სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აქვეყნებს, აღწერაში კი წერს: „ჩინეთმა, ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, გაარღვია საჰაერო სივრცე და ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიაწოდა”. რეალურად, ვიდეოში, რომელიც 2024 წლით თარიღდება, არა ჩინეთის, არამედ 9 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ჩანს. მიმდინარე წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა გამოაცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ეს ბლოკადა დაარღვია, არ დასტურდება.
2024 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ვიდეოში 9 ქვეყნის მიერ ღაზასთვის დაახლოებით 10 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ჩანს. ეს ქვეყნებია: გაერთიანებულ სამეფო, აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, ეგვიპტე, ინდონეზია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იორდანია. BBC-ის ცნობით, ოპერაცია იორდანიელების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა მისი განხორციელება, ისრაელის ხელმოწერით იყო დამოწმებული. იმ შემთხვევაში თუ ისრაელის თავდაცვის ძალები უარს იტყოდნენ დახმარების გადატანაზე, მაშინ, ბლოკადის გამო, თვითმფრინავები ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ვერ შეძლებდნენ.
ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა 2023 წლის 9 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმების შემდეგ გამოაცხადა. 9 ოქტომბრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ისრაელმა შეამსუბუქა სრული ბლოკადა, მაგრამ მაინც მკაცრად ზღუდავდა ღაზას სექტორში შემავალი დახმარების რაოდენობას. პირველი მარაგი ღაზაში 2023 წლის 21 ოქტომბერს შევიდა. 2025 წლის 2 მარტიდან ისრაელმა მთლიანად დაბლოკა ტერიტორიაზე ყველა მარაგის შეტანა. მაისის ბოლოს ბლოკადა ნაწილობრივ მოიხსნა და ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა (GHF), რომელსაც აშშ და ისრაელი უჭერს მხარს – სამხრეთ ღაზაში საკვების განაწილების პუნქტები გახსნა. თუმცა არაერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის, გაერომ, გააკრიტიკა, რადგან ფონდი, მათი თქმით, მთლიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ვერ უზრუნველყოფდა. თავის მხრივ, GHF აცხადებდა, რომ მან 90 მილიონზე მეტი ერთეული საკვები პროდუქტი გაანაწილა ღაზაში და გაერო მათთან კოორდინაციის არარსებობაში დაადანაშაულა.
მიმდინარე წლის მაისში გაერომ განაცხადა, რომ ღაზაში 500 000 ადამიანი შიმშილის პირასაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო ივლისში სიკვდილიანობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა და გარდაცვალების 63 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმო-ს ცნობით, ივლისის პირველი ორი კვირის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების გამო ამბულატორიული მკურნალობა ხუთ წლამდე ასაკის 5000-ზე მეტი ბავშვის დასჭირდა. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო 147 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან თითქმის 90 ბავშვი იყო.
27 ივლისს ისრაელმა ღაზას სამ რაიონში „ტაქტიკური პაუზა“, დღეში 10 საათით სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. „პაუზა“ ასევე ითვალისწინებს სამხედროების მიერ კორიდორების გახსნას გაეროს და სხვა სააგენტოების მიერ დახმარების მიწოდების ხელშესაწყობად.
2025 წლის მაისში, სრული ბლოკადის გამოცხადების შემდეგ, ღია წყაროებში არ იძებნება მტკიცებულება, რომელიც ჩინეთის მიერ ბლოკადის დარღვევას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაადასტურებდა. ამავდროულად, ჩინეთს არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან ღაზაში დახმარება საჰაერო გზით ჩაიტანა. ჩინეთის მთავრობის მიერ ღაზასთვის ბოლო დახმარების მიწოდება მიმდინარე წლის 19 თებერვლით თარიღდება, დახმარება სატვირთო მანქანებით ჩაიტანეს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის მაისში ფართოდ გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც თითქოს ჩინეთის მიერ ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდება ჩანდა. აღნიშნულ ვიდეოებს არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, France 24 და DW გამოეხმაურა. არცერთ გავრცელებული ვიდეოში ჩინეთის მიერ ბლოკადის დარღვევა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ ჩანს.
ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო, სინამდვილეში, 2024 წლით თარიღდება და მასში ჩინეთის მიერ ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიწოდება არ ჩანს.