გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: 2017 წელს დახურულ ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა იუდაიზმი მიიღო

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში დონალდ ტრამპის შესახებ გამოცემა „Trunews”-ის სიუჟეტს აქვეყნებს, რომელშიც პრეზიდენტის იერუსალიმში 2017 წლის ვიზიტი ჩანს (დაარქივებული ბმული). ანგარიშის მტკიცებით,  2017 წელს დახურულ ცერემონიალზე ტრამპმა იუდაიზმი მიიღო. რეალურად, მტკიცება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იუდაიზმი მიიღო არ დასტურდება. ინფორმაციის პირველწყარო ამერიკული გამოცემაა, რომელიც კონსპირაციულ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება.

Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟი 2019 წელს ამერიკულ გამოცემა „Trunews-მა“ გამოაქვეყნა. Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, „Trunews“ გადაუმოწმებელ და კონსპირაციულ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს და მას არასანდო წყაროდ აფასებს (იხილეთ ფოტო). გამოცემა ხშირად აქვეყნებს ანტისემიტური შინაარსის სტატიებსაც. საგულისხმოა, რომ „Trunews-ის“ დამფუძნებელია რიკ უაილსი, რომელიც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს „ებრაული კაბალის“ მიერ დაგეგმილ  „ებრაულ გადატრიალებას“ უწოდებდა. 

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რელიგიის ცვლილება რეზონანსული ამბავი იქნებოდა და მას არა ერთი მედია გამოეხმაურებოდა. თუმცა ღია წყაროებში არ იძებნება სანდო წყარო, რომელიც აღნიშნულ მტკიცებას დაადასტურებდა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი პროტესტანტული, პრესვიტერიანული ტრადიციით გაიზარდა. თუმცა 2020 წელს Religion News Service-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თავს  „არადენომინაციურ ქრისტიანად“ მიიჩნევს. არადენომინაციური ქრისტიანი არის პირი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ეკუთვნის არც ერთ კონკრეტულ რელიგიურ დენომინაციას (მაგალითად, კათოლიკურ, მართლმადიდებლურ ან ბაპტისტურ ეკლესიას).

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიუჟეტში ჩანს დონალდ ტრამპის 2017 წლის კადრები, როცა აშშ-ის პრეზიდენტი იერუსალიმს ესტუმრა და იერუსალიმის ტაძრის დასავლეთ (გოდების) კედელში ჩანაწერი დატოვა. ის აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც იუდაიზმის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი მოინახულა.

ამდენად, მტკიცება, რომ დონალდ ტრამპმა 2017 წელს იუდაიზმი მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge