გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსი, რომელსაც პოეტ ბესიკ ხარანაულის სახელს მცდარად მიაწერენ

6 აგვისტოს ანტიოპოზიციური შინაარსის ანონიმურმა გვერდმა „არა ნაცებს – არა დიქტატურას“, გამოაქვეყნა ლექსი, რომლის ავტორი Facebook-გვერდის მტკიცებით, ბესიკ ხარანაულია (დაარქივებული პოსტი).

სინამდვილეში, არ დასტურდება, რომ ლექსი ბესიკ ხარანაულს ეკუთვნის.

Facebook-გვერდზე „ბესიკ ხარანაული / Besik Kharanauli“, სადაც პოეტის შემოქმედება ქვეყნდება, აღნიშნული ლექსი მზია ამაღლობელის შესახებ, არ გამოქვეყნებულა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლო 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, თუმცა სხდომაზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა 4 აგვისტოს წარმოთქვა, ხოლო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოაცხადა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი დაგმო და არაპროპორციულად და პოლიტიზებულად შეაფასა საქართველოში 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ.  ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავის განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდა, „დაასრულოს მართლმსაჯულების ეს ფარსი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“. განაჩენის დამგმობი განცხადებები გამოაქვეყნეს ევროპარლამენტარებმა, პოლიტიკოსებმა, სხვადასხვა ფონდმა, საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა და ა.შ.

სოციალურ ქსელში ლექსი სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა.

1-ელი აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით ბესიკ ხარანაულის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული  მასალიდან (ბმული 1, 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11) არცერთი არაა ის ლექსი, რომელსაც ანონიმური Facebook-გვერდი მას მიაწერს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდის „არა ნაცებს – არა დიქტატურას“ მიერ გამოქვეყნებული პოსტები „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია. გადამოწმებულ პოსტში Facebook-გვერდი უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის შესახებ ლექსს, ისევ ბესიკ ხარანაულის სახელს მიაწერდა.

სავარაუდოა, რომ მსგავსი ყალბი შინაარსის მტკიცებები ბესიკ ხარანაულისა და მისი შემოქმედების საზოგადოების თვალში დაკნინებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge