8 აგვისტოს ანონიმურმა Facebook-გვერდებმა „პოლიტიკური საღორე N5“ და „ნაცი ხვიტია“ გამოაქვეყნეს ფოტო და მტკიცება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლამარა სესიაშვილია.
ამავე დღეს მსგავსი მტკიცება გავრცელდა მომღერალ ლექს-სენის შესახებაც (დაარქივებული ბმული).
აღნიშნული პოსტები Facebook-მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ფაქტი, რომ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, კომენტარების სექციაშიც დასტურდება, სადაც კომენტარების ავტორები ინფორმაციას რეალობად აღიქვამენ ან უჩნდებათ კითხვა, მოცემული ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, თუ – არა (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს დატანილი აქვთ „მთავარი არხის“ ლოგო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია სწორედ არხმა გაავრცელა.
სინამდვილეში, „მთავარი არხის“ Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის საინფორმაციო ბარათები არ გავრცელებულა. მეტიც, ცნობილია, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე სხვა რამდენიმე პარტიასთან ერთად, უარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ განაცხადა. 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიმართვის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრებიც დაკარგეს.
ამდენად, მტკიცება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომღერალი ლექს-სენი ან ლამარა სესიაშვილი წარადგინა, ტყუილია.