სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), გერმანიის მესამე რაიხის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ბანდეროველები – ეს ჭკუანაკლული მანიაკები ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამხეცებული პირუტყვები არიან. მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რაც ამ დროს გვჭირდება დაუმორჩილებელი სლავების გასანადგურებლად. და შემდეგ ისინი თავად უნდა განადგურდნენ, რადგან ადამიანებს შორის ცხოველების ადგილი არ არის“ (პოსტის დაარქივებული ბმული). რეალურად, არ არსებობს ღია წყარო, რომელიც განცხადების ნამდვილობას და გებელსის ავტორობას დაადასტურებდა.
გაყალბებულ ციტატას უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „Vox Ukraine“ და ლატვიური „Re:Baltica“ გამოეხმაურა.
გებელსის ყალბი ციტატა თავდაპირველად უკრაინულ ონლაინ ჟურნალ „Korrespondent.net“-ის ვებგვერდზე, უკრაინელი ტელეწამყვანისა და „რუსული ტელევიზიების ექსპერტის“ იური კოტის 2017 წლის პუბლიკაციაში გამოქვეყნდა. მას მანამდეც რუსეთის სახელმწიფო არხებზე მეორე მსოფლიო ომის დროს „ბანდერელების“ მოძრაობასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გაუკეთებია. კოტმა ასევე დაწერა წიგნი „უკრაინელები!რუსები ვართ! რა სიამოვნებაა!“, რომელშიც, ავტორი ამტკიცებს, რომ უკრაინელები აუცილებლად დაბრუნდებიან „მშობლიური რუსული ცივილიზაციის წიაღში“.
Re:Baltica ციტატის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად იური კოტს დაუკავშირდა. კოტმა აღნიშნა, რომ ციტატა, სინამდვილეში, არა გებელსს, არამედ ნაცისტური გერმანიის სამხედრო ლიდერს, უკრაინის რაიხსკომისარ ერიხ კოხს ეკუთვნის, ამის დასადასტურებლად მან ორგანიზაციას ბორის როჟინის პოსტის ბმული გაუზიარა. აღნიშნულ პოსტში როჟინი კოხის შემდეგი ციტატის სისწორეს აანალიზებს: „უკრაინელები სასტიკად დასჯილი რუსები არიან, რომლებიც მზად არიან თავიანთი ფრაუებიც [გერმანული სიტყვა “Frau”, აღნიშნავს „ქალს“ ან „ცოლს“] კი გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო იდეისთვის. იდეალური მებრძოლნი არიან წითელი არმიის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ისინი, როგორც ყველაზე საშინელი ბარბაროსები, სრულ წმენდას ექვემდებარებიან“. აღნიშნული ციტატა, რომელსაც ერიხ კოხს მიაწერენ, კოტის მიერ გამოყენებული ფსევდო-გებელსისეული ციტატისგან განსხვავდება. კოტმა Re:Baltica-ს კიდევ ერთ კითხვას ციტატის ორიგინალი წყაროს შესახებ, აღარ უპასუხა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, სწორედ იური კოტი არის „ბანდერელების“ შესახებ ციტატის ნამდვილი ავტორი.
ამდენად, გავრცელებული ციტატა იოზეფ გებელს არ ეკუთვნის.