სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი ვრცელდება (დაარქივებული ბმული). ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს: „ძაღლი მართლა შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“. ვიდეოში ჩასმულია გიორგი გახარიას კადრი, რამაც შესაძლოა მომხმარებლებს აფიქრებინოს, რომ სიჭინავა გახარიაზე საუბრობს. Facebook-ანგარიში ვიდეოს აღწერაშიც წერს: „გახარიაზე ამბობს ალბათ“.
რეალურად, ტვ „პირველთან“ ინტერვიუში ბერდია სიჭინავა არა გიორგი გახარიაზე, არამედ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე საუბრობს.
მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემა ტვ პირველის „დღის ამბების“ ეთერში 17 აგვისტოს გავიდა. გადაცემის სტუმარი ბერდია სიჭინავამ, უკრაინის ომის საკითხზე და მოლაპარაკებებზე ისაუბრა. ამ კონტესტში, წამყვანის კიხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგნელების განცხადებებზე, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა (იხილეთ ბმულზე): „ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო, ისეა ამათი საქმე. შიდა პოლიტიკაში არ ვარგიან, ყოვლად უვარგისები არიან, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ და რაღაც გლობალური საკითხების განხილვით არიან დაკავებულნი. წარმოუდგენელია ოკუპირებულ ქვეყანაში, რომლის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას, იმ ადამიანს გულშემატკივრობდე, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც 2008 წელს ომი აწარმოა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, უამრავი ასეულობით ადამიანი დაიღუპა ამ ომში, მათ შორის ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები დაიღუპნენ ამ ომში. ამ ომში მხარე ფაქტია იყო პუტინი და რუსეთის ფედერაცია და აი, აქ შენ რომ გულშემატკივრობ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ომის დანაშაულები მოაწყო, გენოციდი მოაწყო ფაქტობრივად, მშობლებს წაართვა შვილები და საშინელებებს ჩადის უკრაინის ტერიტორიაზე. ომის დამნაშავეა და ასე რომ ვთქვათ, ბრალდებული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან, გულშემატკივრობდე ვლადიმერ პუტინის პოზიციებს“.
ამდენად, გავრცელებულ მონაკვეთში ბერდია სიჭინავა არა გიორგი გახარიაზე, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე საუბრობს.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ბოლო ინფორმაციით, ამჟამად გერმანიაში იმყოფება.