გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: აზერბაიჯანმა რუსული სკოლების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

სოციალურ ქსელში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე ვრცელდება ინფორმაცია (ბმული 1, 2), რომ აზერბაიჯანმა ქვეყანაში რუსული სკოლების დახურვა დაიწყო (დაარქივებული ბმული).

ეს ინფორმაცია მართლაც აქტიურად გავრცელდა სხვადასხვა მედიაში, მათ შორის აზერბაიჯანულში, თუმცა ის აზერბაიჯანის ოფიციალურ უწყებებს არ გაუვრცელებიათ და ინფორმაციის პირველწყარო, სავარაუდოდ, რუსულენოვანი სატირული ტელეგრამ არხია.

აუქმებს, თუ – არა აზერბაიჯანი სკოლებში რუსულენოვან სწავლებებს?

ეს ინფორმაცია სხვადასხვა მედიაში აქტიურად გავრცელდა. კერძოდ, 1 ივლისს აზერბაიჯანულმა გამოცემამ oxu.az, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ინფორმაცია რუსულენოვანი სკოლების დახურვის შესახებ მშობლებს სკოლებთან ასოცირებულ WhatsApp ჯგუფებში გაუზიარეს. გამოცემის ცნობითვე, რუსულენოვანი სკოლების თანდათანობითი დახურვის ეს გადაწყვეტილება მიმართულია აზერბაიჯანულის, როგორც განათლების ძირითადი ენის პოზიციების გამყარებისა და ყველა მოქალაქის ერთ საგანმანათლებლო გარემოში ინტეგრაციისკენ. ბევრი ტელეგრამ არხი, ისევე როგორც სხვადასხვა ონლაინ საინფორმაციო წყარო სწორედ ამ გამოცემას ეყრდნობოდა.

თუმცა ამ აზერბაიჯანულ წყაროებამდე ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსულენოვანმა ტელეგრამ არხმა „Империя очень зла“, რომელმაც 30 ივლისს დაწერა, რომ აზერბაიჯანი რუსულენოვანი სკოლების თანდათანობით დახურვას აანონსებდა და რომ ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ იყო ოფიციალურად დადასტურებული. ნიშანდობლივია, რომ ამ ტელეგრამ არხის აღწერაში მკითხველებისადმი მოსალოდნელი სატირული პოსტების ან ყალბი ინფორმაციის შესახებ გაფრთხილებას ვხვდებით „ფრთხილად, არსებობს ყალბი და მკაცრი სატირის შესაძლებლობა. დაწერილი ფიქციაა, ყველა დამთხვევა შემთხვევითია”.

დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა გამოცემამ სახელწოდებით „meduza“ აღნიშნა, რომ  ინფორმაციის პირველწყარო სწორედ ეს სატირული ტელეგრამ არხია.

აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი გამოცემის RBC-ს მიხედვით, მათ ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა რუსულენოვანი სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ერთ-ერთი სკოლის წყარომ დაუდასტურა. თავად აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას მხოლოდ ოფიციალური წყაროების მითითება უნდა მოხდეს. ხოლო თავად სამინისტროს რუსულენოვანი სკოლების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მეტიც, მარია ზახაროვამ აზერბაიჯანში რუსული სკოლების დახურვის შესახებ ინფორმაციას ყალბი უწოდა და ამ საკითხზე კომენტირებისას დაამატა, რომ მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ეს ინფორმაცია დროულად უარყვეს. თუმცა აღნიშნა, რომ რუსული მხარე ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან აზერბაიჯანულ მხარესთან.

ამდენად, აზერბაიჯანში რუსული სკოლების დახურვის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად არ გაუჟღერებია. მეტიც, 10 ივლისს აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ემირ ამურლაევმა, განაცხადა, რომ რუსული სკოლების დახურვა მათ დღის წესრიგში არ დგას.

ცნობისთვის, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დინამიკაში დაძაბულობა იმატებს.  აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გართულება 27 ივნისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში წლების წინანდელი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში რეიდების ჩატარებით დაიწყო. ამ დროს აზერბაიჯანული წარმოშობის პირები დააკავეს. მათგან ორი მოგვიანებით გარდაიცვალა. საპასუხოდ ბაქომ რუსეთთან დაკავშირებული ყველა კულტურული ღონისძიება გააუქმა, 30 ივნისს კი რუსული პროპაგანდისტული Sputnik-ის ორი რუსი ჟურნალისტი რუსეთის FSB-სთვის მუშაობის ბრალდებით დააკავა. ამას ბაქოს მხრიდან მომდევნო დღეებში მეტი რუსი მოქალაქის დაკავება მოჰყვა, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით. ეს ეპიზოდი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ ერთ დაძაბულობად ფასდება 2024 წლის დეკემბრის შემდეგ. 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც გროზნოსკენ მიემართებოდა, ყაზახეთის ქალაქ აკტაუში ჩამოვარდა, რასაც 38 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს განზრახ გაკეთდა, მაგრამ ეს გაკეთდა”, – თქვა მან. ამასთანავე, ალიევმა რუსეთი საკითხის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირების მიერ წარმოდგენილი ვერსიებით „განაწყენებული და გაკვირვებული იყო“.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge