სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), წერს (დაარქივებული ბმული), რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავას ფსიქიკური დაავადებები, მათ შორის, შიზოფრენია ჰქონდათ: „1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე გადიოდა სასამართლო-ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა დროსაც ექსპერტ-ფსიქიატრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამსახურდია ღრმად ფსიქოპათიური პიროვნებაა და დაავადებულია შიზოფრენიით. ფსიქიკურად დაავადებული იყო აგრეთვე მერაბ კოსტავა!“, – წერს ზაქარეიშვილი.
Facebook-ანგარიში საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებულ ფსიქიატრიულ დასკვნას ეყრდნობა. გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა პერიოდში, როგორც წესი, მსგავსი დასკვნები პოლიტიკური ნიშნით იწერებოდა და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების ჩამოშორებასა და გაქრობას ისახავდა მიზნად.
სტალინის გარდაცვალების (1953წ.) შემდეგ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა. მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხვის პრაქტიკა დანერგა. საბჭოთა ხელისუფლების მტკიცებით, დანაშაულს ადამიანი ძალიან ხშირად ფსიქიკის მოშლის გამო სჩადიოდა და ის ადამიანები, რომლებიც კომუნიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ფსიქიკურად დაავადებულნი იყვნენ. უშიშროების საბჭომ მიიღო დავალება, რომ ექიმებთან ერთად შეემუშავებინათ პოლიტიკა, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ პირებს შიზოფრენიის (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც აზროვნების პროცესში, აღქმასა და სოციალურ ურთიერთობებში გამოვლენილი შეფერხებებით ხასიათდება, ხშირი სიმპტომებია: ჰალუცინაცია, კოგნიტიური აშლილობა, პარანოია და სხვ.) დიაგნოზს დაუდგენდნენ. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით, საბჭოთა კავშირში, სადაც პოლიტპატიმრების ერთი მესამედი ფსიქიატრიულ კლინიკებში იმყოფებოდნენ, შიზოფრენიის საკითხი სისტემატურ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებოდა. შედეგად, 1973 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შიზოფრენიის შესახებ პილოტურ კვლევაში მოსკოვში შიზოფრენიის დიაგნოზის გაცილებით მეტი შემთხვევა აღიწერა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეი სნეჟნევსკიმ შიზოფრენიის ახალი ინტერპრეტაცია შემოიტანა, რომლის სიმპტომადაც იდეოლოგიურად სხვაგვარი აზროვნება მიიჩნეოდა. შიზოფრენიის ცრუ დიაგნოზის საფუძველზე სადამსჯელო ფსიქიატრია იყენებდა მეთოდებს, როგორებიცაა: იძულებითი სამედიცინო მეთვალყურეობა; ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისადმი შეგნებული ზიანის მიყენებაში („ჭკუიდან შეშლამდე მიყვანა“); ჯანმრთელი ადამიანების მიმართ სიცოცხლისათვის სახიფათო სამედიცინო პროცედურების გამოყენება, მათ შორის: ინსულინოთერაპია (ორგანიზმში ინსულინის მაღალი დოზების შეყვანა); ელექტროშოკი; სულფაზინის (გოგირდის) ინექციები; გაკოჭვა და სხვ.
მსგავსი სამედიცინო მეთოდი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართველი დისიდენტების წინააღმდეგაც გამოიყენებოდა. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემთხვევაში, რომლებიც 1977 წელს დისიდენტური საქმიანობის გამო დააკავეს, მალევე დღის წესრიგში მათი ფსიქიატრიული გამოკვლევაც დააყენეს. გამსახურდია სერბსკის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გაგზავნეს გამოსაკვლევად, ხოლო კოსტავა- თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. მერაბ კოსტავას საქართველოს სსრ სახ. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ განცხადებაში ვკითხულობთ:
„რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისათვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა. მე ვხედავ საშიშროებას, არც მე ამცდება ზემოთქმულ პირთა ხვედრი. ჩემთან მჯდომი უშ. კომიტეტის პატიმრებიდან ჯერ არავინ გაუგზავნიათ ამგვარ ექსპერიმენტზე. ასეთ გადაწყვეტილებას უშ. კომიტეტისას პროტესტით ვპასუხობ, რადგან ზემოხსენებულ სამედიცინო პროცედურაში ვხედავ აშკარა ნეგატიურ მიკერძოებას დისიდენტების მიმართ“.
საბჭოთა უშიშროების („კგბ”) საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ 1977 წლის 16 სექტემბერს გამსახურდიას, ხოლო 28 სექტემბერს მერაბ კოსტავას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა დაადგინა. სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა გამსახურდიას 1956 წლის ავადმყოფობის ისტორია, რომელშიც ეწერა, რომ გამსახურდია მკურნალობდა ფსიქიატრთან. სწორედ ამ პერიოდში, 1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე ის გადიოდა სასამართლო-ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. დასკვნის მიხედვით, გამსახურდია „ღრმად ფსიქოპათიური პიროვნება“ იყო და რომ „წარსულში გადატანილი ჰქონდა შიზოფრენია“.
სწორედ ამ ჩანაწერს ეყრდნობა Facebook-ანგარიში, თუმცა არ იხსენიებს სერბსკის სახელობის ფსიქიატრიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1977 წლის 30 ნოემბრის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებული არ არის. დასკვნაში წერია, რომ ის არის „ფსიქოპათიური პიროვნება შეპყრობილი „განდიდების მანიით“ და ახასიათებს ემოციური არამდგრადობა“. მას არ უდასტურდება დროებითი ფსიქიკური აშლილობაც კი. ამ გარემოებიდან გამომდინარე დაადგინეს, რომ ის ფსიქიკურად შერაცხადია. „სამედიცინო დასკვნის“ ცვლილება და „შერაცხადად“ აღიარება შესაძლოა, მათი დაკავების მიზნით მოხდა. გამსახურდიაც და კოსტავას 1977 წელს დააკავეს.
1977 წლის 31 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, „ფსიქიკურად შერაცხადი“ იყო მერაბ კოსტავაც. კოსტავას დახასიათებაში ვკითხულობთ: „კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელს არ ეტანება“.
ამდენად, გავრცელებული პოსტი საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებულ ფსიქიატრიულ დასკვნას ეყრდნობა, მსგავსი დასკვნები საბჭოთა კავშირის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ჩამოშორებასა და გაქრობას ისახავდა მიზნად. აღნიშნული ინფორმაცის გარეშე პოსტის გავრცელებას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.