სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ჩანს, რომელიც თითქოს უცენზუროდ საუბრობს. რეალურად, ვიდეოს ხმოვანი ნაწილი რედაქტირებულია (არქივირებული ბმული).
გავრცელებულ ვიდეოზე არსებული კომენტარები მიუთითებს, რომ ის სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია და მათ ნაწილს სჯერა, რომ ვიდეოში არსებული ხმა ია ფარულავას ეკუთვნის.
ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში ონლაინმედია „ტაბულას“ ლოგო აქვს. „ტაბულას“ Facebook-გვერდზე ძიებისას, იდენტური ვიდეო, სადაც ია ფარულავა პარლამენტის წინ საუბრობს, 2025 წლის 4 ივლისს გამოქვეყნდა. მასში ფარულავა აშშ-ის მიერ MEGOBARI აქტის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს: „მიზანი არის შევთხოვოთ აშშ-ს, რათა დააჩქაროს MEGOBARI აქტის მიღება, საქართველო უნდა დავიხსნათ იმ გველეშაპისგან, რომელიც წოვს სისხლს“.
აღნიშნული განცხადება ია ფარულავამ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშზე გააკეთა, რომელიც 2025 წლის 4 ივლისს თბილისში გაიმართა.
ამგვარად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.