2025 წლის მაისის პირველი ნახევრისთვის, გასული წლის ეკონომიკური პარამეტრების უმრავლესობა უკვე ცნობილია. ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი მშპ-ის ზრდის ტემპია, რომელმაც 2024 წელს 9.4% შეადგინა. წლიური ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა, საგარეო ვაჭრობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა, დასაქმება და ხელფასებიც გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმაც შესრულდა. ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირდა. საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის სუვერენული რეიტინგის მოლოდინი გაუარესდა და ნეგატიურად შეფასდა.
იმის ზუსტი პროგნოზირება, თუ რა მოხდება 2025 წელს პრაქტიკულად შეუძლებელია და ის მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. 2024 წლის ბოლოს არსებული მეტ-ნაკლებად დადებითი ეკონომიკური სურათის ფონზეც კი სახეზეა საინვესტიციო თვალსაზრისით არსებული არასახარბიელო ტენდენცია, რაც ბოლო წლებში ახალი უცხოური ინვესტიციების კლებაში გამოიხატა.
მშპ
წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს მშპ 9.4%-ით გაიზარდა. დაგეგმილზე მაღალი ზრდის გათვალისწინებით, მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჯერ 5.2%-დან 6%-მდე, შემდეგ 8.2%-მდე, ბოლოს კი 9%-მდე დააკორექტირა.
მშპ-ის ზრდის ტემპში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები კვლავ თვალში საცემია. ამ გავლენის ერთ-ერთი გამოხატულება მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, რომლის წილმა მთლიან ექსპორტში მესამედს გადააჭარბა. ყირგიზეთი კი, რომელიც ათეულშიც ვერასდროს ხვდებოდა, #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა. საქართველო ერთადერთი არაა, ომამდელ პერიოდთან შედარებით მაღალი ზრდის ტემპებით გამოირჩევიან ასევე სომხეთი და შუა აზიის ქვეყნები. 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 12.6%-ით, 2023 წელს კი 8.3%-ით გაიზარდა. ყირგიზეთის ეკონომიკა 2022-2023 წლებში 9%-ით და 6.3%-ით გაიზარდა. 2024 წელს სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.9%-მდე შემცირდა, თუმცა ყირგიზეთის ისევ 9%-ს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს მიმდინარე ფასებში დათვლით, დარგობრივად ყველაზე დიდი, 32%-იანი ზრდა განათლების სექტორში ფიქსირდება. 26%-იანი ზრდით მეორე ადგილზე მშენებლობაა, სასტუმროები და რესტორნები 24%-ით მესამეზეა. 20%-ზე მაღალი ზრდა აჩვენა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერომაც. 1%-იან მინუსში მხოლოდ ენერგეტიკა გავიდა.
ტენდენცია მსგავსია, თუმცა რიცხობრივად განსხვავებულია რეალური ზრდის მაჩვენებლები. კერძოდ, 2019 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, განათლების სექტორი 29%-ით გაიზარდა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის – 24%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების – 18%-ით, მშენებლობა – 14%-ით, ენერგეტიკა კი 8%-ით შემცირდა.
გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სწრაფად მზარდი სექტორების წილი მშპ-ში შედარებით დაბალია. განათლების წილი 5.7%-ს შეადგენს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის 6.4%-ს, მაშინ, როცა ვაჭრობის წილი – 15.2% და დამამუშავებელი მრეწველობის 9.3%-ია.
2021-2024 წლებში დაფიქსირებული საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიუხედავად, 2024 წელს, მიმდინარე ფასებში დათვლით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კვლავ 10 ათას დოლარზე ნაკლები რჩება.
