სოციალურ ქსელში გამოცემა publicist.ge ავრცელებს სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ: „ევროკავშირის მედიის თავისუფლების შესახებ კანონი ჟურნალისტების დაკავების უფლებას იძლევა „საზოგადოებრივი ინტერესების“ სახელით. პირობითი თავისუფლება: ახალი ევროპული მედიის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში შევიდა ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში, აცხადებს, რომ იცავს პრესის თავისუფლებას, მაგრამ მე-3(ბ) და მე-4(გ) მუხლები ჟურნალისტების დაკავების, სანქციების დაწესების და თვალთვალის უფლებას იძლევა, თუ ეს გამართლებულია „საზოგადოებრივი ინტერესის გადაუდებელი მიზეზით“.
ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებები: კანონი იძლევა „სერიოზული დანაშაულების“, როგორიცაა ტერორიზმი ან რასიზმი, მონიტორინგის საშუალებას და ავალდებულებს ეროვნულ მარეგულირებლებს ითანამშრომლონ ე.წ. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
მედიის მფლობელების საჯარო სიები: მე-6 მუხლი ავალდებულებს ევროკავშირის სახელმწიფოებს, აწარმოონ მედიის მფლობელების და მათი მისამართების საჯარო რეესტრები, რაც შეშფოთებას იწვევს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
თავისუფალი პრესა საფრთხის ქვეშაა: კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ბუნდოვანი „საზოგადოებრივი ინტერესების“ დებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნას განსხვავებული აზრის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შეზღუდვისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით.“ (არქივირებული ბმული)
სინამდვილეში აღნიშნული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია.
იხილეთ ლინკი
ევროკავშირის „მედიის თავისუფლების აქტი“ (EMFA) ძალაში 2025 წლის 8 აგვისტოს შევიდა. კანონი ევროკომისიამ შეიმუშავა, ევროპარლამენტმა კი მას მხარი 2024 წელს დაუჭირა. აღნიშნული რეგულაციის მიზნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებულობის ხელშეწყობას უკავშირდება.
კერძოდ, „მედიის თავისუფლების აქტი“ შემდეგს მიზნებს განსაზღვრავს:
- მედიასერვისების მიმწოდებლების სარედაქციო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა;
- ევროკავშირის შიდა ბაზარზე მედიასერვისების მიმწოდებლების უფრო მეტად თავისუფალი ოპერირების უზრუნველყოფა;
- მედიასერვისების მიმწოდებლების ხელშეწყობა, ისარგებლონ მედიაგარემოს ციფრული ტრანფორმაციისგან;
- მედიასერვისის მიმწოდებლებისა და ჟურნალისტებისთვის მათ საქმიანობაში ჩარევის საწინააღმდეგო თავდაცვის მექანიზმების შექმნა;
- მედიაბაზარზე მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მედიამფლობელებისა თუ სახელმწიფო რეკლამების განაწილების კუთხით;
- მარეგულირებელ საკითხებზე თანამშრომლობისა და შესაბამისობის ზრდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „მე-3(ბ) და მე-4(გ) მუხლები ჟურნალისტების დაკავების, სანქციების დაწესების და თვალთვალის უფლებას იძლევა, თუ ეს გამართლებულია „საზოგადოებრივი ინტერესის გადაუდებელი მიზეზით“. სტატიაში დასახებული რეგულაციის ნაწილები, სავარაუდოდ, მე-4 მუხლის ქვეშ არსებულ პუნქტებს გულისხმობს, კერძოდ, მე-3 პუნქტის „ბ“ და მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებს, რომლებიც ჟურნალისტების დაკავების საკითხს ნამდვილად ეხება.
თუმცა, სინამდვილეში, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ნაწილი პირიქით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჟურნალისტების დაკავებას და სხვა მსგავს მკაცრ სანქციებს უკრძალავს. მე-4 პუნქტის „გ“ ნაწილი კი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, უგულებელყოფილია რეგულაციის მთლიანი სულისკვეთება და მიზნები, ასევე ის კონკრეტული პირობები, რაც საგამონაკლისოდ უშვებს ჟურნალისტის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს.
„მედიის თავისუფლების აქტის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოთვლის იმ ქმედებებს, რასაც რეგულაცია წევრ სახელმწიფოებს უკრძალავს: იხილეთ ლინკი
(3) „წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყოფენ, რომ ჟურნალისტური წყაროები და კონფიდენციალური კომუნიკაცია ეფექტურად იყოს დაცული. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ შემდეგი ზომები:
(ა) აიძულონ მედიასერვისის მომწოდებლები ან მათი სარედაქციო პერსონალი, გაამჟავნონ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტურ წყაროებთან ან კონფიდენციალურ კომუნიკაციასთან, ან შეუძლია მათი იდენტიფიცირება. ასევე აიძულონ ნებისმიერ პირი, რომელსაც მედიასერვისის მიმწოდებელთან ან მის სარედაქციო პერსონალთან რეგულარული ან პროფესიონალური ურთიერთობა აქვს, რომ ასეთი ინფორმაცია გაამჟღავნოს.
ბ. [პუნქტი, რომელიც სოციალურ ქსელში მანიპულირებულად ვრცელდება; ავტ] მედიასერვისის მიმწოდებლების ან მათი სარედაქციო პერსონალის დაკავება, სანქცირება, გადაყვანა ან ინსპექტირება ან მათი კორპორაციული თუ პირადი შენობების ზედამხედველობის ქვეშ მოქცევა ან ჩხრეკა. ჟურნალისტურ წყაროებთან ან კონფიდენციალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული ან მათი იდენტიფიცირების შესაძლებელი ინფორმაციის მიღების მიზნით, ნებისმიერი პირის დაკავება, სანქცირება, გადაყვანა ან ინსპექტირება, რომელსაც მედიასერვისის პროვაიდერთან ან მის სარედაქციო პერსონალთან რეგულარული ან პროფესიული ურთიერთობის გამო შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინფორმაცია, ან მათი კორპორაციული თუ პირადი შენობების ზედამხედველობის ქვეშ მოქცევა ან ჩხრეკა ასეთი ინფორმაციის მიღების მიზნით;
გ. შეჭრით ზედამხედველობის პროგრამული უზრუნველყოფის განთავსება ნებისმიერ მასალაზე, ციფრულ მოწყობილობაზე, მანქანაზე ან ინსტრუმენტზე, რომელსაც იყენებენ მედიასერვისის მიმწოდებლები, მათი სარედაქციო პერსონალი ან ნებისმიერი პირი, რომელსაც მედიასერვისის პროვაიდერთან ან მის სარედაქციო პერსონალთან რეგულარული ან პროფესიული ურთიერთობის გამო შეიძლება ჰქონდეს ჟურნალისტური წყაროების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ან მათი იდენტიფიცირების შესაძლებელი ინფორმაცია ან კონფიდენციალური კომუნიკაცია.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს იმ პირობებს, რა შემთხვევაშიც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მე-4 მუხლში დასახელებული ზომების საგამონაკლისოდ გამოყენება: იხილეთ ლინკი
(4) ამ მუხლის მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებიდან გამონაკლისის სახით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ აღნიშნული ზომა, თუ იგი:
(ა) გათვალისწინებულია ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობით;
(ბ) შესაბამისობაში ქარტიის 52(1)-ე მუხლთან და ევროკავშირის სხვა კანონმდებლობასთან;
(გ) [პუნქტი, რომელიც სოციალურ ქსელში მანიპულირებულად ვრცელდება; ავტ] არის საფუძვლიანი კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესის გამო და პროპორციულია; და
(დ) საჭიროებს სასამართლო ორგანოს ან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წინასწარ ავტორიზაციას ან, საფუძვლიანად გამართლებული გამონაკლისის და სასწრაფო შემთხვევების დროს, შესაბამისი ორგანოს მიერ შემდგომ ავტორიზაციას ზედმეტი დაგვიანების გარეშე.
ამდენად, „მედიის თავისუფლების აქტი“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრძალავს ჟურნალისტების დაკავებას, სანქცირებას, ინსპექტირებას და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში საგამონაკლისოდ უშვებს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ზომების გამოყენებას. ამ ცალკეულ შემთხვევებშიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესესის გარდა უნდა იყოს სხვა პირობებიც დაკმაყოფილებული, რომლებიც მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტშია ჩამოთვლილი.
აღსანიშნავია, რომ „მედიის თავისუფლების აქტი“ დაინიცირების პერიოდიდან მედიისა და ჟურნალისტების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს. მაგალითად, 2022 წელს, მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ), ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი (ECPMF), ევროპული კომისიის ინიციატივას მიესალმნენ და EMFA ევროპაში პრესის თავისუფლების დაცვის ერთ-ერთ ინტრუმენტად შეაფასეს.
მედიის საკითხზე მომუშავე ავტოტირეტეტული საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციები 2025 წლის 8 აგვისტოს „მედიის თავისუფლების აქტის“ ძალაში შესვლის თარიღსაც გამოეხმაურნენ. მათ EMFA ევროპაში პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის კუთხით წინ გადადმულ ნაბიჯად შეაფასეს. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ რეგულაციის ძალაში შესვლის დღე ევროპაში მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის ისტორიულ თარიღად შეაფასა და რეგულაციის ეფექტურად აღსრულების აუცილობლაზე ისაუბრა. ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვებს გარეშე“ რეგულაციას ევროპაში ჟურნალისტების დაცვისა და მედია დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას უწოდებს და IPI-ს მსგავსად მისი აღსრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანახმად, „მედიის თავისუფლების აქტი“ მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს ხელს უწყობს, რადგან ის საზოგადოებრივ მედიასერვისებს იცავს პოლიტიკური ჩარევისგან, ასევე უზრუნველყოფს მედია ბრენდების ხილვადობას და ჟურნალისტური წყაროების უსაფრთხოებას.
ამგვარად, publicist.ge სტატიაში არსებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. რეგულაციის მე-3 პუნქტის დასაწყისში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში წევრი სახელმწიფოებისთვის არა ნებადართული, არამედ აკრძალული ქმედებებია ჩამოთვლილლი. რაც შეეხება მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, ის კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში საგამონაკლისო შემთხვევებს ჩამოთვლის. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიის საკითხებზე სპეციალიზირებულ ორგანიზაციები „მედიის თავისუფლების აქტს“ დადებითაც აფასებენ და მათი კრიტიკა მხოლოდ რეგულაციის ეფექტური აღსრულების საკითხს ეხება.