სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგია ასახული. ვიდეოში ტაბლიაშვილი ამბობს: „უკრაინას, ახლა ხაზგასმით ვამბობ ამას, წინა გადაცემაშიც ვთქვი, ექნება ლეგიტიმური, ვიმეორებ – ლეგიტიმური უფლება, დაბომბოს პირდაპირი მნიშვნელობით დე იურე საქართველოს ხელისუფლება და ეს შესაძლო ამბები მთლიანად მოარღვევს შავი ზღვის ჩვენს ინფრასტრუქტურას და აწყობილ, ძლივს აწყობილ, ლოჯისტიკურ ხაზებს და კიდევ ბევრ რამეს. ამ ვითარებაში ქვეყანას ყუჟი-ყუჟი მარყუჟი კისერზე უკვე შემოხვეული აქვს“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და მანიპულაციურად ვრცელდება.
2023 წლის 4 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავიდა ირაკლი ტაბლიაშვილის პოლიტიკური შინაარსის გადაცემა „კონტექსტი“, რომლის დასასრულსაც ჟურნალისტმა მონოლოგი, ე.წ. ედიტორიალი წაიკითხა სათაურით „რუსეთს ომის იმპორტი სურს!“. მონოლოგში ირაკლი ტაბლიაშვილი რუსეთის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოჩამჩირეში შესაძლო განთავსებასა და მის შედეგებზე საუბრობს. კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, ოჩამჩირეში განთავსებულ ფლოტს უკრაინაზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა ექნება, რაც უკრაინას მიანიჭებს ლეგიტიმურ უფლებას, დაბომბოს საქართველოს დე იურე ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზები. სწორედ მონოლოგის აღნიშნული მონაკვეთია რედაქტირებულად მოჭრილი და მანიპულირებულად გავრცელებული სოციალურ ქსელში. რეალურად კი ჟურნალისტი ამბობს:
„…ომის იმპორტი შეიძლება მოახდინოს არა არარსებულმა გლობალურმა ომის პარტიამ, არ არსებობს ამგვარი პარტია, ან ოპოზიციამ ან ხელისუფლების ყველაზე მძაფრმა და რადიკალურმა კრიტიკოსებმა, არამედ, გაგიკვირდებათ კი არა, არ გაგიკვირდებათ, რუსეთმა, რომელიც უკან და უკან იხევს უკრაინაში და სევასტოპოლიდან გაჰყავს საკუთარი ჯარი და ძირითადად ნოვოროსიისკში გადააქვს. ასე მაგალითად, კი არა, კონკრეტულად შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ამ ფლოტის ნაწილი გადმოაქვს ოჩამჩირეშიც, ნაწილი, პატარა ნაწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ისეთი და იმგვარად მობილური ნაწილი, რომ ოჩამჩირეში დისლოცირებულ ფლოტს ექნება, გაგიკვირდებათ, და არ გაგიკვირდებათ, უკრაინაზე შეტევების მიტანის შესაძლებლობა, დამხმარე შესაძლებლობა მაინც. შედეგად, უკრაინას და ახლა ხაზგასმით ვამბობ ამას, წინა გადაცემაშიც ვთქვი, ექნება ლეგიტიმური, ვიმეორებ – ლეგიტიმური უფლება, დაბომბოს, პირდაპირი მნიშვნელობით, დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული ბაზები. ანუ, ის ტერიტორია, რომელზეც ეფექტურ კონტროლს, და ეს ძალიან ხაზგასასმელი სიტყვაა, ახორციელებს რუსეთი. ანუ, აკონტროლებს ოჩამჩირეს რუსეთი და უკრაინას აქვს უფლება, რომ დაბომბოს რუსული ბაზა ოჩამჩირეში და ეს გამოწვევაა, გაგიკვირდებათ, და კვლავ არ გაგიკვირდებათ, საქართველოსთვისაც კი არა, საქართველოსთვის, რადგან, უნდა გვახსოვდეს მნიშვნელოვანი ამბავი – როცა უკრაინა გაიმარჯვებს (ხმელეთზე გამარჯვებას ვგულისხმობ და ეს აუცილებლად ასე იქნება), მშვიდობა უკრაინაში არ იქნება. არ იქნება მანამ, ვიდრე მისი ტერიტორიების დაბომბვას გააგრძელებენ, ვთქვათ, ბელარუსიდან ან სხვა სივრცეებიდან, მათ შორის დე იურე საქართველოდან, ანუ აფხაზეთიდან, ანუ ოჩამჩირიდან. და ეს შესაძლო ამბები მთლიანად მოარღვევს შავი ზღვის ჩვენს ინფრასტრუქტურას და აწყობილ, ძლივს აწყობილ, ლოჯისტიკურ ხაზებს და კიდევ ბევრ რამეს“…
ამრიგად, ჟურნალისტის მონოლოგი რედაქტირებული სახით ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეოები სოციალურ ქსელში მანიპულაციურად წარსულშიც გავრცელებულა (1, 2).