ცხრილი 1: საქართველოს მშპ 2023-2024 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინფლაცია
2021-2022 წლების მაღალი (ორნიშნა) ინფლაციის შემდეგ 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2.5%-მდე, 2024 წელს კი 1.1%-მდე შემცირდა. საქსტატი სამომხმარებლო კალათაში შესულ 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას 12 ჯგუფად ყოფს, მათგან თითოეულს თავის წონა ენიჭება.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიურად ფასები არ შეცვლილა. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები 2.4%-ით, ხოლო საცხოვრებელსა და კომუნალურებზე 2.4%-ით შემცირდა. იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა, რამაც მთლიან ჯგუფზე იქონია გავლენა. ყველაზე მაღალი 7.1%-იანი ინფლაცია ე.წ. ჰორეკა[1] სექტორში დაფიქსირდა. მთლიანობაში, 2024 წელს, 2013 წლის 0.5%-იანი დეფლაციის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 11-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
ცხრილი 2: 2024 წლის საშუალო წლიური ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საგარეო ვაჭრობა
2024 წელს საგარეო ვაჭრობით ბრუნვა 8%-ით – 21.7-დან 23.4 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა, მათგან ექსპორტი 7.8%-ით – 6.6 მლრდ-მდე და იმპორტი 8.1%-ით – 16.9 მლრდ-მდე. ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) კი 5%-ით, 3 მლრდ-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ექსპორტი მართალია, პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება, მაგრამ 2022 წლის მაჩვენებელს 19%-ით და 2021 წლის მაჩვენებელს 5%-ით ისევ ჩამორჩება.
საქსტატმა ადგილობრივი ექსპორტის აღრიცხვა 2014 წლიდან დაიწყო და მთელ ამ პერიოდში 2024 წლის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ადგილობრივი ექსპორტის წილის შემცირება ძირითადად რეექსპორტის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, თუმცა 2021-2022 წლებთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი თანხობრივადაც შემცირებულია, რაც ასევე წილობრივი კლების განმაპირობებელი ფაქტორია.
გრაფიკი 2: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში ექსპორტის ზრდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა დააჩქარა. 2024 წელს მსუბუქი ავტომობილების წილმა მთლიან ექსპორტში 37%-ს მიაღწია. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ყირგიზეთი გახდა, რომელიც პრაქტიკულად ახალი მიმართულებაა. 1995-2021 წლებში ყირგიზეთში ჯამურმა ექსპორტმა 225 მლნ დოლარი შეადგინა, მხოლოდ 2024 წლის მესამე კვარტალში კი – ორჯერ მეტი, 455 მლნ დოლარი. ავტომობილების რეექსპორტის ზრდა დროში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას უკავშირდება და სავარაუდოდ, პირდაპირ კავშირშია რუსეთში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებაზე ამოქმედებულ სანქციებთან.
სანქციების გამკაცრების შემდეგ, 2023 წლის სექტემბრიდან რუსეთში პირდაპირი ავტოექსპორტი საქართველოდან პრაქტიკულად განულდა, 2024 წელს რუსეთში რეექსპორტზე სულ 156 ათასი დოლარის ღირებულების 8 ავტომობილი გავიდა. რუსეთში ავტოექსპორტი განსაკუთრებულად მაღალი არც არასდროს ყოფილა. 2014-2024 წლებში რუსეთში სულ 230 მლნ დოლარის ღირებულების 24.4 ათასი ავტომობილი გაიყიდა[2], მაშინ, როცა მხოლოდ 2024 წელს ყირგიზეთში რეექსპორტზე 1.2 მლრდ-ის ღირებულების 34.6 ათასი ავტომობილი გავიდა. თეორიულად აღნიშნული ზრდის მკვებავი ორი გარემოება შეიძლება იყოს: 1) რუსეთში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების შეზღუდვის პარალელურად, სავარაუდოა, რუსული მოთხოვნის ნაწილის შევსებაში სწორედ აზიური ქვეყნები მონაწილეობდნენ. 2) აზიური ბაზრის ნაწილი ავტომობილებით რუსეთიდან მარაგდებოდა, რაც ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი და შესაბამისად, მიწოდების გზებმა ნაწილობრივ საქართველოზე გადმოინაცვლა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ყირგიზეთში ან სხვა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში ავტოექსპორტი საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს, რადგან ეს ქვეყნები არ ექცევიან სანქცირების პაკეტით გათვალისწინებული შეზღუდვების არეში. ომის კონტექსტში სანქციები თავად რუსეთს და ბელარუსს აქვს დაწესებული. იმ შემთხვევაში, თუ ყირგიზეთი ყიდის რუსეთში ავტომობილებს[3], გამოდის, რომ სანქციებს თავად ყირგიზეთი არღვევს და არა საქართველო.
საექსპორტო პარტნიორებში მეორე ადგილს კიდევ ერთი შუა აზიური ქვეყანა ყაზახეთი იკავებს[4], აზერბაიჯანი მესამეზეა, რუსეთი მეოთხეზე. ათეულში დანარჩენ ადგილებს სომხეთი თურქეთი, ჩინეთი, აშშ, უზბეკეთი და ბულგარეთი ინაწილებენ. საიმპორტო პარტნიორებში პირველ უცვლელ ადგილს თურქეთი იკავებს, მეორეზე მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე შეერთებული შტატებია, სამეულს რუსეთი ასრულებს, ჩინეთი მეოთხეზეა. ხუთეულში ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა გერმანია მოხვდა.
ექსპორტის მსგავსად იმპორტშიც პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მეორეზე ნავთობპროდუქტებია.
ადგილობრივ ექსპორტში ქვეყნების მიხედვით 21.7%-იანი წილით პირველ ადგილზე რუსეთი, მეორეზე 13.4%-იანი წილით თურქეთი და მესამეზე კი 9.1%-იანი წილით ჩინეთია. 2020-2022 წლებში ჩინეთი პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა სპილენძის მადნებზე მოთხოვნის ვარდნის შემდეგ ჩამოქვეითდა.
პროდუქციის მიხედვით, ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია. მისი ექსპორტი გაორმაგდა, მაგრამ 2022 წლის მაჩვენებელს ვერ დაეწია. მეორე ადგილს ღვინო, მესამეს კი სპირტიანი სასმელები იკავებს. სპილენძის მადნებმა მეათე ადგილზე გადაინაცვლა. 2022 წელს ექსპორტზე 1 მლრდ დოლარის სპილენძის მადნები გავიდა, 2023 წელს 473 მლნ-ის და 2024 წელს მხოლოდ 94 მლნ-ის.
2024 წელს ევროკავშირში ექსპორტი 131 მლნ დოლარით, 574 მლნ დოლარამდე შემცირდა. ექსპორტის ეს მოცულობა 2016 წლის შემდეგ ყველაზე მცირეა. ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 8.7%-მდე შემცირდა, რაც თავის მხრივ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მინიმალური მაჩვენებელია. კლება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. 2022 წელს ევროკავშირში 437 მლნ დოლარის სპილენძის მადანი გაიყიდა, 2023 წელს 295 მლნ-ისა და 2024 წელს 55 მლნ-ის.
2024 წელს ევროკავშირში ექსპორტში პირველი ადგილი – 64 მლნ-ით, თხილმა და კაკალმა დაიკავა. მეორე ადგილს – 56 მლნ-ით, ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს, სპილენძის მადნებმა კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თუ ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 50%-იან მაჩვენებელს ჩამორჩება, ევროკავშირში 80%-ს აჭარბებს.
ექსპორტისგან განსხვავებით, 2024 წელს ევროკავშირიდან იმპორტი 787 მლნ-ით გაიზარდა და 4.6 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც თანხობრივად რეკორდულია. საიმპორტო პროდუქციაში 833 მლნ-ით პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომელთა ნაწილიც რეექსპორტისთვის იყო შეძენილი. მეორეზე 452 მლნ-ით ნავთობპროდუქტებია და მესამეზე 298 მლნ-ით სამკურნალო საშუალებები.
2014 წლის მეორე ნახევრიდან ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქცია აღარ იბეგრება, თუმცა ერთი მხრივ, ზოგადად მცირე წარმოებისა და მეორე მხრივ, ბრიუსელის სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო, ტარიფების განულებას ექსპორტის მკვეთრი ზრდა არ მოჰყოლია. აღნიშნულ პერიოდში ღვინის ექსპორტი 12-დან 34 მლნ-მდე, სპირტიანი სასმელების 7-დან 15 მლნ-მდე და მინერალური წყლების 11-დან 14 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მაგრამ ჩამოთვლილი პროდუქცია ჯამური ანგარიშგასაწევი ზრდისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პროდუქციის ნაწილის ექსპორტი შემცირდა. 2014 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა ევროკავშირში 138 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წელს მის ნახევარზე ნაკლები – 64 მლნ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არსებული ვითარება არასახარბიელო იყო და ის 2023 წელთან შედარებით 30%-ითაა შემცირებული. გასული წლის პირველ კვარტალში 70%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, მეორეში 10%-იანი მატება, მესამეში ისევ 55%-იანი ვარდნა და მეოთხეში 24%-იანი მატება.
გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თანხობრივი კლების პარალელურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობა მკვეთრად – 3.9%-მდეა შემცირებული, მაშინ, როცა 2023 წელს ის 6.2%-ს და 2022 წელს 9%-ს აღწევდა. პანდემიამდე, 2018-2019 წლებში, 7%-8%-ის ფარგლებში მერყეობდა, უფრო ადრე, 2014-2017 წლებში, 10%-12%-ის ფარგლებში. თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2020 წელს, ამ პარამეტრით მდგომარეობა ყველაზე ცუდია „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში.
ინვესტიციებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ყოველი ერთი დოლარიდან რა წილი უკავია ახალ ინვესტიციას და რა რეინვესტიციას. 2022 წელს რეინვესტირების წილმა მთლიან ინვესტიციაში 64% შეადგინა, 2023 წელს 84%-ს მიაღწია და 2024 წელს 88%-მდე გაიზარდა. ესტონური მოდელის[5] ამოქმედების შემდეგ, პანდემიამდე – 2017-2019 წლებში, რეინვესტირების საშუალო წილი 37%-ს შეადგენდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტიციაა სააქციო კაპიტალიც ანუ ახალი ინვესტიციის შემოსვლაც და რეინვესტირებაც. ის ფაქტი, რომ ინვესტორი ამონაგებს ქართულ ეკონომიკაში აბრუნებს და არ გააქვს ქვეყნიდან, მისასალმებელია, თუმცა ახალი ინვესტიციების ნაკლებობა გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს. რეინვესტირების 88%-იანი წილი ახალი ინვესტიციის პრაქტიკულად არ არსებობად შეიძლება შეფასდეს.
ქვეყნების მიხედვით, 2024 წელს #1 ინვესტორი 448 მლნ დოლარით ბრიტანეთი გახდა, სექტორების მიხედვით კი პირველი ადგილი 527 მლნ-ით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა დაიკავა. ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ საფინანსო სფეროში ჩაიდო.
ფულადი გზავნილები
2024 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 19%-ით – 3.4 მლრდ დოლარამდე, შემცირდა, თანხობრივად ეს 785 მლნ დოლარიანი კლებაა. საბოლოო სურათის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი რუსეთმა შეასრულა, საიდანაც გზავნილები 65%-ით, 1.5 მლრდ-დან 541 მლნ-მდე შემცირდა. რუსეთის გამოკლებით გზავნილები 8%-ით, 2.6-დან 2.8 მლრდ-მდე იქნებოდა გაზრდილი.
გრაფიკი 4: ფულადი გზავნილები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-დან 18%-მდე შემცირდა და ყოველ მომდევნო წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს. 2022 წელს, რუსეთიდან მაღალი მიგრაციული ნაკადებისა და კაპიტალის გადინების მიზეზით ის ნახტომისებურად, 47%-მდე გაიზარდა, 2023 წელს კვლავ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე – 37%-ზე შენარჩუნდა, 2024 წელს კი ხსენებული მოკლევადიანი ეფექტის მილევასთან ერთად 16%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი შეერთებულ შტატებს და მეორე ადგილი იტალიას დაუთმო. წლის განმავლობაში შეერთებული შტატებიდან ფულადი გზავნილები 24%-ით, იტალიიდან 8%-ით და გერმანიიდან 16%-ით გაიზარდა.
ფულადი გზავნილები მშპ-ს ფორმირებაში პირდაპირ არ მონაწილეობს, მაგრამ მის კომპონენტებზე (მოხმარება, ინვესტირება) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი
2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 7.3%-ით – 4.1-დან 4.4 მლრდ-მდე გაიზარდა. არსებობდა მოლოდინი, რომ მეოთხე კვარტალში ზრდა შენელდებოდა, ან საერთოდ მინუსში გავიდოდა. ჰორეკა სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ჯავშნების გაუქმებაზე ლაპარაკობდა, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მეოთხე კვარტალში პირიქით, ზრდის ტემპი 10%-მდე დაჩქარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯამური მაჩვენებელი დადებითი იყო, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან შემცირდა.
გრაფიკი 5: ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2024 წელს ტურიზმიდან მიღებული წლიური შემოსავლებით რუსეთი ისევ პირველ ადგილზეა, თუმცა მისი წილი 22.7%-დან 19.2%-მდეა შემცირებული. რუსეთის შემთხვევაში 938 მლნ-დან 850 მლნ დოლარამდე კლება, არამხოლოდ პროცენტულად, თანხობრივადაც აღინიშნება. მეორე ადგილზე 612 მლნ-ით თურქეთია, მესამეზე 436 მლნ-ით ისრაელი. ამასთან, 2023 წელთან შედარებით, ისრაელიდან 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც პირველი 10 ქვეყნიდან ყველაზე მაღალია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამურად ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 571 მლნ დოლარს მიაღწია. ზრდის ტემპი ამ შემთხვევაში 4%, ანუ საშუალოზე ნაკლებია. ეს მცირე ზრდაც მთლიანად პირველ კვარტალზე მოდის, როდესაც შემოსავლები მკვეთრად 48%-ით, 73-დან 108 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შემდეგი 9 თვე ზრდა კლებამ ჩაანაცვლა, კერძოდ: მეორე კვარტალში 3%-იანი, მესამეში 1%-იანი და მეოთხეში 6%-იანი კლება დაფიქსირდა. ტენდენცია იგივე იქნება თუ ევროკავშირიდან ტურიზმს ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით გავზომავთ, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 40%-იანი ზრდის შემდეგ, მეორე კვარტალში 0.8%-იანი, მესამეში 1.2%-იანი და მეოთხეში 3.5%-იანი კლება დაფიქსირდა. აქაც შემოსავლების მსგავსად, იანვარ-მარტის ხარჯზე წლიურადაც 3.8%-იანი ზრდა აღინიშნა.
გრაფიკი 6: ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
თუ იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან 48%-ით გაიზარდა, აპრილ-დეკემბერში 3%-ით შემცირდა. სხვაობა 51 პროცენტული პუნქტია. ცვლილება დროში რუსული კანონის წარდგენას პირდაპირ ემთხვევა. პარლამენტში რუსული კანონი ხელმეორედ 2024 წლის 3 აპრილს, ანუ მეორე კვარტლის დაწყებისთანავე დაარეგისტრირეს, რასაც აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დასაქმება და ხელფასები
ხელფასები
დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასები, წინასწარი ინფორმაციით, 16.5%-ით – 1767-დან 2059 ლარამდე გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემი დასაბეგრ ხელფასს ასახავს, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც 2059 ლარი ხელზე ასაღებ 1614 ლარამდე მცირდება.
თბილისში, მეოთხე კვარტლის[6] მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 2583 ლარია და ქვეყნის საშუალოს თითქმის 17%-ით აღემატება. რეგიონების ნახევარში შრომის ანაზღაურება 1500 ლარზე ნაკლებია, მათ შორის ყველაზე ნაკლები 1060 ლარი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.
თითოეულ შემთხვევაში ნომინალურ ზრდაზე მნიშვნელოვანი რეალური ზრდაა, ანუ ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით. ინფლაცია შემოსავლებს ყოველთვის ამცირებს, თუმცა რადგან 2024 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 1.1% შეადგინა, მისი გავლენა მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, თითოეული კვარტლის შემთხვევაში ბიზნესსექტორში ხელფასების ზრდის ტემპი საშუალო ზრდის ტემპს ჩამოუვარდებოდა, ჩამორჩენა საშუალოდ 1 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.
გრაფიკი 7: დაქირავებით დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასი ეროვნულ ვალუტაში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მედიანური ხელფასი, საშუალოზე ბევრად ნაკლებია. 2024 წლის მონაცემები 2025 წელს გახდება ცნობილი. 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო ხელფასზე 30%-ით ნაკლებს შეადგენდა[7]. პროპორციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2024 წლის მედიანური ხელფასი 1440 ლარი, ხელზე ასაღები 1130 ლარი იქნება. მედიანურ ხელფასში ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი კიდურა წევრები უგულებელყოფილია. სხვა სიტყვებით, დასაქმებულთა ნახევარს საქართველოში აქვს მედიანურზე მაღალი ხელფასი, მეორე ნახევარს მედიანურზე დაბალი, თუმცა რამდენად დიდი ნაწილია მედიანურ ხელფასთან ახლოს (კონცენტრირებული მედიანური მაჩვენებლიდან მცირე გადახრის არეალში), საქსტატის მიერ დამუშავებული მონაცემებიდან არ არის იდენტიფიცირებადი.
დასაქმება და უმუშევრობა
2024 წელს, წინა წლებთან შედარებით, სამუშაო ძალის/დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, თუმცა უმუშევრობა და დასაქმების დაბალი დონე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 16.4%-დან 13.9%-მდე შემცირდა, ეს მოსახლეობის ის კატეგორიაა, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს და ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. რაც შეეხება დასაქმების დონეს, ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 47.1% არის დასაქმებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ქვეყანაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 54.8%-ია, ეს არის 15+მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დასაქმებულია ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, დანარჩენი 45.2% (1,345.8 ათასი ადამიანი) სამუშაო ძალის გარეთაა.
გრაფიკი 8: სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, უმუშევრობის დონე, დასაქმების დონე, 2019-2024 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2024 წელს წინა წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დაახლოებით 33.2 ათასით (2%-ით) გაიზარდა და 1 629.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 67.9 ათასით (5%-ით) გაიზარდა და 1 402.5 ათასი შეადგინა. საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ გადანაწილდა დასაქმებულთა რაოდენობა. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით დასაქმების საერთო მაჩვენებელში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 68.5% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 31.5% შეადგინა. გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 40 ათასით (4.3%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 27.9 ათასით (6.7%-ით) არის გაზრდილი.
რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას საკუთრების ფორმების მიხედვით, 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სექტორში. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 23% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. დაქირავებით დასაქმებულთა 33.6%, ანუ ყოველი მესამე, სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.
გრაფიკი 9: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება დასაქმება/უმუშევრობის მხრივ ბოლო წლებში არსებულ ტენდენციას, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო. 2023 და 2024 წლებში გაიზარდა სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა.
ქვეყანაში დასაქმებულთა ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში. გარდა ამისა, გაიზარდა თვითდასაქმებულთა რაოდენობაც. დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს და შრომის ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა უნდა განვიხილოთ, არა როგორც რეალური დასაქმების პროგრამა, არამედ როგორც სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სტატისტიკურად ზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც.
ეროვნული ბანკის რეზერვები
ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა ბოლო ერთ წელიწადში 11%-ით – 4.4 მლრდ დოლარამდე, შემცირდა. 2023 წლის აგვისტოს შემდეგ რეზერვები თითქმის ყოველთვიურად მცირდებოდა და ის გარკვეული უარყოფითი ტენდენციის ხასიათს ატარებდა. ოქტომბერში ვარდნა დაჩქარდა, რა დროსაც სებ-მა სავალუტო აუქციონზე 213 მლნ და Bmatch პლატფორმაზე 378 მლნ დოლარი, ჯამში 591 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა რეზერვები კიდევ უფრო მეტად – 628 მლნ-ით შემცირდა. რეზერვების მოცულობა ნოემბერში 39 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში 324 მლნ-ით. დეკემბერში დაფიქსირებული სწრაფი ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დეკემბერთან ჩამორჩენა მაინც 562 მლნ დოლარია.
დეკემბერში Bmatch პლატფორმაზეც სებ-მა მხოლოდ 29 მლნ დოლარი შეიძინა. რეზერვების ზრდაზე დამატებითი გავლენა სხვა ფაქტორებმა მოახდინა, კერძოდ: ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოძიებული სახსრების სავალდებულო სარეზერვო ნორმა 5 პროცენტული პუნქტით – 15%-25%-მდე გაუზარდა (ცვლილებამდე 10%-20%-ს) შეადგენდა. მაშინ მარეგულირებელში აცხადებდნენ, რომ ცვლილებით სებ-ის რეზერვები 340 მლნ დოლარით გაიზრდებოდა, დეკემბრის ზრდამაც დაახლოებით ამდენი – 324 მლნ დოლარი შეადგინა. მარტივად რომ ვთქვათ, სავარაუდოდ, სახეზეა ერთგვარი ტექნიკური ზრდა – სახელმწიფომ საკუთარი სახსრებით კი არ შეავსო რეზერვები, არამედ კომერციულ ბანკებს მოსთხოვა „იმაზე მეტი შეენახათ რეზერვის სახით, ვიდრე აქამდე ინახავდნენ“.
გრაფიკი 10: ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
რეზერვები, როგორც თანხობრივად დოლარებში, ასევე ადეკვატურობის კოეფიციენტის გაანგარიშებით იზომება. რადგან დიდი ზომის ეკონომიკა, უფრო დიდი მოცულობის რეზერვებს საჭიროებს, ადეკვატურობის კოეფიციენტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
რეზერვების ადეკვატურობას სავალუტო ფონდი საკუთარი მეთოდოლოგიით აფასებს. ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება.
2022 წელს ადეკვატურობის კოეფიციენტი 96%-მდე, ხოლო 2023 წელს 90%-მდე შემცირდა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2024 წელს რეზერვები თანხობრივად 562 მლნ-ით შემცირდა, პარალელურად, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. აღნიშნული იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2024 წელს ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებული იქნება.
რეზერვების კიდევ ერთი საზომი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია. რეზერვები მომდევნო 3 თვის მოსალოდნელ იმპორტს უნდა უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2023 წლამდე (2014 წლის გარდა), ეს კოეფიციენტი დაკმაყოფილებული იყო, 2023 წელს კი 2.76-მდე შემცირდა.
რეზერვებთან დაკავშირებით, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 2024 წლის მდგომარეობით, მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ, როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია, ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში.
სიღარიბე
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აქვე განვმარტავთ, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.
2024 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. აბსოლუტური სიღარიბის დონე კვლავ ყველაზე მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, 18 წლამდე პირების 12.1% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
2021-2024 წლებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1). უკიდურესი სიღარიბის შემცირებას მოსახლეობის შემოსავლების ზრდა განაპირობებს, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ფულად გზავნილებს. ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სოციალურმა დახმარებებმა [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა და ა.შ.] იქონია. თუმცა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით აღწევს თავს, კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად – ზოგად სიღარიბეში.
გრაფიკი 11: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)დასა
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 18.7% (690,496 ადამიანი) საარსებო შემწეობის მიმღები იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6.6%-ით (42,961 ადამიანით) მეტია. 2020-2024 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჯამში 61.5%-ით (263,123 ადამიანით) არის გაზრდილი.
გრაფიკი 12: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან (დეკემბერი)
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია. კერძოდ, 2021 წელს ბავშვთა დახმარების მიმღებთა კატეგორია გაფართოვდა. წლების განმავლობაში ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლის 1 ივლისიდან, 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირები ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2022 წლის გაზაფხულზე კი სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდა, პროგრამაში ჩართული პირები საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დამატებით 300 ლარს იღებენ. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს საარსებო მინიმუმი გაუჩნდა და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან უკიდურესად მოწყვლადები, რომლებიც სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებენ.
* * *
გარკვეული მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, მთლიანობაში, ცალკეული მაჩვენებლების გარდა, მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დადებითია. პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ მეოთხე კვარტალში პრობლემები წარმოჩნდებოდა, რაც მეტწილად არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვარტალში მშპ-ის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა. კლება საგანგაშო არ ყოფილა, უფრო მეტიც, ზოგიერთი ეკონომიკური პარამეტრი, როგორიცაა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაუმჯობესდა კიდეც.
ეკონომიკური თვალსაზრისით, აქამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რისკები მაინც ცალსახად გაზრდილია, როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, ასევე 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ.
ევროკავშირის ცალკეულმა სახელმწიფოებმა, ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, მთავრობის წევრებს ირაკლი კობახიძის ჩათვლით, ასევე პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესეს.
ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძესა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უკვე 2025 წელს ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს სავიზო შეზღუდვებთან ერთად ფინანსური სანქციებიც დაუწესეს. შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაასანქცირა. ევროკავშირმა საქართველოში მოქმედი დიპლომატიური პასპორტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც „ქართული ოცნება“ „მზარდ ავტორიტარულ პოლიტიკაში“ დაადანაშაულა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ოფიციალური შეჩერების საკითხის დაყენების შესახებ განაცხადა. იმავე განცხადებაში საელჩომ დაადასტურა, რომ გერმანიამ საქართველოში 200 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. სანქციების ჩამონათვალი არასრულია.
ქვეყანა დასანქცირებული არ არის, თუმცა ინდივიდუალური სანქციები მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ამოქმედებულია. „ქართული ოცნება“, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც და მის შემდეგაც იმედებს ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატზე და შემდეგ უკვე არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ამყარებდა, თუმცა ბოლო დროს რიტორიკა აქაც შეიცვალა. ტრამპის ინაუგურაციიდან 3 თვის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთა არ დაწყებულა და „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრამპიც ე.წ. დიფ სთეითის გავლენის ქვეშაა.
აშკარა პოლიტიკური კრიზისი მაღალი ალბათობით გავლენას ეკონომიკაზეც მოახდენს, თუმცა რა ფორმით და რა დოზით, რჩება მკვეთრად დამოკიდებული პოლიტიკური ვითარების შემდგომ განვითარებაზე. ამ ეტაპზე, არსებული მოლოდინები ბუნებრივია, გადახრილია ნეგატიური მიმართულებით, რასაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების FITCH-ისა და Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურამდე გაუარესებაც ადასტურებს.
[1] Horeca — hotel/restaurant/café სასტუმრო რესტორანი კაფე – სექტორი რომელიც მასპინძლობისა და კვების ობიექტების ბიზნესს აერთიანებს.
[2] დამატებით შესწავლას საჭიროებს საქართველოდან რუსეთში ავტოსატრანსპორტო საშუალებების არა როგორც სავაჭრო საქონლის სახით, არამედ როგორც სატრანსპორტო საშუალების მოხვედრის შემთხვევების მასშტაბი (ასეთი შემთხვევა პროცედურულად არც ექსპორტს და არც რეექსპორტს არ წარმოადგენს და შესაბამისად, არც სტატისტიკურად აღირიცხება).
[3] „ჯეოფაქტსი“ არ ამტკიცებს, რომ ყირგიზეთი რუსეთში ყიდის ავტომობილებს და მხოლოდ დაშვებას აკეთებს თეორიული შესაძლებლობის საილუსტრაციოდ.
[4] ასევე ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე
[5] 2017 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია მოგების რეინვესტიციას განახორციელებდა, ის მოგების გადასახადისგან თავისუფლდებოდა.
[6] წლიური მონაცემები ჩაშლილად ოქტომბერში გახდება ცნობილი
[7] აღნიშნული მაჩვენებლების განსხვავებული მეთოდოლოგიით არის გაანგარიშებული შესაბამისად მაჩვენებლების შედარებისას არსებული განსხვავება გონივრული სკეპტიციზმით უნდა იქნას მიღებული მხედველობაში.