სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც მუსლიმთა მსვლელობის პროცესია ნაჩვენები. ვიდეოს ავტორი მიუთითებს: „აქ რა ხდება, იქნებ გაგვაგებინოთ, პაკისტანი არ გეგონოთ, საქართველოა“. სინამდვილეში, ვიდეოში მარნეულში 5 ივლისს გამართული აშურას მსვლელობაა ასახული და მას სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კავშირი არ აქვს.
სოციალურ ქსელებში კონსერვატიული პარტიისა და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მომხრეები აქტიურად ავრცელებენ ანტი-მიგრაციული პოლიტიკის კამპანიას. პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ მოამზადა პეტიციაც, რომელიც უცხო ქვეყნიდან მიგრანტების „მასობრივ შემოსვლასა და მათთვის ბინადრობის უფლების მინიჭების შეზღუდვას მოითხოვს“. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მხარდამჭერი პოსტები აქტიურად ვრცელდებოდა (1, 2, 3, 4, 5). დამატებით, კამპანიის ფარგლებში 2025 წლის 29 ივნისს დაანონსდა საპროტესტო მსვლელობა „ჩაკეტე საქართველო“ ე.წ. უკონტროლო მიგრაციისა და საქართველოს მიწების უცხოელებზე გასხვისების წინააღმდეგ. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა მოწოდებები საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობის შესახებაც (1, 2, 3, 4, 5).
აღსანიშნავია, რომ ანტი-მიგრაციული პოლიტიკა პოლიტიკური პარტიისთვის „კონსერვატორებო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მთავარი საკითხია და მათი გადაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აღნიშნულ კამპანიაზე საუბარსა და საკუთარი პოლიტიკური ხედვების დასახვას ეთმობა (მაგალითად გადაცემა 1, გადაცემა 2, გადაცემა 3).
Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ, სწორედ ამ კამპანიას ეხმიანება და ვიდეოში ასახული კადრების პაკისტანთან და/ან მიგრაციასთან დაკავშირება, თითქოს მსვლელობა უცხოელმა მუსლიმმა მიგრანტებმა გამართეს, ანტიმიგრაციული კამპანიის განწყობების ზრდას ისახავს მიზნად.
ვიდეოში მარნეულში გადაღებულ კადრების ვხედავთ და, ის სინამდვილეში, ადგილობრივი მუსლიმების მიერ შესრულებულ „თასუას“ მსვლელობას (შიიტურ ისლამში სამგლოვიარო პერიოდი) ასახავს. კერძოდ, 5 ივლისს მარნეულში გაიმართა მსვლელობა, რომელშიც, ადგილობრივი მედიის მიხედვით, დაახლოებით 4,000 ადგილობრივი მონაწილეობდა.
სამგლოვიარო რიტუალი შიიტურ ისლამში სიმბოლურ ხასიათს ატარებს და იგი ყოველწლიურად იმართება მაჰარამის თვეში (ისლამური მთვარის კალენდრის პირველი თვე). სამგლოვიარო პერიოდი სამ დღეს გრძელდება და მოიცავს თასუას მსვლელობას, ბოლო დღე კი- აშურას დღეა, როდესაც მლოცველები მეჩეთში იკრიბებიან. აღნიშნული რიტუალი 680 წელს მომხდარ ქარბალას ბრძოლას ეძღვნება, როდესაც მოციქული მუჰამადის შვილიშვილი ჰუსეინ იბნ ალი და მისი ერთგული თანამებრძოლები ომაიანთა სახალიფოს წარმომადგენელმა ხალიფა იაზიდ I-ის ძალებმა დაამარცხეს თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ქალაქ ქარბალასთან. აშურას რიტუალს და ქარბალას ბრძოლის გახსენებას შიიტურ ისლამში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია, ვინაიდან შიიზმში მუსლიმთა ლეგიტიმურ ლიდერად (იმამი) მხოლოდ მოციქული მუჰამადის სისხლით ნათესავი მიიჩნევა. შესაბამისად, აშურას დღესასწაული მოციქულის ლეგიტიმური მემკვიდრისა და იმამის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო რიტუალია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშიც ასახულია, რომ შავებში ჩაცმული მამაკაცები საკუთარ თავს სიმბოლურად „სცემენ“ – ეს რიტუალის ნაწილია.
მარნეულში „თასუას“ რიტუალში შავებში შემოსილი შიიტი მუსლიმი ქალები და კაცები მონაწილეობენ და მსვლელობას აჰლი-ბეითის ოფისიდან იწყებენ და იმამ ალის სახელობის მეჩეთთან ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად ამ მსვლელობაში მონაწილეობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მერები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატებიც იღებენ, თუმცა 2025 წლის მსვლელობაზე პოლიტიკოსები არ გამოჩენილან – მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციურად განწყობილი პარტიის წარმომადგენლები.
წყარო: marneulifm.ge
დამატებით, „ჯეოფაქტსი“ დაუკავშირდა სათემო რადიო „მარნეულის” დირექტორ კამილა მამედოვას. მისი თქმით, სამგლოვიარო მსვლელობას მარნეულში თემის წარმომადგენლებისთვის ტრადიციული და სიმბოლური ხასიათი აქვს. მასში ადგილობრივი შიიტი მუსლიმი მოსახლეობა იღებს ხოლმე მონაწილეობას. თუმცა, ასევე ხშირია ჩამოსული სტუმრების, სხვა კონფესიის წარმომადგენლებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან სოლიდარობის მიზნით, რიტუალზე დასწრება. მარნეულში მცხოვრები მუსლიმი თემისადმი ამ სახით პატივისცემის გამოხატვის საშუალება ნებისმიერ სტუმარს ეძლევა, ადგილობრივს თუ დედაქალაქიდან ჩასულს.
ამრიგად, თასუას სამგლოვიარო მსვლელობა მარნეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, შიიტი მუსლიმებისთვის წმინდა და ყოველწლიური დღესასწაულია და მის აღნიშვნას მიგრანტთა ნაკადის სავარაუდო ზრდასთან კავშირი არ აქვს.