სოციალურ ქსელში გავრცელდა ირაკლი რუხაძის ფოტო. ფოტოზე დატანილია ციტატა, რომელსაც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს მიაწერენ: „ჩემი ერთი შვილი ლესბოსელია, მეორე – გეი“.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო თავდაპირველად TikTok ანგარიშმა georgiandream2-მა გაავრცელა. ანგარიშის დათვალიერებისას, შესამჩნევია, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრების ან პარტიასთან დაახლოებული პირების მცდარი ციტატების შემცველ ფოტო-ვიდეო მასალას ათავსებს.
ირაკლი რუხაძის ქალიშვილის შესახებ, რომელიც ღიად ლესბოსელი ქალია, ინფორმაცია საჯაროა. თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ რესურსებში არ იძებნება წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ციტატა, სადაც ის შვილების ორიენტაციაზე საუბრობს, ირაკლი რუხაძეს ეკუთვნის.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, სადაც ტელეწამყვანმა რუხაძეს თავისი ქალიშვილის სექსუალურ ორიენტაციაზე დაუსვა კითხვა, მან განაცხადა, რომ „მე ჩემს შვილზე არ ვლაპარაკობ, რა არის და როგორაა. მე მყავს სამი შვილი, სამივე ძალიან მიყვარს და გენიალური ხალხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე და ჩემი შვილები ერთნაირად ვფიქრობთ ყველაფერზე და ხშირად ბევრ რაღაცაზე ვკამათობთ. თუ გინდათ LGBT თემაზე ვილაპარაკოთ, მე ეგ თემა ნაკლებად მაწუხებს. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს თემა აწუხებს და ამიტომ „იმედიც“ ამ თემას უყურებს“.
ამდენად, მისი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ირაკლი რუხაძეს 3 შვილი ჰყავს, თუმცა ის ერიდება შვილებზე და მათ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს. შესაბამისად, წყაროებით არ დასტურდება, რომ ციტატა – „ჩემი ერთი შვილი ლესბოსელია, მეორე – გეი“, მას ეკუთვნის.