სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო (1, 2, 3, 4) (დაარქივებული ბმული), რომელშიც ევროპელი ლიდერები ჩანან. ისინი თავდახრილი ელოდებიან ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრას. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.
აღნიშნული ფოტო საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავრცელდა. მაგალითად, აღნიშნულ ფოტოს ბერძნული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა ELLINIKA HOAXES-იც გამოეხმაურა.
პირველ რიგში, ფოტოზე ემანუელ მაკრონის გარდა, სხვა გამოსახული პირიდან არც ერთი ევროპელ ლიდერს არ ჰგავს. თანაც, აშშ-ში ვიზიტით ორი ქალი- ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი იმყოფებოდნენ, ფოტოზე არც ერთი ქალი მათ არ ჰგავს.
ფოტო რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, რამდენიმე დეტალი ცხადყოფს. პირველ რიგში, ემანუელ მაკრონსა და მის გვერდით მჯდომ ქალს შორის ფეხსაცმელები ჩანს, ზემოთ კი ადამიანის გამოსახულება გამქრალია (იხილეთ ფოტო).
აგრეთვე, ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი პირის ფეხსაცმელი, რომელზეც შეცდომით ხალიჩის ნაწილია დატანილი, ხოლო ერთ-ერთი ქალის ფეხები ერთმანეთშია შერწყმული (იხილეთ ფოტო)
გარდა ამისა, როგორც ევროპელი ლიდერების შეხვედრის რეალურ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, მათი ტანსაცმელი განსხვავდება გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენები ტანსაცმლისგან (იხილეთ ფოტოები).
წყარო: Scavino47
წყარო: ZelenskyyUa/X
ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 89%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Decopy.ai-ს მიხედვით, იმის ალბათობა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, 99%-ზე მეტია (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).
ფოტოს X პლატფორმაზე OSINTdefender გამოეხმაურა. პლატფორმა ღია წყაროების სადაზვერვო ანალიზს ახორციელებს. პოსტში აღნიშნულია, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო სინადვილეში ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.