2025 წლის 14 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა“ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით – „ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა“. საუბარია Chandler Good Government Index-ზე, რომელიც მსოფლიოს 104 ქვეყნის მმართველობის ხარისხს სხვადასხვა კრიტერიუმით ზომავს.
უპირველეს ყოვლისა, სათაური მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს კვლევა ევროკავშირმა გამოაქვეყნა და, შესაბამისად, შეფასება მომზადებულია ევროკავშირის მიერ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა ერთგვარი კომპილაციაა სხვადასხვა წელს გამოქვეყნებული მასალებისა და მათში თავმოყრილი მონაცემებით, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, ინდექსი 2021 წლის მონაცემებსაც კი ეყრდნობა.
ამასთან, საქართველოს ეს შედეგი არ ასახავს გლობალურ რეიტინგში ქვეყნის საერთო პოზიციას. რეალურად, სათაურში გამოტანილი მონაცემები ინდექსის მხოლოდ ერთ კომპონენტს – Strong Institutions – ეხება და არა – ქვეყნის ჯამურ რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, 2025 წლის მონაცემებით, 0.610 ქულით, 42-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯამური ქულა – 0.610 – ყველაზე მაღალია ბოლო ხუთ წელიწადში, თუმცა, პოზიციურად, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამავე პერიოდში. მაგალითად, 2022 წელს საქართველო საერთო რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებდა. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმა ანალოგიურ პერიოდში უფრო სწრაფი პროგრესი აჩვენეს.
პოზიციური გაუარესება შეინიშნება თავად „იმედის“ მიერ გამოტანილ – Strong Institutions -კომპონენტშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2021-2022 წლებში მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებდა.
„იმედი“ სრულად აიგნორებს ინდექსის სხვა კომპონენტებს, რომელთა გათვალისწინებითაც, სურათი განსხვავებულია და ზოგან — საგანგაშოც. ყველაზე ცუდი შედეგები ფიქსირდება Helping People Rise კომპონენტში, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობასა და სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობას ზომავს. მისი ქვეკომპონენტების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები განსაკუთრებით დაბალია შემდეგ კომპონენტებში: – შემოსავლის განაწილება – 74-ე ადგილი; დასაქმება – 87-ე; არადისკრიმინაციული გარემოშ – 77-ე, ფასების სტაბილურობა – მე-80. ეს მაჩვენებლები პირდაპირ მიანიშნებს სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს შრომით ბაზარზე, სოციალურ თანასწორობასა და ეკონომიკურ სტაბილურობაში.
სტატიაში „იმედი“ ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა“. სხვა, ზემოთ აღწერილი, ნიუანსების მსგავსად, ეს ფორმულირებაც მანიპულაციურია და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ინდექსი ევროკომისიის მიერ ან მისი დაკვეთით არის შედგენილი.
მანიპულაციური ფორმულირება მალევე აიტაცეს „ქართულ ოცნებაშიც“. მეტიც, პარტიის ლიდერები პირადაპირ ამტკიცებდნენ, რომ კვლევა თითქოსდა ევროკომისიის დაკვეთით არის მომზადებული.
რეალურად, ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსი მზადდება დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის“ მიერ და ევროკომისია მის მომზადებას არც უკვეთს და არ აფინანსებს. სხვა მრავალ საერთაშორისო ანგარიშთან ერთად, ის მხოლოდ აქვეყნებს მას საკუთარ ოფიციალურ პორტალზე, როგორც დამატებით რესურსს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველობის შეფასებისთვის.
ამ საკითხს 21 აგვისტოს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერიც გამოეხმაურა. მან გავრცელებულ ბრალდებებს (კვლევის ევროკომისიასთან შემხებლობის შესახებ) მცდარი უწოდა და აღნიშნა, რომ „ანგარიში არ ყოფილა მოთხოვნილი და მხარდაჭერილი ევროკომისიის მიერ… ჩანდლერის ინსტიტუტი არც ევროკომისიის ნაწილია და არც კომისიის სახელით ლაპარაკობს“.
Chandler Good Government Index-ი, ძირითადად, წარმოადგენს სხვა არსებული კვლევებისა და ღიად ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზების კომპილაციას. მაგალითად, ძლიერი ინსტიტუტების კომპონენტი მოიცავს ხუთ მიმართულებას: კოორდინაცია, მონიტორინგი, ანგარიშვალდებულება, იმპლემენტაცია და ბიუროკრატიის ხარისხი. თითოეული ეს მიმართულება, თავის მხრივ, დაფუძნებულია სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებსა და მონაცემებზე, მათ შორის, BTI – Project-ის, მსოფლიო ბანკის, გაეროსა და Economist Intelligence Unit-ის კვლევებზე. (ვრცლად იხ. ანგარიშის გვ. 94)
ექვსიდან ერთი კვლევა 2022 წელს გამოქვეყნდა, ორი — 2023 წელს, ხოლო სამი — 2024 წელს. ამასთან, მათი მეთოდოლოგიის მიხედვით, თითოეული კვლევა, ძირითადად, ასახავს არა გამოქვეყნების წლის, არამედ წინა წლის მდგომარეობას. ეს მიუთითებს, რომ მოცემული კვლევა, ფაქტობრივად, ვერ აჩვენებს საქართველოში დემოკრატიის გაუარესების იმ უახლეს ტენდენციებს, რომლებიც ბოლო პერიოდში მკაფიოდ გამოვლინდა. კერძოდ, 2025 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი ეყრდნობა 2021-2023 წლებში შეგროვებულ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან 2024 წლის არჩევნებამდე განვითარებული მოვლენები და 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ, დაწყებული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დაშლა, ამ კვლევების საანგარიშო პერიოდში ვერ მოხვდებოდა და, შესაბამისად, ავტორიტარიზმის ის ტენდენციები, რომლებზეც ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს, კვლევის მიღმა დარჩა (ეუთო/ოდირის განცხადება დისპროპორციული ძალის გამოყენებაზე, Human Rights Watch-ის განცხადება წამებაზე, Amnesty International-ის განცხადებები საქართველოში მიღბულ „დრაკონულ“ კანონმდებლობებზე და ძალის უკანონო გამოყენებაზე და ა.შ. )
აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, სწორედ BTI – Project-ის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, რომელსაც ეს კვლევა მნიშვნელოვნად ეყრდნობა, უკვე 2024 წლის ინდექსში, საქართველო კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი დონის დეფექტური დემოკრატია – „highly defective democracy“. ეს შეფასება მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია, არ არსებობს სათანადო პოლიტიკური პლურალიზმი და მნიშვნელოვანი პრობლემებია კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მიმართულებით.
ამასთანავე, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, როგორებიცაა – Freedom House, დემოკრატიის ინდექსი, პრესის თავისუფლების ინდექსი, V-Dem Institute-ის დემოკრატიის ინდექსი, ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, კანონის უზენაესობის ინდექსი თუ სხვ. საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლების მძიმე უკუსვლას ადასტურებს. (აღნიშნულზე ვრცლად იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია)
ზემოთქმულიდან გამომდინარე „იმედის“ სათაურსა და სტატიის შინაარსს მკითხველი შეცდომაში ორი მთავარი მიზეზით შეჰყავს: პირველ რიგში, „იმედი“ ეყრდნობა კვლევას, რომლის შეფასების საანგარიშო პერიოდი არ მოიცავს იმ დროის მონაკვეთს, როდესაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა. მოცემული ინდექსის მკითხველისთვის მიწოდება ისე, თითქოს ის 2025 წლის რეალობას ასახავს, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მასში გასული წლის მოვლენებიც უნდა ასახულიყო და იქმნება მცდარი წარმოდგენა იმის თაობაზე, თითქოს საქართველომ სხვადასხვა რეიტინგში წინ წაიწია, მიუხედავად 2024 წლის გაზაფხულზე და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენებისა. კვლევის ამგვარი არასწორი ინტერპრეტაციის ფარგლებშიც კი, „იმედი“ მეორე მანიპულაციას მიმართავს და ის მკითხველს შერჩევითად დადებით სურათს სთავაზობს, უგულებელყოფს რა იმ სფეროებს, რომლებშიც ქვეყანას, ამ ინდექსის ფარგლებშიც კი, სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო მედია მსგავს ტექნიკას იყენებს – სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მონაცემებით მანიპულირებს, რათა მთავრობის საქმიანობის შესახებ გადაჭარბებულად პოზიტიური წარმოდგენა შექმნას (იხ. ჯეოფაქტსის სტატიები ბმული 1; ბმული 2 ).