გადამოწმებული ფაქტები მეტწილად მცდარი

დემურ გიორხელიძის მტკიცებები ემიგრაციისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძის ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის საქართველოში არსებულ, ისედაც რთულ, დემოგრაფიულ მდგომარეობას გადაჭარბებულად, კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩანს. (არქივირებული ბმული).

დემურ გიორხელიძე მართებულად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, რაც მართლაც საქართველოს დემოგრაფიული სტაგნაციის ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მისი შეფასებები მიგრაციის მასშტაბისა და საქართველოში მცხოვრები ქართველების შესახებ, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს არ შეესაბამება.

მტკიცება: მიგრაცია არის არანორმალური, გასულ წელს გავიდა 253 ათასი ქართველი.

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ემიგრაცია ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს დემოგრაფიულ და სოციალურ გამოწვევას, თუმცა არა – იმ მასშტაბით, როგორც ამას დემურ გიორხელიძე წარმოაჩენს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 64,594 მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ხოლო იმავე პერიოდში 65,436 მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყანაში 842 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება საქართველოში მიგრაციის მხრივ არსებული ზოგადი ტენდენციისგან.

საქსტატმა, მოქალაქეობის მიხედვით, მიგრაციული მონაცემების აღრიცხვა 2012 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე ბრუნდებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2020 წელი, როდესაც დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო. ეს, ძირითადად, პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის შედეგი იყო – მოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლის შესაძლებლობა ფიზიკურად შეზღუდული ჰქონდათ. 2021 წელს, როდესაც, პანდემიის შემდეგ, უცხოეთში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა. 2021-2023 წლებში დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციისა და უარყოფითი მიგრაციული სალდოს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებლები.

საერთო ჯამში, 2013-2024 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 947,004 მოქალაქე, ხოლო დაბრუნდა 662,430. ეს ნიშნავს, რომ 12-წლიან პერიოდში, მხოლოდ ემიგრაციის ხარჯზე, საქართველოში მცხოვრები ქართველების რაოდენობა 284,574 მოქალაქით შემცირდა.

ემიგრაციის პიკური წელი იყო 2023, როდესაც 163,480 მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან, ხოლო დაბრუნდა მხოლოდ 91,896. იმ წელს ქვეყნის მიგრაციული სალდო -71,584 იყო.

გრაფიკი 1: 2013-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო

წყარო: საქსტატი (ეყრდნობა შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს)

ამრიგად, საქსტატის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნიდან წავიდა 64,594 მოქალაქე, ხოლო დაბრუნდა 65,436, რაც მიგრაციულ ბალანსს პოზიტიურს ხდის. თუმცა, 2013-2024 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში, ჯამურად, 284,574 მოქალაქით მეტი წავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ეს მიუთითებს, რომ ერთწლიანი გაუმჯობესება წლობით დაგროვებულ სისტემურ პრობლემას არ ცვლის. შესაბამისად, ემიგრაცია ნამდვილად რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, თუმცა მტკიცება, თითქოს 2024 წელს ქვეყანა 253 ათასმა მოქალაქემ დატოვა, სტატისტიკურად არასწორია და ოფიციალურ მონაცემებს არ ეყრდნობა.

მტკიცება: 1 მლნ 340 ათასი ქართველი დარჩა საქართველოში. რატომ არ გამოაქვეყნეს ეს მონაცემები? ვერ გამოაქვეყნებენ.

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელიც საქსტატმა მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნა, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 3 მილიონ 914 ათასს. ეს მონაცემი მოიცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ, ან დაგეგმილი აქვთ აქ ერთ წელზე მეტი ხნით ყოფნა.

ამ ეტაპზე ჯერ არ გამოქვეყნებულა აღწერის სრულად დამუშავებული მონაცემები, მათ შორის, მოსახლეობის რაოდენობა ეროვნების ან მოქალაქეობის მიხედვით. შესაბამისად, არც იმის თქმაა შესაძლებელი, კონკრეტულად რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს საქართველოში.

2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 86.8%, 3,224,564 ადამიანი, ეროვნებით ქართველი იყო.

მონაცემთა ანალიტიკა აჩვენებს, რომ 2014 წლის აღწერის შემდეგ, 2015-2024 წლებში 243,702 მოქალაქით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა. იმავე წლებში საქართველოში, ჯამში, 4,158 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ამ ფაქტორების – ემიგრაციისა და ბუნებრივი კლების – გათვალისწინებით, სრულიად ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეთა/ეთნიკური ქართველების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, თითქოს ქვეყანაში მხოლოდ 1 340 000 ქართველი დარჩა.

საქსტატის განმარტებით, აღწერიდან მიღებული მონაცემების სრული დამუშავება ჯერ არ დასრულებულა, რაც, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს. აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია 2026 წლის ივნისში, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნოს მონაცემებს  სხვადასხვა დემოგრაფიულ ჭრილში, მათ შორის, ეროვნების, მოქალაქეობის, სქესისა და ასაკის მიხედვით. ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ საქსტატი მონაცემებს მიზანმიმართულად აყოვნებს ან მალავს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge