სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შემდეგ ციტატას მიაწერს: „თუ ხალხი მოითხოვს, მე ვიქნები თბილისის მერი!“. დამატებით, ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში დატანილია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ლოგო (IPN), რაც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ციტატა „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და სალომე ზურაბიშვილის მსგავსი განცხადების ნამდვილობა არ დასტურდება. ამ შინაარსის ციტატა არც IPN-ის ვებ და სოციალურ გვერდებზე იძებნება.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ციტატა არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. აღნიშნული ციტატა არ გვხვდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook და X-ანგარიშზეც.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა 9 ივლისს გაავრცელა განცხადება:
„ჩვენს ქვეყანაში სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული „ქართული ოცნების“ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგეები, შედეგიც მიღწეულია. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება ბულინგი და ა.შ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს. მანამდე კი, გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა. არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება. არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ მათ ამბიციად, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, უკვე მოყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ, როგორც რეალურ შედეგს.
მეორეს მხრივ, ბოიკოტი როგორც კამპანია, რომელიც ესეც აბსურდია. არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამოცხადებული იქნება როგორც რამე გამარჯვება. დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის და მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, მოწინააღმდეგეები რომც იყვნენ. საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები“.
ამრიგად, სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობას გეგმავს, არამედ მისი ჩატარების შესაძლებლობასაც ეჭვქვეშ აყენებს.
დამატებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გამოყენებულია სალომე ზურაბიშვილის ფოტო, რომელზეც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ (IPN) ლოგოს ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ციტატა არ გავრცელებულა არც IPN-ის ვებ თუ სოციალურ გვერდებზე, სადაც მეხუთე პრეზიდენტის შესახებ სტატიებში ხშირად სწორედ პოსტში გავრცელებულ ფოტოს ვხვდებით. სავარაუდოა, რომ Facebook-მომხმარებელმა მეტი დამაჯერებლობისთვის გამოიყენა „ინტერპრესნიუსის“ ეს სურათი.
აღსანიშნავია, რომ IPN-ის მიერ გავრცელებული საინფორმაციო ბარათები სრულად განსხვავდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოსგან როგორც სტილის, ისე წარწერისთვის გამოყენებული ფონტის თვალსაზრისით.
სალომე ზურაბიშვილის შესახებ დეზინფორმაცია ყალბი ციტატების სახით წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა (იხ. სტატია 1, 2, 3).