სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს: „ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი, ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის, შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები (ინდმეწარმეები არვიცი, ვისი მისამართით) და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორც სურვილიც აქვთ“.
კადრში ასევე ჩანან პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე; პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე; “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე; „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ვიდეოს გავრცელებულ მონაკვეთს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ აღნიშნული სიტყვები ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ეკუთვნის. სინამდვილეში, ჟურნალისტმა გადაცემაში „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადება წაიკითხა.
გადაცემა „რეაქცია“ ეთერში 2020 წლის 3 დეკემბერს გავიდა. გადაცემაში გრიგოლია „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებას კითხულობს: „ვოლსკიმ თქვა პალიტრაზე, რა კონგლომერატი შეიყარაო, ერთი შეხედეთო, რომ „ქართული ოცნება“ გვერდზე გაწიოსო, ესენი რას უზამენ ქვეყანასო. უყურეთ ახლა წავიკითხავ: ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი, ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის, შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. ლელომ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე“.
ამდენად, გავრცელებული მონაკვეთს დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყვავს. რეალურად, ვიდეოში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არა თავის პირად მოსაზრებას, არამედ გია ვოლსკის განცხადებას აჟღერებს.