სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანი (1; 2; 3; 4), ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2; 3) და კრემლისტური მედია (Российская газета, Царьград, news.ru) ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ „გეი სელებრითების სპერმა უკანონოდ შეიძინა“. გამავრცელებლებს ინფორმაციის წყაროდ და დამადასტურებლად ამერიკული ტაბლოიდი OK Magazine-ი მოჰყავთ, რომელმაც, მათი მტკიცებით, აღნიშნულ საკითზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ქართულენოვან პოსტებში დამატებით ვკითხულობთ, რომ „მოლდოვის პრეზიდენტმა ბიომასალის შეძენაში 400 ათასი დოლარი გადაიხადა. სპერმის ნიმუშები კალიფორნიაში, სუროგაციის ცენტრში ინახებოდა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.“ სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.
საგულისხმოა, რომ პოსტებში წყაროდ OK Magazine-ის ბმულია მითითებული – okmagazine.us (არქივირებული ბმული) ჟურნალი OK პოპულარული ტაბლოიდია, თუმცა მის ამერიკულ ვებგვერდს დომენი არა .us, არამედ .com აქვს.
OK Magazine-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მაია სანდუს შესახებ მსგავსი სტატია არ იძებნება.
ვებსაიტი, რომელიც გავრცელებულ პოსტებში გვხვდება OK Magazine-ის მიმსგავსებული ვებგვერდია.
ყალბი ვებგვერდი:
ნამდვილი ვებგვერდი:
ვებგვერდის whois.com-ის თანახმად (Whois არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც დომენის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას აგროვებს), აღნიშნული მედიასაშუალების გვერდი okmagazine.us 2025 წლის 28 ივლისს შეიქმნა. სტატია მაია სანდუს შესახებ მათ ვებგვერდზე 2025 წლის 30 ივლისით თარიღდება. ვებგვერდი სტატიის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე შეიქმნა (ფოტო იხ. ქვემოთ).
რეალური ჟურნალი OK-ის ამერიკული ვებგვერდი okmagazine.com კი 2003 წლის 21 ივნისს (ფოტო იხ. ქვემოთ).
აღსანიშნავია, რომ ყალბ ვებგვერდზე – Okmagazine.us – ზოგიერთი სექცია არ მუშაობს. მაგალითად, contact us-ზე (კონტაქტი) დაწკაპუნების შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია არ ჩანს და სხვა გვერდზე გადავდივართ.
ხოლო სხვადასხვა სექციაზე, როგორიცაა, ჩვენ შესახებ, რედაქტორის შენიშვნები, ასევე სოციალური მედიის ბმულებზე დაწკაპუნებისას ავტომატურად OK Magazine-ის რეალურ ვებგვერდზე გადავდივართ.
Okmagazine.us სტატიის ავტორად რებეკა ფრიდმანია მითითებული. ფრიდმანის გვერდი და მის შესახებ Okmagazine.com-ზე, ჟურნალის ნამდვილ ვებგვერდზეც არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ავტორი რეალური პიროვნებაა. ჟურნალ OK-ის ყალბ ვებგვერდზე ავტორის ინფორმაცია იდენტური ტექსტითა და ფოტოსურათითაა გადაბეჭდილი. მოლდოვური ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Radar Online რებეკა ფრიდმანს კომენტარისთვის დაუკავშირდა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის არ არის აღნიშნული სტატიის ავტორი და მისი სახელი ყალბი ნარატივის გასავრცელებლად იქნა გამოყენებული: „მოვიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვებსაიტი უკანონოდ იყენებს ჩემს სახელსა და ფოტოს სტატიების გამოსაქვეყნებლად, რომლებსაც მე არ ვწერ და არანაირი კავშირი არ მაქვს მათთან,“ – განუცხადა ფრიდმანმა გამოცემა Radar Online-ს.
გარდა იმისა, რომ თავად OK Magazine-ის ოფიციალურ საიტზე მაია სანდუს შესახებ მსგავსი გამოძიება არ იძებნება, საგულისხმოა, რომ ის არც სხვა სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე გვხვდება. მას მხოლოდ სოციალური ქსელის არასანდო ანგარიშები და კრემლისტური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ცნობისთვის, 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მაია სანდუს პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) მეტოქე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეს, ალექსანდრ სტოიანგლოს კოალიცია იქნება, რომელიც 3 პარტიას აერთიანებს. როგორც მოლდოვური მედია Radar Online წერს, გავრცელებული დეზინფორმაციის გზით, რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას ცდილობს.