გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, აქვეყნებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ე.წ. „ლაბუბუს“ სათამაშოს შესახებ კონსპირაციული თეორიაა გამოთქმული. ვიდეოს მიხედვით, სათამაშო სათავეს ბაბილონურ და ასურულ (ზოგადად მესოპოტამიურ) რელიგიაში არსებული დემონი პაზუზუდან იღებს. სინამდვილეში, კავშირი ლაბუბუს სათამაშოსა და დემონს შორის არ დასტურდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ვირუსულად გავრცელებული სათამაშო „მონსტრი ლაბუბუ“ წარმოდგენილია, როგორც დემონური სათამაშო, რომელიც თითქოს მესოპოტამიური რელიგიისთვის ცნობილი დემონის პაზუზუს გარეგნული მახასიათებლების მიხედვითაა შექმნილი. იგივე ვიდეო ამტკიცებს, რომ თითქოს ანიმაციურ სერიალ „სიმპსონებში“ დემონური სათამაშოს მიერ ადამიანები ჰიპნოზი იწინასწარმეტყველეს.

ლაბუბუ 2015 წელს შექმნილი პერსონაჟია, რომელიც თავდაპირველად ჰონგ-კონგელი ილუსტრატორის კასინგ ლუნგის ანიმაციურ წიგნში „მონსტრები“ გამოჩნდა. ლუნგი 7 წლის ასაკში ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოხიბლა ჩრდილოურმა ზღაპრებმა, განსაკუთრებით ელფების შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში ლუნგი აცხადებს, რომ იგი ნიდერლანდებში გადასვლის შემდეგ სწორედ ზღაპრების საშუალებით სწავლობდა ნიდერლანდურ ენას. მსგავსი ჩრდილოურ-სკანდინავიური ფოლკლორით შთაგონებულმა კი 2015 წელს გამოუშვა წიგნი „მონსტრები“, რომელიც მდედრი ელფების – ლაბუბუს – ტომზე ჰყვება ისტორიას. ლაბუბუები კეთილი და დახმარებისთვის მუდმივად მზადმყოფი არსებები არიან. წიგნში დაახლოებით 100 სხვადასხვა ლაბუბუს ვხვდებით.

ფანები ლაბუბუს აღწერენ როგორც ყველაზე დასამახსოვრებელ მონსტრს წვეტიანი ყურებითა და ღიმილით, რომლის მიღმაც მონსტრის კბილებს ვხედავთ. მათი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მონსტრია, ლაბუბუ კეთილი გულითა და პოზიტიური განწყობებით გამოირჩევა.

წყარო: Kasing Lung

წიგნის გამოქვეყნებიდან მალევე ლუნგმა ლაბუბუს სათამაშოების კოლექცია გამოუშვა, თუმცა ამ კოლექციას გლობალური ყურადღება 2019 წლამდე არ მიუპყრია, როდესაც ლუნგი ჩინურ სათამაშოების კომპანია POP MART-თან გაერთიანდა. POP MART-ის მიხედვით, ლაბუბუს სათამაშოების კოლექციამ გაყიდვებიდან შემოსული ყველა მოგების რეკორდი მოხსნა. ლაბუბუმ გლობალურ ცნობადობას განსაკუთრებით მას შემდეგ მიაღწია, რაც მონსტრები ცნობილი სახეების (დუა ლიპა, რიანა და სხვა) აქსესუარებადაც გამოჩნდნენ. ლაბუბუს სათამაშოები სხვადასხვა ფერში იყიდება იმგვარი შეფუთვით, რომ მყიდველმა წინასწარ არ იცის, რომელი ფერის მონსტრი შეხვდება.

პაზუზუ, თავის მხრივ, მესოპოტამიური რელიგიური ქმნილებაა. კერძოდ, პაზუზუ ასურულ-ბაბილონური დემონური ღვთაებაა, რომელიც ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ჩნდება, როგორც ჰანბას – ქვესკნელის დემონის ვაჟი და „გილგამეშიანის“ ეპოსში კედრის ტყის მფარველი დემონი ღმერთის ჰუმბაბას ძმა. პაზუზუც ქვესკნელის დემონად ითვლება, რომელიც სამხრეთ-დასავლეთის ქარებს აკონტროლებდა. ეს ქარები კი მშრალ სეზონზე – შიმშილს, ხოლო ნალექიან სეზონზე ქარიშხლებს იწვევდა. პაზუზუ დღემდე ყველაზე ცნობილ მესოპოტამიურ დემონად რჩება, რომელმაც თავი ჰოლივუდშიც კი დაიმკვიდრა და ფილმში „ეგზორცისტი“ დემონს სწორედ პაზუზუ წარმოადგენს. მესოპოტამიურ დემონს ვხვდებით ასევე ანიმაციურ სერიალშიც „სიმპსონები“, რომლის 2017 წლის ეპიზოდებში პაზუზუს დემონმა ჰომერ სიმპსონის უმცროსი შვილი მეგი შეიპყრო.

წყარო: Metropolitan Museum of Art

წყარო: allthatsinteresting

 

წყარო: deviantart

ლაბუბუს სათამაშო მონსტრებსა და პაზუზუს დემონს შორის ვიზუალური მსგავსების მიღმა კავშირი სანდო წყაროებზე დაფუძნებით არ დგინდება. თავად სათამაშოების ავტორის მტკიცებით, ლაბუბუს მონსტრების შთაგონება 7 წლის ასაკში წაკითხული სკანდინავიური და ჩრდილოური ფოლკლორიდან და იქ აღმოჩენილი ელფების პერსონაჟებიდან მიიღო. პაზუზუ კი მესოპოტამიური დემონია, რომლის შესახებ კასინგ ლუნგი არ საუბრობს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge