სოციალურ ქსელში პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილმა ანგარიშმა ნონა შარაბიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლს დადგამდნენ (დაარქივებული ბმული).
სინამდვილეში, ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება, ყალბია.
აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ მედიას საშუალებას. ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა არც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ყალბი განცხადება წარსულშიც გამოქვეყნებულა. მაშინ გავრცელდა მტკიცება, რომ ყაველაშვილი პრეზიდენტისთვის განკუთვნილ 10 000-ლარიან ხელფასზე უარს ამბობდა. თუმცა, „ჯეოფაქტსს“ მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თავდაპირველად Tiktok-ზე გავრცელდა და მას ამ დრომდე 32 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ანგარიში ხშირად ავრცელებს პროვოკაციულ, ყალბ ინფორმაციას.
ფოტო: TikTok ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული მასალების ეკრანის ანაბეჭდი
ამდენად, მტკიცება, რომ მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.