გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1234), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებას ასახელებს. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

2025 წლის 22 ივნისს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა. ნადირაძე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

22 ივნისს ნადირაძის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება, რომ ვანო ნადირაძემ მას საკუთარი ადგილმდებარეობა გაუზიარა და დახმარება ითხოვა. თანამებრძოლის თქმით, დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, ვანო ნადირაძეს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს. აღნიშნულმა პიროვნებამ მიმოწერის ანაბეჭდიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ნადირაძე მათ დახმარებას სთხოვდა.

ამგვარად, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ (2025 წლის 25 ივნისის მონაცემით) დადგენილი არ არის. სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ის ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა, არ დასტურდება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge