სოციალურ ქსელში ანტიოპოზიციური ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდი „არა ნაცებს – არა დიქტატურას“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ ბესიკ ხარანაულმა უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლ ვანო ნადირაძეს ლექსი მიუძღვნა. რეალურად, გავრცელებული ლექსი პოეტ ბესიკ ხარანაულს არ ეკუთვნის.
22 ივნისს უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა.
პოეტ ბესიკ ხარანაულის ლექსები Facebook-გვერდზე „ბესიკ ხარანაული / Besik Kharanauli“ ქვეყნდება. 22 ივნისის შემდეგ გვერდზე სამი ლექსია გამოქვეყნებული (1, 2, 3), მათგან ვანო ნადირაძის გარდაცვალებას არც ერთი ეხება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ლექსი სხვა ღია წყაროებში არ იძებნება და მისი პირველწყარო სწორედ ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდია.
ამავდროულად, ბესიკ ხარანაულის Facebook-გვერდი პოსტს კომენტარებშიც გამოეხმაურა: „რა უფლებით აქვეყნებთ ამ სიყალბეს და უმსგავსობას ბესიკის სახელით თუ ცილისწამება არ ისჯება? სირცხვილია!“.
ამდენად, გავრცელებული ლექსი პოეტ ბესიკ ხარანაულს არ ეკუთვნის.