Home » სოციალურ ქსელში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: „შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბედნიერდა“. ვიდეოში ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწილის ცერემონიის კადრებია ასახული. სინამდვილეში, ვიდეოში შვედეთის საგარეო საქმეთა ქალი მინისტრი საერთოდ არ ჩანს.

შვედეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, რომელზეც მთავრობის საქმიანობისა და წევრების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციაა მოცემული, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალია – მარია მალმერ სტენერგარდი. შვედური გამოცემის nyheter24-ის მიხედვით, სტენერგარდი 2024 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. მისი მეუღლე დევიდ სტენერგარდია, რომელიც, თავის მხრივ, კრისტიანშტადის მუნიციპალური საბჭოს წევრი და სკანეს რეგიონის ადმინისტრაციული უფროსია. დამატებით, როგორც მინისტრის ოფიციალური Facebook-ანგარიშიდან ირკვევა, მას შვილებიც ჰყავს. კერძოდ, 2018 წლის 11 სექტემბერს მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მის პოლიტიკურ საქმიანობაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის როგორც მეუღლეს, ისე შვილებს (ფოტოს მიხედვით, მას ორი შვილი ჰყავს).

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გამოსახულ წყვილს, ისინი შვედი ტენორი და შვედი აქტივისტი რიკარდ და ანდრეს სოდერბერგები არიან და კადრები სწორედ მათი ჯვრისწერის ცერემონიიდან არის აღებული. კერძოდ, როგორც უშუალოდ ქართულენოვან Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, ეს კადრები თავდაპირველად შვედმა ტენორმა ლეიფ არუნ-სოლენმა გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში იგი რიკარდ და ანდრეს სოდერბერგებს გაბედნიერებას ულოცავს.

ცნობისთვის, 2009 წელს შვედეთმა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების შესახებ კანონმდებლობა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ შვედეთში ერთნაირსქესიან წყვილებს იმავე წესებითა და უფლებებით შეუძლიათ ქორწინება, როგორც სხვადასხვასქესიან წყვილებს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge