გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: სენაკში დაბადებულ ახალშობილს უკრაინა დაარქვეს

სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედმა Facebook-ანგარიშმა „უკვე ევროპაში ვართ“, გამოაქვეყნა ჩვილის ფოტო, რომელზეც დატანილია მტკიცება, რომ სენაკში დაბადებულ ახალშობილს „უკრაინა“ დაარქვეს. ფოტო გაავრცელეს სხვა მომხმარებლებმაც.

„ჯეოფაქტსმა“ ამ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული მასალა წარსულში მრავალჯერ გადაამოწმა. გადამოწმებული მასალის ნაწილი ფაქტობრივ ტყუილს წარმოადგენდა, ნაწილი კი რედაქტირებული იყო, ან აკლდა სრული კონტექსტი.

სინამდვილეში, ანგარიშის „უკვე ევროპაში ვართ“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ სენაკში დაბადებულ ახალშობილს უკრაინა დაარქვეს, ყალბია და მისი გავრცელება საზოგადოებაში უკრაინის მიმართ არსებული მხარდაჭერის აბსურდულად და გადაჭარბებულად წარმოდგენას ემსახურება. შედეგად, დეზინფორმაცია უკრაინის მხარდამჭერების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

აღნიშნული ფოტო იდენტური მტკიცებით, 2023 წელსაც გამოქვეყნდა ანონიმურად მოქმედი გვერდის „ანტირუსული პლაფორმის“ მიერ. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პლატფორმის (Disinfo observer) მიხედვით, გვერდი ცრუ-მხარდამჭერის ტაქტიკის გამოყენებით თავს პროდასავლურ პლატფორმად წარმოაჩენდა, თუმცა რეალურად, იმ სახის და შინაარსის დეზინფორმაციას ავრცელებდა, რითაც ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას უწყობდა ხელს.

ფოტო: 2023 წელს „ანტირუსული პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებული პოსტი

რეალურად, ინფორმაცია მსგავსი შემთხვევის შესახებ აღნიშნული Facebook – ანგარიშების გარდა არც ოფიციალურ წყაროებს და არც სანდო მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ.

2023 წელს გავრცელებულ მტკიცებას მაშინ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ფოტო, რომელზე დაყრდნობითაც მტკიცება გაავრცელეს, რუსულენოვან ვებგვერდზე „A42.ru“ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გვხვდებოდა.

ფოტო: რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ფოტო. ანაბეჭდი აღებულია „ფაქტ-მეტრის“ სტატიიდან.

ამდენად, მტკიცება, რომ სენაკში დაბადებულ ახალშობილს უკრაინა დაარქვეს, ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge