სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ზე ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტით საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულეს: „ევროსაბჭოს მიღებული რეზოლუცია ყველას გვახსოვს, სადაც საქართველო დაადანაშაულეს ომის დაწყებაში 2008 წლის 8 აგვისტოს. ამ ყველაფერზე ხელი მოაწერა ნაცების წარმომადგენელმა ევროსაბჭოში და მთელმა ევროპამ აღიარა ნაცების დანაშაულის ფაქტი! ირაკლი კობახიძემ განაცხადა ახლა ჟურნალისტებთან რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა საშინელი ღალატის აქტი, რომელსაც მოჰყვა ქართული ტერიტორიების დაკარგვა. ეს არის ფაქტი, რომელიც ევროსაბჭოს მიღებულ რეზოლუციაშია დაფიქსირებული. მალე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩელი, რითაც ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება, ხოლო მიხეილ სააკაშვილს მოსალოდნელია დაუმძიმდეს ბრალი! ცუდი დღე გელოდებათ ნაცებო! საქართველოს მიმართ ღალატს თქვენ არავინ გაპატიებთ! მიტოვებულ მოსახლეობას და ჩვენს დაღუპულ ბიჭების სიცოცხლეს არავინ გაპატიებთ! მოემზადეთ სერიოზული სასჯელისთვის! სამართალს ვერავინ დაემალებით!“, – ვკითხულობთ პოსტში (არქივირებული ბმული)
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ამტკიცებენ, თითქოს დოკუმენტმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა, ხოლო წინა ხელისუფლება ამ ბრალდებას რეზოლუციის მხარდაჭერით დაეთანხმა. როგორც წესი, მსგავსი მტკიცებების არგუმენტად რეზოლუციის მე-5 მუხლი გამოიყენება ხოლმე. სინამდვილეში, მე-5 მუხლის ამგვარი გამოყენება არა მხოლოდ შინაარსიდან ამოგლეჯილი ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ მთლიანობაში, რეზოლუციის სულისკვეთებას უგულებელყოფს და მომხმარებლებს მასზე მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების თაობაზე რეზოლუცია (1633) 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია აღიარა და იქ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა.
რაც შეეხება რეზოლუციის მე-5 პუნქტს, ის საუბრობს არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებზე გადასვლის ეტაპზე. ამ პუნქტის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.
რეზოლუცია ომის დაწყების საკითხზე მე-8 პუნქტში საუბრობს, სადაც ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების თაობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან (მე-8 პუნქტი) და ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ: „ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ამგვარი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. ასევე, რუსეთის პარლამენტის წევრებმაც მიუთითეს, რომ ისინი არ წავიდოდნენ ამგვარი წინადადების წინააღმდეგ. აღნიშნული გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ომის დაწყებით, არამედ გაამახვილოს ყურადღება წინარე წლებზეც, რომლებიც წინ უზღვოდა კონფლიქტს.“ ეს ჩანაწერი ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ასამბლეა იხსნის ომის დაწყების გარემოებების შესწავლისა და დადგენის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვერც რეზოლუცია და ვერც მისი მე-5 მუხლი საქართველოს ბრალს ვერ დასდებდა.
გარდა ამისა, კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რეზოლუციის სხვა ნაწილებიც.
- რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხი (მე-9 პუნქტი).რეზოლუციაში ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ეს აღიარება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას.
- რეზოლუციაში გაკრიტიკებულია რუსეთის მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რაც, რეზოლუციის მიხედვით, ეს ხელს უშლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას (მე-10 პუნქტი).
- რეზოლუცია რუსეთს ჰააგის 1907 კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც დე ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მაროდიორობასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საკითხებს ეხება (მე-12 პუნქტი).
- რეზოლუცია ასევე საუბრობს სარწმუნო ანგარიშებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, რომლის აღკვეთაც რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს (მე-13 პუნქტი).
- რეზოლუციის ბოლოს ასამბლეა მოუწოდებს თავის წევრებს, არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა (24-ე პუნქტი).
ამდენად, ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 არ აკისრებს საქართველოსა და მის იმდროინდელ ხელისუფლებას ომის დაწყების პასუხისმგებლობას, აცხადებს, რომ ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. მეტიც, ის პასუხისმგებლობას აკისრებს სამშვიდობო მისიას (რუსულ ჯარს) იმაში, რომ ვერ შეძლო ადამიანის უფლებების დაცვა (პუნქტი 4). ამასთან ერთად გამოკვეთს რუსეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ როლს კონფლიქტის გადაწყვეტაზე უარის თქმის საკითხში.
გარდა ამისა, პოსტში ომის დაწყების თარიღზეცაა საუბარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის 19 დეკემბრის „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნაში“ ვკითხულობთ: „7 აგვისტოს, დაახლოებით, 00:00 საათიდან, გააქტიურდა საარტილერიო დარტყმა სოფლებზე: ერედვი, ფრისი და ვანათი. იმავე დროს დაიწყო სარაბუკის სიმაღლეებზე შეტევა, რის შედეგადაც სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით დასტურდება ინფორმაცია დილის 3:30 საათისათვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის მასობრივი შემოსვლის შესახებ. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ საქართველოს სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებამდე 20 საათით ადრე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს როკის გვირაბი და შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს ვინმე გასიევსა და „საზღვრის დაცვის უწყების“ მეთაურს შორის და ეხება რუსეთის ჯარების გადაადგილებას ცხინვალის რეგიონის მიმართულებით“.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ჩანაწერების ნამდვილობა აშშ-ის შესაბამისმა ოფიციალურმა ორგანოებმა დაადასტურეს, რაც The New York Times-ის 2008 წლის 15 სექტემბრის სტატიაშიცაა აღნიშნული: „აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს სატელეფონო საუბრები, რომლებიც მათ, უტყუარად თუ არა, სანდოდ მიიჩნიეს, რაც, მინიმუმ, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსული სამხედრო გადაადგილებები საქართველოს ტერიტორიაზე მანამდე დაფიქსირდა, ვიდრე ამას ხმამაღლა აღიარებდნენ. რა განზრახვაც უნდა ჰქონოდა ამ გადაადგილებას – რუტინული თუ სამხედრო, მას დაძაბულობა მოჰყვა და საომარ მოქმედებაში გადაიზარდა“.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ეგრეთ წოდებული, ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის მესამე ტომის მასალებში, რომლებიც კომისიას ქართულმა მხარემ მიაწოდა, ვკითხულობთ: „03:25 სთ-ზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო მოსმენით მიიღო პირველადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის საჯარისო ერთეული, ტანკებითა და ჯარისკაცებით დატვირთული სამხედრო მანქანებით, შევიდა როკის გვირაბში.
03:41 სთ-ზე, რუსეთის არარეგულარული არმიის დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, ტანკები და სამხედრო სატვირთო მანქანები შევიდნენ როკის გვირაბში და განთავსდნენ ჯავას რაიონში. ეს დადასტურდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილური ტელეფონებით განხორციელებული ორი საუბრის მოსმენით. რუსეთის პრესის მთელი რიგი სტატიები ადასტურებენ, რომ რუსეთის საჯარისო ერთეულები, კერძოდ კი, 58-ე არმიის 693-ე და 135-ე მექანიზებული პოლკების ნაწილები, 8 აგვისტომდე შევიდნენ სამხრეთ ოსეთში. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის მთავარი გაზეთის –„იუჟნაია ოსეტიას“ მიხედვით, იმ ღამეს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალიდან ჯავის რაიონში გაემგზავრა „იმისათვის, რათა შეხვედროდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს“.
ტალიავინის კომისია ადასტურებს, რომ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აგვისტოს დასაწყისიდან შემოდიოდნენ როგორც ე.წ. მოხალისეები და დაქირავებული მებრძოლები, ისე – მისი რეგულარული არმიის საჯარისო ნაწილები. ეს აღწერილია კომისიის დასკვნის პირველ ტომში, სადაც ფაქტების შესწავლის შედეგებია მოცემული: „როგორც აღმოჩნდა, აგვისტოს დასაწყისში არსებობდა მოხალისეებისა და დაქირავებულების ნაკადის დენა რუსეთის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში, როკის გვირაბისა და კავკასიონის უღელტეხილის გავლით. ასევე, რუსული გაერთიანებული სამშვიდობოების ბატალიონის გარდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა რუსული საჯარისო ნაწილები, 2008 წლის 8 აგვისტოს 14:30 წუთამდე“.
ტალიავინის დასკვნაში აქცენტი 8 აგვისტოს 14:30 წუთზე კეთდება, რადგან რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მოხდა მათი მხრიდან საქართველოზე შეტევა: „მისიისთვის რუსული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რუსული საჯარისო შენაერთები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და, რუსულმა საჰაერო ძალებმა და არტილერიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სამიზნე ობიექტებზე 8 აგვისტოს, 14:30 წუთზე“. ბუნებრივია, თუ რუსულმა მხარემ შეტევა 14:30-ზე დაიწყო, ლოგიკურად, ეს ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბევრად ადრე შემოვიდნენ და განლაგდნენ.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ „მისიას არ შეუძლია განიხილოს საქართველოს ბრალდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის შესახებ, როგორც საკმარისად დასაბუთებული“. ამდენად, საქართველოში რუსეთის საჯარისო ნაწილების 8 აგვისტომდე განლაგების ფაქტი ეჭვქვეშ ტალიავინის კომისიასაც არასდროს დაუყენებია.
გარდა ამისა, კომისიის დასკვნაში აღნიშნულია: „არსებობს რიგი ანგარიშებისა და პუბლიკაციებისა, მათ შორის, რუსული წარმოშობის, რომლებიც რუსეთის მხრიდან წვრთნებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებისათვის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე მიანიშნებს“. ამდენად, ტალიავინის დასკვნით, დასტურდება ისიც, რომ რუსული ე.წ. მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მანდატს [1] აგვისტოს კონფლიქტამდე გაცილებით ადრე არღვევდნენ, როდესაც ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებს სამხედრო შეიარაღებას აწვდიდნენ.
——
[1] ოფიციალურად, 1994 წლის მაისის მოსკოვის შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის შეიქმნა 3 000 რუსი ჯარისკაცისაგან შემდგარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამშვიდობო ძალები (CISPK). ორი თვის შემდეგ, მოსკოვის თხოვნით, მისიამ გაეროს მანდატი მიიღო. გაეროს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG), რომელიც საქართველოში 1993 წლის აგვისტოში განლაგდა, ოპერაციის მონიტორინგი დაევალა. მოსკოვის შეთანხმებამ განსაზღვრა მისიის ოპერაციის პროტოკოლი, რომელშიც დსთ/რუსეთის სამშვიდობო ძალების მიზნები იყო მითითებული:- ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა და მხარდაჭერა.
- ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების ხელშეწყობა.
• ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობა.