სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელმა Giga Patatishvili-მა, რომლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თანდართული აღწერის მიხედვით, რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ალასკა 160 წლიანი არენდით გადასცა, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის (დაარქივებული ვიდეო 1).
თავად ვიდეო რუსულენოვანია და ის თავდაპირველად TikTok-ზე გავრცელდა. მასში ისმის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის, განცხადება, სადაც ის ამბობს: „ალასკა, ეს რუსული მიწაა და ის არ ყოფილა ამერიკელებზე გაყიდული. ეს სიცრუეა. ის 160 წლიანი არენდით გაიცა და ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ეს შეხვედრაზე ახსენა. შეთანხმება იწურება 2 წელიწადზე ნაკლებ დროში. ამერიკელები არ ჩქარობენ“.
„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა.
სინამდვილეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალასკა რუსეთისგან იყიდა და მათ შორის იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა.
რუსეთს ტერიტორიისა და რეგიონის მიმართ ინტერესები მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როცა რუსეთის ცარმა – პეტრე დიდმა ვიტუს ბერინგი ალასკის სანაპიროს შესასწავლად გაგზავნა. თუმცა ბრიტანეთთან ყირიმის ომში (1853-56) დამარცხების შედეგად დაგროვებული ვალების ფონზე, რუსეთისთვის ამ ტერიტორიის მომარაგების ხარჯებმა და ლოგისტიკურმა სირთულეებმა ის დამატებით ეკონომიკურ ვალდებულებად (Liability) აქცია. კანადის მმართველ ბრიტანეთს ამ ტერიტორიაზე თავისი ინტერესები ჰქონდა, ამიტომ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ 1867 წელს ის სხვა მსურველს – შეერთებულ შტატებს – მიჰყიდა.
რუსეთმა მისი ჩრდილოეთ ამერიკული ტერიტორიის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიყიდვის შეთავაზება ჯერ კიდევ 1859 წელს წარადგინა, თუმცა ეს შეთავაზება ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულებამდე ვერ განხორციელდა.
1866 წლის დეკემბერში, აშშ-ში რუსეთის მინისტრმა ბარონ ედუარდ დე სტოეკლმა (Eduard de Stoeckl) იმპერატორ ალექსანდრე II-ს ინსტრუქციით რუსეთის ჩრდილოამერიკული ტერიტორიის გაყიდვაზე მოლაპარაკებები განაახლა.
რუსეთის წარმომადგენელი სტოეკლი ამერიკის სახელმწიფო მდივანს უილიამ ჰენრი სივორდს (William Henry Seward) დაუკავშირდა. 1867 წლის 29 მარტს სტოეკლმა და სივორდმა დაასრულეს ხელშეკრულების პროექტი, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას შეერთებულ შტატებს გადასცემდა. ხელშეკრულებას ხელი მეორე დღეს, 30 მარტს მოეწერა და 7.2 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, რაც ყოველ აკრზე 2 ცენტის დაანგარიშებით იყო მიღებული, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ალასკის ტერიტორია მიიღო.
ალასკა აშშ-ის არმიის კონტროლის ქვეშ 1877 წლის ივნისამდე დარჩა, რის შემდეგაც მას ხანმოკლედ ფინანსთა სამინისტრო, შემდეგ კი სხვადასხვა სამხედრო ხელისუფლება მართავდა. ალასკაზე 1884 წლის მაისში, მას შემდეგ რაც ტერიტორია ოლქად იქცა, სამოქალაქო მთავრობა დამყარდა. ამერიკის შეერთებული შტატების 49-ე შტატად კი 1959 წლის 3 იანვარს მიიღეს.
ფოტო: ალასკის საყიდლად აშშ-ის მიერ გაცემული $7.2 მილიონის ღირებულების ქვითარი
1867 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალასკის ყიდვით დასრულდა რუსეთის მცდელობები გაეფართოებინა ვაჭრობა და რუსული დასახლებები ჩრდილო ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე.
ფოტო: 1867 წელს ლასკის ხელშეკრულების ხელმოწერა
იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ ხელმოწერილ ცესიის ხელშეკრულებაში (the Treaty of Cession), რომლითაც ოფიციალურად დადასტურდა ამერიკის მიერ ალასკის რუსეთისგან შესყიდვის შეთანხმება, აღნიშნულია:
„მუხლი I.
მისი უდიდებულესობა, სრულიად რუსეთის იმპერატორი, თანახმაა, ამ კონვენციის საფუძველზე, რატიფიკაციის გაცვლისთანავე, დაუთმოს შეერთებულ შტატებს მთელი ტერიტორია და სამფლობელო, რომელიც ამჟამად მის უდიდებულესობას ეკუთვნის ამერიკის კონტინენტზე და მიმდებარე კუნძულებზე….“.
ამ ხელშეკრულების V მუხლში კი აღნიშნულია: “ზემოაღნიშნული ცესიის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები თანახმაა, ამ კონვენციის რატიფიკაციის გაცვლიდან ათი თვის განმავლობაში, ვაშინგტონის ხაზინაში მისი უდიდებულესობის სრულიად რუსეთის იმპერატორის დიპლომატიურ წარმომადგენელს ან სხვა აგენტს, რომელიც სათანადოდ არის უფლებამოსილი მიიღოს იგივე, გადაუხადოს შვიდი მილიონ ორასი ათასი დოლარი ოქროს სახით.”
ხელშეკრულებაში არსადაა გამოყენებული ტერმინი „იჯარა“ (ინგლისურად lease), ასევე არსად ვხვდებით მტკიცებაში დასახელებულ 160 წელს.
ხოლო ის ვიდეო, რომელიც TikTok-სა და Facebook-ზე გავრცელდა და სადაც ვლადიმირ მედინსკის საუბარი ისმის, თავად მედინსკის განცხადებით, Deepfake-ს წარმოადგენს. მანვე აღნიშნა, რომ, ალასკა არა იჯარითაა გაცემული, არამედ 7.2 მილიონ დოლარად არის გაყიდული ალექსანდრე II-ს მიერ და ეს თანხა მიღებულია.
რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს კადრები აღებულია 2025 წლის ივნისში ვლადიმირ მედინსკისა და ამერიკელ ჟურნალისტს – რიკ სანჩეზს შორის გამართული ინტერვიუდან. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსა და რიკ სანჩესთან ჩაწერილ ინტერვიუში მედინსკის ჩაცმულობა და სტუდიის უკანა ფონი ერთნაირია. იდენტურია ისეთი დეტალიც, როგორიცაა მაგალითად მის კოსტუმზე მიკროფონის დამაგრების ადგილი და ა .შ. (იხ ფოტოები).
ფოტო: კადრი რედაქტირებული ვიდეოდან
ფოტო: რიკ სანჩესსა და ვლადიმირ მედინსკის ინტერვიუდან
ამ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს საერთოდ არ უთქვამს, რომ ალასკა რუსეთმა ამერიკას 160-წლიანი იჯარით გადასცა. მეტიც, მას ზოგადად სიტყვა „ალასკა“ ან „იჯარა“ საერთოდაც არ უხსენებია.
ამასთანავე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოში, სადაც მედინსკი თითქოს ალასკის იჯარაზე საუბრობს, მცირედით შესამჩნევია ის დეტალები, რაც ვიდეოს არაბუნებრივობაზე მიუთითებს (იხ. ფოტო).
ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს ალასკა იჯარით 160 წლით გადასცა, მცდარია. გავრცელებული ვიდეო კი, სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული. აღნიშნული დეზინფორმაცია ვლადიმირ პუტინსა და ტრამპს შორის ალასკაზე 15 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ გააქტიურდა.