გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ფოტოებზე აზერბაიჯანში დაკავებული Sputnik-ის ჟურნალისტები ჩანან

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული მტკიცებები „ჯეოფაქტსს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 123),  ფოტოებს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს: „ბაქოში აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსული სახელმწიფო მედიის – Sputnik Azerbaijan-ის რამდენიმე ჟურნალისტი. არსებული ინფორმაციით, დაკავებისას ჟურნალისტები სასტიკად სცემეს”. რეალურად, გავრცელებულ ფოტოებზე არა Sputnik-ის ჟურნალისტები, არამედ აზერბაიჯანში დაკავებული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები, ჩანან. მათ ბრალი ნარკოტიკების ტრანზიტის ორგანიზებაში, მათ ონლაინ გავრცელებასა და კიბერთაღლითობაში ედებათ.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში  მას შემდეგ გამწვავდა, რაც 27 ივნისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) სვერდლოვსკის ოლქის დედაქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდების დროს 50-ზე მეტი აზერბაიჯანელი დააკავა. სამსახურის ცნობით, დაპატიმრებები 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩადენილი მკვლელობის გამოძიების ნაწილი იყო. ზოგიერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ დაკითხვა ძალის გამოყენებით, მუქარითა და იძულებით, მათ შორის ოჯახის წევრებზე ზეწოლით, მიმდინარეობდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ყველა დაკავებულს სცემეს: იატაკზე დააგდეს, სკამებით სცემეს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელექტროშოკით აწამეს. რეიდების შემდეგ, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორი პირი, ძმები ზიადინ და გუსეინ საფაროვები, პატიმრობაში გარდაიცვალნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ძმები წამებისა და პატიმრობის დროს მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. სახელმწიფო პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება „აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებას და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ“. ხოლო, რუსმა გამომძიებლებმა თავდაპირველად  ერთ-ერთი ძმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს და განაცხადეს, რომ მეორის გარდაცვალების მიზეზს ადგენდნენ.

აზერბაიჯანმა, თავის მხრივ, 30 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში ბაქოში სულ მცირე რვა რუსეთის მოქალაქე დააკავა, ჯაშუშობიდან დაწყებული ნარკოტიკებით ვაჭრობითა და კომპიუტერული ჰაკერობით დამთავრებული ბრალდებებით. ერთ-ერთი რეიდი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ადგილობრივი ფილიალის, „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში ჩატარდა. დააკავეს „სპუტნიკის“ რედაქციის მმართველი იგორ კარტავიხი და უფროსი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.  სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ოპერაცია ეფუძნებოდა „სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც მიუთითებდა, რომ სააგენტო აკრედიტაციის გაუქმების მიუხედავად უკანონო დაფინანსებით აგრძელებდა ფუნქციონირებას“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის  თებერვალში აზერბაიჯანმა „სპუტნიკ აზერბაიჯანს“ აკრედიტაცია გაუუქმა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „მედიის სფეროში ორმხრივი პარიტეტის პრინციპი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაქოში მომუშავე რუსი ჟურნალისტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს რუსეთში დაფუძნებული აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ის თანამშრომლების რაოდენობას.

Sputnik-ის ჟურნალისტების დაკავების ოპერაციის ადრეულ ეტაპებზე,  აზერბაიჯანული მედია აცხადებდა, რომ დაკავებული თანამშრომლები დაკავშირებული იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB). ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში, რაჰმან მუსტაფაევი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.

ამჟამად, ხელმისაწვდომია, ჟურნალისტების დაკავების დროს გადაღებულ ფოტო/ვიდეო მასალა, რომლებშიც არ  ჩანს, რომ მათ გარეგანი დაზიანება და ცემის კვალი აღენიშნებათ. დაკავების შემდეგ ჟურნალისტების  სხვა კადრები ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება.

ფოტო: Apa.az

ხატაის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, Sputnik-ის ბაქოს ფილიალის აღმასრულებელ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტებს 3 ივლისს აზერბაიჯანში რუსეთის კონსულიც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რუსული მედიის მიერ არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტები ნაცემები არიან.

რაც შეეხება, სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ფოტოებს. ისინი აზერბაიჯანში, ბაქოს საბაილის რაიონული სასამართლოშია გადაღებული და მათზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ჩანან, რომლებიც  ირანიდან ნარკოტიკების ტრანზიტის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და კიბერთაღლითობის  ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტებმა ცხრა დაკავებულის ვინაობა დაადგინეს, რომელთა უმეტესობა IT სფეროში მუშაობდა. დაკავებულთა შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ დაკავებულებს დალურჯებები და კანის დაზიანებები აღენიშნებათ (იხილეთ ფოტო).

წყარო: haqqin.az

ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე Sputnik-ის ჟურნალისტები არ ჩანან. ამჟამად ხელმისაწვდომ მასალაში არ დასტურდება, რომ აზერბაიჯანში Sputnik-ის ბაქოს ფილიალის აღმასრულებელ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს დაკავებისას „სასტიკად სცემეს“.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge