გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: აიათოლა ალი ხამენეი საქართველოში დაიბადა

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ (1, 2) ინფორმაციას (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საქართველოში, მარნეულში დაიბადა: „საქართველოში ყოფილა დაბადებული ეს კაცი მარნეულში გაზრდილი, 90-მილიონიან ირანს მართავს, სტალინი ნახევარ დედამიწას მართავდა, ნიჭიერ ხალხს შობს საქართველო!“, – ვკითხულობთ ერთ-ერთი პოსტის აღწერაში. ინფორმაცია TikTok პლატფორმაზე სატირულმა გვერდმაც „Khashurimunicipality” გაავრცელა. რეალურად,  ირანის უზენაესი ლიდერის ბიოგრაფიის მიხედვით, ის ირანში დაიბადა. მისი ქართული წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის პირველწყარო სატირული პოსტია. 

ბიოგრაფიულ წყაროებში მითითებულია, რომ ალი ხამენეი, რომელიც 1989 წლიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერია, 1939 წლის 19 აპრილს, ქალაქ მაშჰადში,  ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში დაიბადა. მამამისი წარმოშობით აზერბაიჯანელი (ირანის თურქულენოვანი უმცირესობის წარმომადგენელი) რელიგიური სასულიერო პირი იყო, დედამისი კი ხადიჯე მირდამადი, ასევე სასულიერო ოჯახში, მაშჰადში დაიბადა.

მტკიცება, თითქოს ხამენეი საქართველოში დაიბადა, სავარაუდოდ, სათავეს Facebook-მომხმარებლის Giorgi Chubinidze-ის სატირული პოსტიდან იღებს. პოსტში, რომელსაც დართული აქვს ჩანაწერი, რომ მოცემული ინფორმაცია სატირაა, ვკითხულობთ: „იყო დრო, როცა მარნეულის პატარა ეზოებში ერთი ბიჭი თამაშობდა – ალი ხამენაშვილი. მამამისი, იუსუფ ხამენაშვილი, მარნეულში დაიბადა იმ დროს, როცა საქართველო ჯერ კიდევ მეფის რუსეთის ნაწილი იყო. იუსუფი ჭკვიანი, ამბიციური და ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი კაცი იყო, რომელიც ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა. სწორედ ამიტომ გადაასახლეს მეფის რუსეთის ჟანდარმებმა ოჯახთან ერთად რუსეთის თოვლიან უდაბნოებში“. ფოტოზე ასევე დართულია წარწერა: „SOS, ზუსტად ასე ვრცელდება პროპაგანდა!“.

ამრიგად, ხამენეის წარმოშობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, არც ერთ საჯარო წყაროში მისი დაბადების ადგილად საქართველო მითითებული არ არის.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge