Home » „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების თანამდებობის პირების მტკიცებებთან, რომლის მიხედვით, მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს
geofacts.ge გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების თანამდებობის პირების მტკიცებებთან, რომლის მიხედვით, მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს

16 სექტემბერს ტელეკომპანია იმედმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საქართველოს ფიზიკური რუკის მონაკვეთის ამსახველი ფოტო და მტკიცება, რომ გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ საქართველოს სახელმწიფომ ჯამში მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგა (დაარქივებული პოსტი).

ფოტო: ეკრანის ანაბეჭდები ტელეკომპანია „იმედის“ Facebook-ანგარიშიდან

რუკის მიხედვით, წითელი შტრიხკოდებით დაფარული ტერიტორია ის ტყის მასივია, რომლის ოკუპირება 2019 წელს მოხდა. შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მტკიცებით, 2019 წელს, საქართველომ მილიონ კვადრატულ მეტრ მიწაზე დაკარგა კონტროლი.

ტელეკომპანიის მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება თეა წულუკიანის მიერ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარებას ემთხვევა.

წულუკიანის განცხადებით, 23 ივნისს დაგეგმილ გამოკითხვაზე საუბარი ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე გაგრძელდება. „იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩორჩანას მოვლენების დროს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო. სულ ცოტა ხანში ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მან ეს პოზიცია 2020 წლის დეკემბრიდან დაიკავა.

Facebook-ზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, სხვადასხვა პერიოდში „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მმართველობის პერიოდში ტერიტორიები არ დაუკარგავს.

მაგალითად:

  • სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გამართვიდან რამდენიმე თვეში, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ყველა მმართველის პერიოდში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ვერ აარიდა, სახელმწიფოს ჩვენმა წინამორბედებმა ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა“. მან აქვე განაცხადა, რომ იმ მმართველებს, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვა ვერ ააცილეს, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ: „იმ მმართველებს, რომლებმაც ისეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, როგორიც ტერიტორიების დაკარგვაა, არავითარი მორალური სამართლებრივი უფლება არ უნდა დავუტოვოთ, ნორმალურ სახელმწიფოში, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობის. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, თუ ამას დავამატებთ ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოხდა. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც მათ ვერ ააცილეს ჩვენ ქვეყანას“.
  • 2022 წლის 23 მაისს იგივე შინაარსის მტკიცება ირაკლი კობახიძემაც გააჟღერა, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან 2012 წელს დააფუძნა, როცა გაისტუმრა ეს კრიმინალური რეჟიმი, მისი შედეგებია, რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ჩვენი ტერიტორიები მას შემდეგ, ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში თქვენი ხელისუფლების დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.
  • მსგავსი შინაარსის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 8 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროსაც გააჟღერა, როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მან წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა: „Ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა. ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენ გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები“.
  • 2023 წლის 18 დეკემბერს იგივე გაიმეორა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც განაცხადა: „ფაქტები ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი არ დაუთმია და ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში, უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით და ძალიან რთული მემკვიდრეობა მივიღეთ, რომელიც არ არის მარტივი, რომ ჩვენ გამოვასწოროთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია… საქართველოს დეოკუპაციას მოვახდენთ იმ თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს…“
  • 2024 წლის 8 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტერიტორიები არ დაუკარგავს. „12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორე მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჯეოფაქტსი“ არ შევა მსჯელობაში, თუ ამ ორი პოზიციიდან რომელია სიმართლესთან ახლოს. თუმცა ფაქტია, რომ 2025 წლის 16 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2019 წელს მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია მოხდა, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებთან, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში ტერიტორია არ დაკარგულა, წინააღმდეგობაში მოდის.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge