გიორგი მურვანიძე: [ბათუმში] ივანე მესხისა და მუსხელიშვილის ქუჩებზე წლის ბოლომდე იგეგმება [საბავშვო ბაღების] სამშენებლო პროცესის დასრულება, მუნიციპალური განვითარების ფონდი რეაბილიტაციას აწარმოებს ექვს საბავშვო ბაღზე და სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს.
ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, გიორგი მურვანიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: ქალაქ ბათუმში ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ და ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა, რადგან პირველ ჯერზე არ შედგა, მეორედ კი უარყოფითი შედეგით დასრულდა. საბოლოოდ, 10 763 601 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე შესრულებულია 3 782 891 ლარის სამუშაოები. დარჩენილი თანხის ანუ 6 980 627 ლარის ათვისება კომპანიამ ოთხ თვეში უნდა შეძლოს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი ექვს ბაღს 2023 წლიდან აშენებს. სამი ბაღის მშენებლობის ხელშეკრულება მხოლოდ 2025 წლის მარტში შეწყვიტა, რადგან კონტრაქტორი ვალდებულებებს არ ასრულებდა. ამ ობიექტების მშენებლობაზე ახალი ტენდერი რამდენიმე დღეში გამოაცხადა და ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულდეს. კიდევ სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვადა 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ეს ნიშნავს, ამ ექვსი ბაღიდან, არც ერთი არ იქნება ხელმისაწვდომი 2025 წლის სააღმზრდელო პროცესის დაწყების დროს. რაც შეეხება ენერგოეფექტური საბავშვო ბაღების პროგრამას, ის სამ ობიექტზე მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, გიორგი მურვანიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე, რადგან მან მნიშვნელოვანი ფაქტები გამოტოვა და საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს ამ პროექტებთან მიმართებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ანალიზი:
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ განაცხადა: „[ბათუმში] ივანე მესხისა და მუსხელიშვილის ქუჩებზე წლის ბოლომდე იგეგმება [საბავშვო ბაღების] სამშენებლო პროცესის დასრულება, მუნიციპალური განვითარების ფონდი რეაბილიტაციას აწარმოებს ექვს საბავშვო ბაღზე და სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს“.
ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბათუმში ივანე მესხის პირველი ჩიხის N7-ის მიმდებარედ და ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობის შესყიდვის მიზნით, პირველად 10 763 601 ლარის ღირებულების ტენდერი 2024 წლის 17 ივნისს გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერი არ შედგა და იმავე წლის 23 აგვისტოს მეორედ გამოცხადდა. ამჯერად მასში ჩაერთო მხოლოდ შპს „არალი“, რომელსაც კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა და ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
2024 წლის 1 ოქტომბერს მესამედ გამოცხადებული ტენდერით კვლავ მხოლოდ შპს „არალი“ დაინტერესდა. მხარეებმა 10 763 521 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 13 ნოემბერს გააფორმეს. კომპანიამ სამუშაოები 2025 წლის 16 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვე გავიდა, მშენებლობის დასრულებამდე კი ოთხი თვე დარჩა. არსებული მდგომარეობით, მიმწოდებლისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 35%, რაც 3 782 891 ლარს შეადგენს. თუმცა ამ თანხის დიდი წილი – 3 მლნ ლარი – შემსყიდველმა კომპანიას ავანსის სახით გადაურიცხა.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტებიდან, ასევე ნაკრები უწყისებიდან ირკვევა, რომ განხორციელდა ორივე ობიექტზე ძველი შენობების დემონტაჟი და სამშენებლო სამუშაოების ნაწილი (გრუნტი, საძირკველი, კარკასი, კედლები). თუ უკვე ანაზღაურებული თანხით ვიმსჯელებთ, განსახორციელებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 980 627 ლარს შეადგენს. დაასრულებს, თუ – არა კომპანია ამ მოცულობის სამუშაოებს წლის ბოლომდე, ძნელი სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ პროექტის გარკვეული ნაწილი განხორციელებულია.
გიორგი მურვანიძე თავის განცხადებაში ასევე შეეხო ექვსი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. შარშან სექტემბერში Geofacts-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვწერდით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2023 წლის 24 ნოემბერს გამოცხადებულ 12 190 000 ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც ბათუმში სამი საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო. საუბარია N18, N23 და N29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულება იმავე წლის 22 დეკემბერს გაფორმდა. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული იყო ოცი კალენდარული თვე. გიორგი მურვანიძის განცხადების გადამოწმების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ შემსყიდველმა ეს ხელშეკრულება მიმდინარე წლის 14 მარტს გაწყვიტა, რადგან შპს „ლაგი კაპიტალი“ ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა. საინტერესოა, რომ იმ დროს მგფ-ს კომპანიისთვის გადახდილი ჰქონდა 1.5 მლნ ლარზე მეტი. რამდენიმე დღეში გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომლის ღირებულებაც კვლავ 12 190 000 ლარია. ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობა „აქსონი პლუსთან“ 29 აპრილს. სამუშაოების განხორციელების პერიოდად კვლავ ოცი თვე განისაზღვრა. გიორგი მურვანიძემ თავის განცხადებაში არ ახსენა, რომ ამ სამი საბავშვო ბაღის მშენებლობის ხელშეკრულება, გაფორმებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, შეწყდა და დროის ახალი ათვლა დაიწყო. ეს კი საბავშვო ბაღების მომლოდინე მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში კიდევ სამი – N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ახორციელებს. 13 710 410 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 26 დეკემბერს ამხანაგობა “CIC & KK”-სთან. შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრულ ვადად განისაზღვრა თვრამეტი თვე, ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა მიმდინარე წლის 19 მარტს მხარეებმა პროექტის დასრულების ვადა 20 ნოემბრის ჩათვლით გაახანგრძლივეს. შეთანხმებაში მიზეზად დასახელებულია, რომ საბავშვო ბაღები ინვენტარისგან დროულად ვერ დაცალეს, რადგან სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. ასევე, ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება აჭარის რეგიონში მასშტაბური სტიქიაც. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით (15 ივლისი), ათვისებულია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 41% ანუ 5 612 305 ლარი. აქედან 4 113 123 ლარი არის კომპანიისთვის ავანსის სახით გადარიცხული თანხა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ამ პროექტის ვადაგადაცილების ფაქტიც არ ახსენა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ირკვევა, 2025 წლის სააღმზრდელო პროცესის დასაწყისისთვის, არც აღნიშნული ბაღები არ იქნება ხელმისაწვდომი.
განცხადების მესამე ნაწილი საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურობის პროექტს შეეხებოდა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო დაფინანსებას უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მეშვეობით. ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ენერგოეფექტური ბაღების პროექტის ფარგლებში, ბათუმში მე-6, მე-10 და მე-16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამდენად, ჩვენ მიერ მოძიებულ და განხილულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გიორგი მურვანიძის განცხადებაში დასახელებული მხოლოდ ამ ეტაპისთვის არსებული სიტუაცია, თუმცა ის წარმოჩენილია მხოლოდ პოზიტიური კუთხით, მნიშვნელოვანი დეტალების გამოტოვების გზით. ამიტომ „ჯეოფაქტსი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.