სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და ჩრდილო აფრიკის ტერიტორიები, რომლებიც მუქი წითელი ფერით არის მონიშნული და ერთ სივრცეში გაერთიანებული.
ფოტოს აღწერის მიხედვით, აღნიშნული ფოტო თურქეთის ტელეარხზე აჩვენეს და ის იმ ქვეყნებს მოიცავდა, რომლებიც 2050 წელს თურქეთის შემადგენლობაში შევიდოდნენ.
თავად პოსტის ტექსტში Facebook-მომხმარებელი სხვა საკითხებთან ერთად ამბობს, რომ „ კავკასიაში ფეთქებადი სიტუაცია პიკს აღწევს. მთავარი არის ის, რომ ბრიტანეთმა და დიპ სტეიტმა ხელში ჩაიგდონ, ან საერთოდ დახურონ “შუა დერეფანი” და ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი. ეს აწყობს აშშ-საც. აი, ამიტომაა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას არ უნდა ურთიერთობის დალაგება საქართველოსთან, ხოლო სირიელ ტერორისტებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ამის ერთ-ერთ ბერკეტად ახლა გაააქტიურეს “დიდი თურანის” პროექტი. თურქეთის ისტორიული ოცნება იყო ეს ყოველთვის. ფოტოზე ხედავთ თურქეთის ტელევიზიის გადაცემის რუკას, სადაც უნდა გავრცელდეს ეს იმპერია”.
პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თურქულ ტელეარხზე ეს რუკა ახლახან, ავტორის მტკიცების მიხედვით, აშშ-ს მიერ „დიდი თურანის“ პროექტის გააქტიურების ფარგლებში გავიდა.
სინამდვილეში, რუკა სულ მცირე 2009 წლიდან ვრცელდება და ის არა თურქეთის ოფიციალური პოზიციის საჩვენებლად არის შექმნილი, არამედ წარმოადგენს კონკრეტული მკვლევრის მოსაზრებას. ამასთანავე, რუკა აჩვენებს იმ ტერიტორიებს, რომლებზეც მკვლევრის მიხედვით, 2050 წლისთვის თურქეთის გავლენის ქვეშ იქნებიან და არა იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს შეუერთდებიან.
კერძოდ, რუკას ვხვდებით, ჯორჯ ფრიდმანის 2009 წელს გამოქვეყნებულ სპეკულაციურ წიგნში „შემდეგი 100 წელი“. ჯორჯ ფრიდმანი წამყვანი კერძო ამერიკული კვლევითი ცენტრის, Stratfor-ის დამფუძნებელია. წიგნში ავტორი ცდილობს იწინასწარმეტყველოს XXI საუკუნის ძირითადი გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და სხვა ცვლილებები. ავტორი ამბობს, რომ ის ბევრ დეტალში შეცდება, თუმცა წიგნის მთავარი მიზანი ძირითადი ტენდენციების – გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური, დემოგრაფიული, კულტურული და სამხედრო ტენდენციების იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრაა, თუ რა შეიძლება მოხდეს.
თურქეთთან დაკავშირებით ავტორი ვარაუდობდა, რომ ქვეყანა რეგიონულ ძალად იქცეოდა და განსაკუთრებით ისლამური სამყაროსთვის გრავიტაციული ცენტრი იქნებოდა. „2020 წლისთვის თურქეთი ქაოსის ზღვაში განვითარებადი, საკმაოდ სტაბილური ეკონომიკური და სამხედრო ძალა იქნება“. წიგნში აღნიშნული რუკა კი, ავტორის მიხედვით, 2050 წლისთვის თურქეთის მომავალ რეგიონულ გავლენას აჩვენებს.
წყარო: FactCheck
აღნიშნული რუკა ასევე გვხვდება 2009 წელს გამოქვეყნებულ Youtube-ვიდეოსა და 2014 წლის სტატიაში. სხვადასხვა მედიაში ასევე გავრცელებულია რუკის ის ვერსია, რომელსაც Sratfor-ის ნიშნები აქვს და მასზე გამოქვეყნების თარიღად 2008 წელია მითითებული. ამდენად, რუკა პირველად წლების წინ გავრცელდა.
ფოტო: რუკა, რომელზეც დატანილია Stratfor-ის ნიშნები და გამოქვეყნების თარიღად მარცხენა კუთხეში აღნიშნულია 2008 წელი
წარსულში რუკასთან დაკავშირებული მტკიცებების ავტორები ცდილობდნენ ამ გეგმის თურქეთის მთავრობასთან დაკავშირებას და მათ ოფიციალურ პოზიციად წარმოჩენას. მაგალითად, გამოცემის „საქართველო და მსოფლიო“ მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „თურქეთში საჯაროდ ალაპარაკდნენ საქართველოს მიერთებაზე“, აღნიშნული იყო, რომ „დიდი თურანის“ იდეის გაჟღერებას თურქული ოფიციალური არხებიც არ ერიდებიან. ამ კონტექსტში სტატიაში ნახსენებია თურქული ტელეარხი „RTR“. „საქართველო და მსოფლიო“ მაშინ ამ მასალის მომზადებისას, მისივე განცხადებით, დაეყრდნო რუსულ topnews.ru-ს, თუმცა ეს ერთადერთი და ყველაზე გავლენიანი რუსული წყარო არ არის, რომელმაც აღნიშნული რუკა თურქეთის სახელმწიფო ტელეარხს დაუკავშირა.
თურქულმა გამოცემამ Haber7-მა აღნიშნა, რომ რუსულმა Ria Novosti-მ თავის სტატიაში თურქული ტელეარხი „TGRT“ წარმოაჩინა როგორც სახელმწიფო მაუწყებელი „TRT”. აქვე აღნიშნულია, რომ გამოცემამ ეს შეცდომა რამდენიმე საათში შეასწორა, თუმცა ამბავი სოციალურ მედიაში აქტიურად დარჩა. სავარაუდოა, რომ ამ საკითხის ფართოდ გავრცელება სწორედ Ria Novosti-ს მიერ სიუჟეტის მანიპულაციურად გაშუქებამ გამოიწვია.
სინამდვილეში, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ჩანს, რომ აღნიშნულ რუკას თურქულ ტელეარხზე აჩვენებენ, რეალურად, ასახულია არა სახელმწიფო ტელეარხ RTR-ზე, არამედ კერძო ტელეკომპანია TGRT-ს ეთერში გასული სიუჟეტი. ამაზე მეტყველებს სიუჟეტიდან ამოღებული ფოტოს ზედა მარცხენა კუთხეში დატანილი ტელეარხის სახელწოდება, სადაც იკითხება „TGRT“.
ფოტო: Ria Novosti
ამ რუკის შესახებ სიუჟეტი ტელეარხ „TGRT“-ზე 2021 წლის თებერვალში მართლაც გავიდა. ტელეარხის სოციალურ ქსელში სიუჟეტი დასათაურებულია შემდეგნაირად „ჩრდილოვანი CIA-ს თურქეთის რუკა 2050 წლისთვის – თურქეთის გავლენის ზონა ფართოვდება“. აღსანიშნავია, ჩრდილოვან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სწორედ Stratfor-ს ადარებენ, შესაბამისად, ტელეარხის მიერ თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ისინი სწორედ Stratfor-ის რუკას წარადგენდნენ.
ამდენად, რუკის შესახებ გავრცელებული მტკიცება, რომ ის თურქეთის სახელმწიფო არხზე ვრცელდება და რომ ის იმ ქვეყნებს აჩვენებს, რომლებიც 2050 წლისთვის თურქეთს შეუერთდებიან, მცდარია. სინამდვილეში, რუკა 21-ე საუკუნის განმავლობაში გლობალურ პოლიტიკაში მოვლენების განვითარების შესახებ კონკრეტული მკვლევრის მოსაზრებას ასახავს და 2008-2009 წლებიდან ვრცელდება.