გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ბრიუსელში თავდასხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ წარსულშიც გადაუმოწმებია  (ბმული 1, 2, 3), ავრცელებს პოსტს შემდეგი აღწერით: „ბრიუსელში ევროპარლამენტის მიერ დაფინანსებულმა ,,სიონისტებმა” გონების დაკარგვამდე სცემეს პალესტინელი გოგონა, რომელიც აპროტესტებდა ისრაელის გენოციდს და ოკუპაციას ღაზას სექტორში“. სინამდვილეში, ფოტოზე ასახული გოგონა ბრიუსელში ჰომოფობიური აგრესიის მსხვერპლი გახდა და არა – ევროპარლამენტის მიერ „დაფინანსებული სიონისტების“.

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით მოიძია, რომ ახალგაზრდა გოგოს ფოტო თავდაპირველად 2025 წლის 14 ივლისს ლუკა აბლოთიას X-ანგარიშზე გავრცელდა. ფრანგულენოვან პოსტში აბლოთია წერს, რომ 13 ივლისს ტაჩკუ [დაზარალებული] ბრიუსელში ჰომოფობიის ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, იგი ორმა კაცმა გონების დაკარგვამდე სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. პოსტის მიხედვით, ტაჩკუმ სამედიცინო დახმარება მიიღო და პოლიციაში სარჩელი შეიტანა. აბლოთიას თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტაჩკუ მისი საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ფარგლებში ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფის, დაშინებისა და აგრესიის მსხვერპლია. მისი თქმით, ამ რაიონებში თავისუფლად გადაადგილება მისთვის უკვე შეუძლებელია. აბლოთია ტაჩკუს ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარების მიღებაში მხარდაჭერას ჰპირდება და იმედს გამოთქვამს, რომ ბელგიური პოლიცია დამნაშავეებს მალე დასჯის.

პოსტში გამოტანილია დაზარალებულის ფოტოები (შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ გამოსახულებებს).

სწორედ ამ ფოტოს ვხვდებით Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ტაჩკუზე თავდასხმაზე ბელგიური მედიაც წერს, რომლის თანახმად, გასულ კვირას ბრიუსელის სამხრეთ სადგურთან ახლოს ქართული წარმოშობის ახალგაზრდა ქალს ორი კაცი დაესხა თავს. გამოცემის თანახმად, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ტაჩკუ სამხრეთ და ჩრდილოეთ სადგურებთან გადაადგილებას, სადაც ჰომოფობიური აგრესიის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, ერიდება.

ამრიგად, ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა ქალი ბრიუსელში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო გახდა ძალადობის მსხვერპლი, არ დასტურდება. მცდარია ასევე ინფორმაცია თითქოს მსხვერპლი ქალი პალესტინელია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge