გადამოწმებული ფაქტები ტყუილი კატეგორიის გარეშე

დეზინფორმაცია: NASA-ს მიერ ხელოვნურად შექმნილ ღრუბლებს სტიქიური კატასტროფების გამოწვევა შეუძლია

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (12345), ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული).  პოსტის მიხედვით, NASA (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში) ხელოვნურ ღრუბლებს ქმნის  და უამრავ სტიქიურ კატასტროფას იწვევს: „NASA ღმერთს თამაშობს. ის თავად ქმნის ამინდს“. ასე,  რომ ყველაფერს ხელოვნურად იწვევენ სადაც დაჭირდებათ, წვიმას, ქარიშხლებს, მიწისძვრებს, ხანხრებს, წყალდიდობებს და ა. შ. თუმცა ესეც არ გვაკმარეს, ციდან დაუნდობლად გვწამლავენ როგორც ფაროსანებს“. რეალურად, გადაცემა Top Gear-ის გავრცელებულ მონაკვეთში კოსმოსური რაკეტის  ძრავის გამოცდა ჩანს. ამ დროს წყლის ორთქლის ღრუბელი მართლაც წარმოიქმნება, მაგრამ მისი მიზანი კოსმოსური რაკეტის კოსმოსში გაშვება და არა ამინდის მანიპულირებაა. ამავდროულად, ზოგადად არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც სტიქიური კატასტროფების გამოწვევა შეუძლია.

გავრცელებულ მტკიცებას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Reuters-ი გამოეხმაურა.

სატელევიზიო გადაცემა Top Gear-ის გავრცელებული ეპიზოდი YouTube გვერდზე 2010 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „ჯერემი კლარკსონი [გადაცემის წამყვანი] მისისიპიში მიემგზავრება, სადაც NASA  თავის კოსმოსური რაკეტის მყარ საწვავიან გამაძლიერებლებს გამოცდის. ნახევარი მილიონი გალონი [სითხის საზომი ერთეული, 1 გალონი ≈ 3.785 ლიტრს] საწვავის მოხმარებით, ისინი  ასტრონავტების კოსმოსში გადასაყვანად საჭირო ბიძგს ქმნიან. ასევე, ცოტა ხმაურიანებიც არიან!“.

ერთ-ერთ მონაკვეთში, რომელიც Facebook-ანგარიშმაც გაავრცელა,  კლარკსონი ამბობს: „ყველაზე საოცარი ის არის, რომ ზემოთ ძრავის მიერ წარმოქმნილი ღრუბელი უბრალოდ წყალბადისა და ჟანგბადის ნარევია. ეს წყლის ორთქლია და დაახლოებით ერთ საათში მისისიპიში ვიღაცის სარეცხი დასველდება. ნამდვილად წვიმს. გითხარით. წვიმს. ეს წარმოუდგენელია. NASA ღმერთის როლს თამაშობს. ის საკუთარ ამინდს ქმნის“.

მართლაც, კოსმოსური რაკეტის გამოცდისას  წყლის ორთქლის ღრუბელი წარმოიქმნება, მაგრამ მისი მიზანი ამინდის განზრახ მანიპულირება და სტიქიური კატასტროფების გამოწვევა არ არის. NASA-ს ჯონ  სტენისის კოსმოსური ცენტრის ახალი ამბების ხელმძღვანელმა, კალვინ ლეისი ტომპსონმა, როიტერსთან განაცხადა, რომ სტენისის კოსმოსურ ცენტრში გამოცდილი RS-25 ძრავები  საწვავად იყენებენ თხევად ჟანგბადს და წყალბადს, იმავე ელემენტებს, რომლებიც წყალს (H2O) წარმოქმნიან. „RS-25 ძრავის ტესტირებისთვის, თხევადი წყალბადი და თხევადი ჟანგბადი ძრავის წვის კამერაში შეერევა და აალდება, რაც ძრავის ალის დეფლექტორში უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამონაბოლქვის გამოდევნას იწვევს. ტომპსონის თქმით, ალის დეფლექტორის გასაგრილებლად და დეფლექტორის დასაცავად ძალიან დიდი რაოდენობით წყალიც გამოიყენება. სწორედ ამ ეტაპზე წარმოიქმნება ღრუბლის მაგვარი მასაც: „როდესაც ცხელი გამონაბოლქვი წყალს ერწყმის, ის ქმნის ორთქლს, რომელიც ალის დეფლექტორიდან გამოდის და ატმოსფეროში გადაინაცვლებს, შესაბამისად, იქმნება ღრუბელი“- განაცხადა  ტომპსონმა. აღსანიშნავია, რომ ორთქლის გაცივების შემდეგ, შესაძლოა წვიმა ახლომდებარე ადგილებში წამოვიდეს, რაც  ძრავის გამოცდის ერთგვარი გვერდითი ეფექტია.

ამავდროულად, არ დასტურდება მტკიცება, რომ NASA, ან სხვა კვლევითი სააგენტო ისეთი სახის ტექნოლოგიებს იყენებენ, რასაც სტიქიური მოვლენების გამოწვევა შეუძლია. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, არსებობს ე.წ. ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ 1940-იან წლებში შეიქმნა, რითაც წვიმის მოყვანაა შესაძლებელი.  ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეთოდი მუშაობს, თუმცა რამდენად ეფექტურად, ეს უკვე სადავოა. მეცნიერები თვლიან, რომ ატმოსფერული ძალები იმდენად დიდი და იმდენად ქაოსურია, რომ ტექნიკურად ღრუბლის დათესვა „ძალიან მცირე მასშტაბით, მინიმალურ ნალექს იწვევს“. შესაბამისად, არც „ღრუბლების დათესვის“ ტექნოლოგიას შეუძლია სტიქიური მოვლენების გამოწვევა.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური რაკეტის გამოცდას, კონკრეტულ ლოკალიზებულ ადგილას, წვიმის გამომწვევი ღრუბლის წარმოქმნა მართლაც შეუძლია, მისი დანიშნულება არა ამინდის კონტროლი, არამედ რაკეტების კოსმოსში გაშვებაა. შესაბამისად, მტკიცება, რომ, NASA-ს მიერ შექმნილ ღრუბლებს ისეთი სტიქიური კატასტროფების გამოწვევა შეუძლია, როგორიც არის მაგალითად, მიწისძვრა და  წყალდიდობა,  სიმართლეს არ შეესაბამება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge