითად, ისეთი ფრაზების გამოყენებასაც არ პატიობენ, როგორიცაა „პროფესიონალური იდიოტი“ და ამის გამო მათ წინააღმდეგ გამოძიებას იწყებენ. გერმანიაში „დიფ სთეითის“ გარე მართვაზე მყოფი ადგილობრივი მთავრობის არაკორექტული კრიტიკა სასტიკად ისჯება მაშინ, როდესაც იმავე მთავრობის ყოფილი წევრები, როგორიცაა ანალენა ბერბოკი მაგალითად, საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა. გერმანიაში ხისტი გამონათქვამების გამო ადამიანების წინააღმდეგ სასამართლო დევნას იწყებენ და საქართველოში პოლიციელზე ფიზიკური ძალადობის მიჩქმალვა და ამის დაიგნორება სურთ. თავისთან სხვა სტანდარტით ხელმძღვანელობენ, ჩვენთან სხვა სტანდარტებს გვიწესებენ“.

აღსანიშნავია, რომ „პოსტვ-ანალიტიკის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა ონლაინ გამოცემა „Netgazeti-ც“, რომელმაც პოსტი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო პროპაგანდის ნაწილად შეაფასა და ბალტიმორის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სრული კონტექსტით გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბალტიმორის პოლიციის ოფიცერი სამსახურებრივი ვალდებულებებისგან დაითხოვეს და მის მიერ მოქალაქე სტრიტისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საფუძვლიანი გამოძიების შედეგად ოფიცრის ქმედება მკაცრად დაიგმო, თუმცა უკანონოდ არ ცნეს. პროკურორის პრესსპიკერმა განაცხადა: „ჩვენ დავასრულეთ ამ სამწუხარო ინციდენტის საფუძვლიანი განხილვა და მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ოფიცრის ქმედებას, იგი უკანონობის დონემდე არ დადის. ოფიცერს შეეძლო ქალზე დარტყმის ნაცვლად სიტუაციის დეესკალაციისთვის სხვა საშუალებები გამოეყენებინა და ჩვენ გირჩევთ, რომ ბალტიმორის პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ გადახედოს ამ ოფიცრის ქცევას, გაითვალისწინოს მისი წარსული ქმედებების და მიიღოს შესაბამისი შიდა ზომები“.

ბალტიმორის პროკურორის განცხადებით: „ბრალდების წაყენებისგან თავის შეკავება იმის გამო, რომ ქცევა კანონით დაშვებულ ფარგლებში იყო, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოფიცრის პოლიციის დეპარტამენტი ოფიცრებს უნდა ასწავლიდეს თავშეკავებას ყველა სიტუაციაში…“

რედაქტორის შენიშვნა: სტატია  განახლდა 13 ივნისს და დაემატა ინფორმაცია პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge