გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და  ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი ბავშვებთან ერთად ჩანან, რომლებზეც ტრამპი ეპშტეინს თითით ანიშნებს. ვიდეოს აღწერა შემდეგია: „ვიდეოკადრები NBC-ის არქივიდან, გადაღებული 1992 წელს – ვიდეოში ჩანან დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეფშტეინი, მარ-ა-ლაგოს წვეულებაზე.

ვიდეო 5 წამიანია და არ არის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული“. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და ორიგინალ ვერსიაში ბავშვები არ ჩანან.

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო NBC-ის 1992 წლის არქივში არსებული ვიდეოს რედაქტირებული ვერსიაა. NBC-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი ნამდვილად ჩანან, თუმცა მასში ბავშვები არსად ფიგურირებენ. სავარაუდოდ, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა დამუშავებული.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ეპშტეინის ფაილები“ მოიცავს სასამართლოს დოკუმენტებს, მოწმეების ჩვენებებს, მტკიცებულებებსა და მასალებს. არსებობს ცნობები ცნობილ ადამიანებთან შესაძლო კავშირებზე. 2025 წლის ივნისში მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მასკს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

2025 წლის 19 ივლისს, დონალდ ტრამპმა Wall Street Journal-ის მფლობელის რუპერტ მერდოკისა და ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ მაიამის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღეზე შიშველი ქალის სხეულის ნახატზე დაბეჭდილი მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

დონალდ ტრამპმა გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მას მისალოცი ბარათი არ დაუწერია.

„ჩვენ ახლახან ძალიან ძლიერი სარჩელი შევიტანეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ცრუ და ცილისმწამებლური, ყალბი ამბის გამოქვეყნებაში უსარგებლო Wall Street Journal-ში“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი გამოცემას ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს და დონალდ ტრამპი 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge