გადამოწმებული ფაქტები მეტწილად სიმართლე

ირაკლი კობახიძე: შარშან ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი … მევენახეების შემოსავალმა485 მლნ ლარი შეადგინა

ირაკლი კობახიძე: შარშან ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი … მევენახეების შემოსავალმა485 მლნ ლარი შეადგინა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს მართლაც 320 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა კი 390 მლნ ლარი შეადგინა და არა 485 ლარი, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს. რაც შეეხება 2012 წელს, 52 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა და შემოსავალი 70 მლნ ლარი იყო. ეს მონაცემებიც ზუსტია.

განცხადების მეორე ნაწილი ღვინის ექსპორტის სტატისტიკას ეხება. 2024 წელს ექსპორტზე   95 მლნ ლიტრამდე 276.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა ზრდამ 6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა. 2024 წელს რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 66%-ს მიაღწია, რაც ბოლო 12 წლის რეკორდია. რეკორდი მოხსნა და 70%-ს გადააჭარბა რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში ტონაჟითაც. ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემები ღვინის და სპირტიანი სასმელების მიმართულებით, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითად საექსპორტო ქვეყნად ისევ რუსეთი რჩება და ერთ ქვეყანაზე დიდი დოზით დამოკიდებულება როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურადაც გაუმართლებელია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს ძირითად სწორად ასახელებს (ერთი მონაცემის გარდა). თუმცა აქ უნდა აღინიშნოს კონტექსტი, რომ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის ზრდა, დარგის წარმატებული განვითარების საილუსტრაციოდ მოჰყავს. გაზრდილი მოსავლიანობა და მისგან მიღებული შემოსავალი მევენახეობის დამოუკიდებლად განვითარების წინაპირობა უნდა იყოს. სინამდვილეში კი საქმე პირიქითაა, სახელმწიფო მევენახეობის სუბსიდირებიდან წლებია არ გადის, პირდაპირ (ყურძნის ფასის სუბსიდირება) ან ირიბად (ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა) რთვლის სუბსიდირებას მუდმივად ახდენს. ყურძნის სუბსიდირება დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს ანუ იმაზე მეტ ყურძენს ვაწარმოებთ, ვიდრე რეალურად გვჭირდება. ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით ათეულობით მილიონი იხარჯება. აქედან გამომდინარე, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის ზრდა იმ შემთხვევაშია კარგი თუ ის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის შესაბამისია და  გაზრდილი წარმოების გადასამუშავებლად ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს.

ამ ფაქტორის და ერთი მონაცემის არაზუსტად დასახელების გამო, „ჯეოფაქტსი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე

ანალიზი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა და განაცხადა; „შარშან რთველი ჩატარდა წარმატებულად, ჩაბარდა 325,000 ტონა ყურძენი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25,000 ტონით გაიზარდა. 2012 წელს სულ ჩაბარდა 52,000 ტონა ყურძენი, შარშან კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა 325 000-მდე, ანუ მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში გვაქვს უპრეცედენტო ზრდა გასული 12 წლის განმავლობაში.

ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მლნ დოლარი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, მაშინდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი. აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მლნ დოლარი, შარშან ეს იყო 276 მლნ დოლარი, აქაც ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან მასშტაბური ზრდა.

მთლიანობაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 2024 წელს ქვეყანამ მიიღო 565 მლნ დოლარი, რაც არის 23%-იანი მატება გასულ წელთან შედარებით.

მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 485 მლნ ლარი. აქაც გვაქვს უპრეცედენტო მატება 2023 წელთან შედარებითაც კი, როცა ეს მაჩვენებელი იყო 350 მლნ ლარი. რაც შეეხება 2012 წლის მაჩვენებელს, მაშინ მევენახეების შემოსავალი იყო 70 მლნ ლარი. 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 485 მლნ ლარამდე 2024 წელს“.

ჩვენ გასული წლის რთვლის სტატისტიკურ მონაცემებს გავეცანით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის – 320 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს – 221 000 ტონას, 100 000-ით – 31%-ით აღემატება.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებს, შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი 1: გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (ათასი ტონა) და მიღებული შემოსავალი (მლნ ლარი)

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორც ვხედავთ, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის  მკვეთრი ზრდა 2018 წლიდან იწყება, შემდგომ წლებში მცირედი ზრდა ფიქსირდება, 2020 წელს ოდნავ შემცირდა. რაოდენობრივი ზრდა დაფიქსირდა 2021 წელსაც, თუმცა ყურძნის გადამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმა ბოლო წლების მინიმუმი შეადგინა. დაბალმოსავლიანი იყო 2023 წელიც, 2024 წელს მართლაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა მიღებული შემოსავალი 390 მლნ ლარი იყო და არა 485 მლნ ლარი, როგორც ირაკლი კობახიძე ასახელებს.

რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, 2012 წელს ყურძნის მოსავალმა 144 000 ტონა შეადგინა, საიდანაც 52 0000 ტონა ყურძენი გადამუშავდა და მიღებულმა შემოსავალმა 70 მლნ ლარი იყო.

განცხადების მეორე ნაწილში ირაკლი კობახიძე ღვინის ექსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს ასახელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ ლიტრამდე 276.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა ზრდამ 6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა.

რაც შეეხება 2012 წელს, სულ ექსპორტირებული იყო 23 მლნ ბოთლი ღვინო, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 71 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (დაწვრილებით იხ.სტატია).

როგორც აღვნიშნეთ, 2024 წელს ექსპორტზე 276 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, მათ შორის 183 მლნ დოლარის რუსეთში. ემბარგოს მოხსნის შემდეგ, 2013 წლიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რუსეთში ღვინის ექსპორტი მუდმივად იზრდებოდა როგორც თანხობრივად, ასევე წილობრივად. 2024 წელს რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 66%-ს მიაღწია, რაც ბოლო 12 წლის რეკორდია. რეკორდი მოხსნა და 70%-ს გადააჭარბა რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში ტონაჟითაც.

ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება რისკის შემცველია. რუსეთის შემთხვევაში ამას პოლიტიკურ ფაქტორებიც ემატება. გარდა ამისა, რუსეთშიც უკრაინაშიც და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც საექსპორტო ღვინის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში. 2024 წელს რუსეთში 1 ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 2.74 დოლარს შეადგენდა, უკრაინაში – 2.77-ს, ბელარუსში – 2.85-ს. ევროკავშირის ქვეყნებში საშუალოდ – 3.14-ს, ჩინეთში – 3.50-ს, ბრიტანეთში – 4.32-ს და შეერთებულ შტატებში – 5.95 დოლარს.

განცხადებაში სპირტიანი სასმელების ექსპორტზეც არის საუბარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოსვე ინფორმაციით, 2024 წელს, მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტზე 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელი გავიდა.ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 289 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა წინა წელთან 47%). მთლიანობაში, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი. განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეა.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს ზუსტად ასახელებს, გამონაკლისია გასულ წელს მევენახეების მიერ მიღებული შემოსავალი, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით (390 მლნ), 95  მლნ ლარით ნაკლებია, ვიდრე მის მიერ დასახელებული 485 მლნ ლარი.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ მთავრობა პირდაპირ (ყურძნის ფასის სუბსიდირება) ან ირიბად (ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა) რთვლის სუბსიდირებას მუდმივად ახდენს. ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს ანუ იმაზე მეტ ყურძენს ვაწარმოებთ, ვიდრე რეალურად გვჭირდება. ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით ათეულობით მილიონი იხარჯება. აქედან გამომდინარე, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის ზრდა იმ შემთხვევაშია კარგი, თუ ის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის შესაბამისია და  გაზრდილი წარმოების გადასამუშავებლად ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს.

შესაბამისად, „ჯეოფაქტსი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge