სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება ფოტო, რომელზეც მამა-შვილი არიან გამოსახული. ფოტოს თან ახლავს აღწერა „დღეს ჩემი შვილი ექიმი გახდა, მაგრამ არავინ მიულოცავს, რადგან მე მეეზოვე ვარ”. სოციალურ ქსელში იდენტური ფოტოთი და აღწერით რამდენიმე ათეული პოსტი გვხვდება (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23 , 24, 25, 26, 27 , 28, 29).
პოსტს 17 ივლისის მონაცემებით 25000 კომენტარზე მეტი, 60000 რეაქცია და 1600 გადაზიარება აქვს. სინამდვილეში, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ამაზე მიუთითებს ფოტოზე გამოსახული ადამიანების არაბუნებრივად გლუვი კანი, რაც ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 99.3%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Decopy.ai-ს მიხედვით, იმის ალბათობა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, 95%-ზე მეტია (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ფოტო საქართველოში მცხოვრებ მამაკაცსა და მის შვილს ასახავს, ფორმა, რომელიც მამაკაცს აცვია, საქართველოში მეეზოვეთა ფორმას არ შეესაბამება.
ხოლო იმ ფორმის მსგავსი უნიფორმა, რომელიც ფოტოში მამაკაცს ხელოვნურმა ინტელექტმა შეურჩია, სხვადასხვა გასაყიდ პლატფორმაზე გვხვდება, სადაც ის გარე აქტივობისთვის განკუთვნილ ან სამუშაო ფორმადაა დახასიათებული.
აღნიშნული ფოტო იდენტური აღწერით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გავრცელდა, მათ შორის რუსულ და თურქულ ენებზე. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი სხვებს აქტიურად მიუთითებენ, რომ ფოტო AI-ს მიერაა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე იგივე ფოტო სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება (ბმული 1, 2, 3), სადაც ზოგჯერ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი იცვლება, ზოგჯერ, გოგონა, ზოგჯერ კი მათი პროფესიები. მაგალითად, ერთ პოსტში გოგონა პოლიციის ოფიცერი ხდება, სხვა პოსტში კი იურისტი (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მსგავსი ფოტოები, სადაც საზოგადოების უყურადღებობის ან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო დამწუხრებული ადამიანები ჩანან, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა (ბმული 1, 2, 3, 4). ამ პოსტების მიზანი მოტყუების გზით Facebook-მომხმარებლების ყურადღების მიქცევა და სავარაუდოდ, სხვადასხვა გვერდის თუ ანგარიშის გამომწერების (followers) ან მოწონებების (Likes) გაზრდაა.
ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ის რეალობას არ შეესაბამება.