გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Davit Tordia, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ავრცელებს პოსტს: „იცოდით თუ არა რომ, Second Hand, იგივე მეორადი ტანსაცმელები წითელი ჯვრის შემოწირულობიდან შემოდის და იმის ნაცვლად რომ გაჭირვებულ ხალხს დაურიგონ, იყიდება. ანუ, წესით შემოწირულობაა, არადა ბიზნესად აქციეს. თქვენი აზრით, წითელი ჯვარი ხალხს ეხმარება, თუ თაღლითობს და ფულს შოულობს? იგივე ხალხისგან და სპონსორებისგან“. სინამდვილეში, „წითელი ჯვრის“ აქტივობების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ (წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება) მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული დახმარების ქსელია, რომელიც საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად 191-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების მიხედვით, გერმანიაში (და არამხოლოდ) მოქმედი „წითელი ჯვარი“ დონაციის შედეგად მიღებულ ტანისამოსს შეჭირვებულებისთვის დარიგების სანაცვლოდ ყიდის და შედეგად, საქველმოქმედო საქმიანობა საკუთარ ბიზნესად აქცია. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელიც გერმანელმა ბლოგერმა გადაიღო. მან ქველმოქმედებისთვის გადაცემულ ფეხსაცმელში სათვალთვალო მოწყობილობა ჩაამაგრა, რომლის საშუალებითაც გაირკვა, რომ ფეხსაცმელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში აღმოჩნდა გასაყიდ სტენდზე 10 ევროს ფასად. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება. კერძოდ, „წითელი ჯვარი“ დონაციის საშუალებით მიღებული ტანისამოსისა თუ ფეხსაცმელების ნაწილს მართლაც ყიდის, თუმცა არა კომერციული მოგების, არამედ კვლავ საქველმოქმედო მიზნებისთვის.

აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეც დასტურდება. კერძოდ, გერმანიის წითელი ჯვრის ვებგვერდზე მეორეული ტანისამოსის შეგროვების ორი მიზანია გამოკვეთილი: პირველი – კარგად შენახული და ჩასაცმელად ვარგისი ტანისამოსის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის დარიგება; მეორე – მეორეული ტანისამოსის სოციალური პროექტების რეფინანსირებისთვის გამოყენება. კერძოდ, ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ არც ისე კარგად შენახული ან გამოუსადეგარი ტექსტილი კარგი წყაროა ისეთი პროექტებისა და სერვისების ფინანსური მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა: სოციალური დახმარების პროგრამები, ხანდაზმულთა მოვლა, ბუნებრივი კატასტროფების არეალში მოხალისეების მობილიზაცია და კოორდინაცია და სხვა. ამასთანავე, აღნიშნული შემოსავალი ხმარდება ტანსაცმლის საწყობებში სოციალური შეხვედრებისა და ლოკალური საზოგადოებების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

გერმანიის „წითელი ჯვრის“ ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია ისიც, რომ მეორეული ტანისამოსის შეგროვება აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც სოციალურ და ეკოლოგიურ მიზნებს ემსახურება. თუმცა, ამ საკითხის გარშემო არსებული კითხვების, ეჭვებისა და კრიტიკის გამო, 2012 წელს ორგანიზაციამ გამჭვირვალობის ინიციატივა წამოიწყო შეგროვებული ტანისამოსის გამოყენების მიზნების შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის. მათი ცნობით, გერმანული წითელი ჯვარი ყოველწლიურად დაახლოებით 70,000-80,000 ტონა მეორეულ ტანისამოსს აგროვებს. ამ რაოდენობის მხოლოდ 10%-ია კვლავ გამოყენებადი ჩასაცმელად. ანუ, ორგანიზაცია 4,000-5,000 ტონა ტანისამოსს გასცემს უშუალოდ საჭიროების მქონე ადამიანებზე. დანარჩენი კი გასაყიდ მასალად ხარისხდება.

ბავარიული წითელი ჯვრის ოფიციალურ ვებგვერდზეც აღნიშნულია, რომ დონაციით მიღებული ყველა ტექსტილი უშუალოდ საჭიროების მქონეთათვის გადასაცემად ვერ ივარგებს. მათი თქმით, წითელი ჯვრის გუნდი თავდაპირველად ახარისხებს მიღებული ტანისამოსის დიდ რაოდენობას და არჩევს იმ ნაწილს, რომელიც პირდაპირ შეჭირვებულთათვის გადასაცემად გაიგზავნება შესაბამის საწყობებში. მიღებული ტექსტილის დანარჩენი, უმრავლესი ნაწილი იყიდება, რათა მათი შეგროვების, გადახარისხებისა და რეზერვაციის ხარჯები (ენერგია, ქირა და ა.შ.) დაიფაროს.

დამატებით, ინფორმაციის გადასამოწმებლად „ჯეოფაქტსი“ დაუკავშირდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციას (IFCR). მათ დაადასტურეს, რომ დონაციით მიღებული იმ ტანისამოსის გაყიდვა, რომელთა გამოყენებაც ლოკალურ საქველმოქმედო ცენტრებსა თუ საწყობებში შეჭირვებულთათვის დასარიგებლად შეუძლებელია, გავრცელებული პრაქტიკაა. მათი თქმით, „ამ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი შემდეგ მრავალფეროვან საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება – ამ შემთხვევაში, ბავარიული წითელი ჯვრის განყოფილების საქმიანობას. ეს პრაქტიკა არამხოლოდ ჩვენს საქველმოქმედო საქმიანობას უჭერს მხარს, არამედ ტანისამოსის შემდგომი გამოყენების მიზნებს ემსახურება“.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად Pravda-ს ქსელის გერმანულ ვებგვერდზე გავრცელდა. ცნობისთვის, Pravda-ს ქსელი დეზინფორმაციის ქსელს წარმოადგენს, რომლის სახელის ქვეშაც ვებგვერდები ევროკავშირის უკვე 27 ქვეყანაში ოპერირებს. სტატიები Pravda EN და მის მონათესავე ვებგვერდებზე ხშირად პრო-რუსული ტელეგრამ არხებიდან იღებს ინფორმაციას და ერთი და იმავე სტრუქტურით ავრცელებს სხვადასხვა ენაზე. აღსანიშნავია, რომ კოორდინირებული პრო-რუსული პროპაგანდის ქსელი საფრანგეთმა სხვადასხვა ვებგვერდის IP მისამართების მოკვლევით აღმოაჩინა (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

აღსანიშნავია ისიც, რომ TikTok-მომხმარებელმა, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ვიდეო იმის დასადასტურებლად, რომ გერმანიაში ქველმოქმედებისთვის გადაცემული ფეხსაცმელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში აღმოჩნდა გასაყიდ სტენდზე, მოგვიანებით, კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში ბლოგერი ავრცელებს მიმართვას, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია „წითელი ჯვრის“ მიერ დონაციით მიღებული ტანისამოსის გადახარისხების პროცესის შესახებ და მაყურებელს დონაციისკენ მოუწოდებს.

ამრიგად, მტკიცება, რომ „წითელი ჯვარი“ დონაციის გზით შესული ტანისამოსის ნაწილს ყიდის, სიმართლეა. თუმცა, ორგანიზაციის მიზანი არა კომერციული/ბიზნეს მოგება, არამედ სხვა საქველმოქმედო საქმიანობების ფინანსური ხელშეწყობაა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge