13 აგვისტოს სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ვემსახურები საქართველოს“ 2 საინფორმაციო ბარათი გაავრცელა. ერთ-ერთზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ფოტოზე დატანილია წარწერა: „ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ექსტრადირების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოეთ კორეაში „მოიხდის“.
გამოქვეყნებულ ფოტოს Facebook-მომხმარებელი შემდეგნაირად ასათაურებს: „ძალიან გათავხედდა პუტინი, ჩვენ არაფერს გვეკითხება. სააკაშვილი გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა“.
მეორე ფოტოზე კი ჩანს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც მიწერილი აქვს შემდეგი ციტატა: „მადლობელი ვარ პრეზიდენტ პუტინის, სააკაშვილი, რომ დამსახურებულად გაასამართლა“. გამავრცელებელი ანგარიში პოსტს ასევე ურთავს საკუთარ კომენტარს: „ნ*******ი უილსონი, ტ***იდან დაბადებული, სააკაშვილის გასამართლება უხარია“.
ორივე ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში მედია საშუალება „მთავარის“ ლოგო ჩანს, რაც მომხმარებლებს აფიქრებინებს, თითქოს ინფორმაციის თავდაპირველი გამავრცელებელი მედიასაშუალება „მთავარია“ (არქივირებული ბმული 1, ბმული 2).
სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილის რუსეთში გასამართლების შესახებ ინფორმაცია კრემლისა და რუსეთის პროკურატურის ვებგვერდებზე არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სიახლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება კრემლის ვებგვერდზე თარიღდება 2007 წლის 9 ივნისით და ექს-პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას ეხება.
მეორე მხრივ, რუსეთის პროკურატურის ვებგვერდზე ძიებისას არ იძებნება არანაირი საქმე, რომელიც 2025 წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულა. სააკაშვილის რუსეთში გასამართლების შესახებ არც რუსული მედიასაშუალებები წერენ.
გადამოწმებისას ირკვევა ისიც, რომ „მთავარის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე ეს ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული იურისდიქციის ქვეშ გასამართლდა, არის მცდარი.
„მთავარი“ არხის Facebook-გვერდზე ასევე არ იძებნება ჯო უილსონის ციტატა. აღსანიშნავია, რომ ჯო უილსონი საქართველოს შესახებ განცხადებებს პლატფორმა X-ის მეშვეობით ავრცელებს. 1 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით მისი ორი პოსტი იძებნება, რომელიც საქართველოს ეხება. ერთ-ერთ პოსტში ის წერს: „ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მივიდა თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის თავდასხმის შედეგად შეწირულთა“ მიმართ მიძღვნილ ღონისძიებაზე და გამოხატა სოლიდარობა ტერორისტებთან. „ქართულ ოცნებას“ უყვარს ტერორისტი ირანი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და სძულს ამერიკა“.
მეორე პოსტში კონგრესმენი აღნიშნავს: „მადლიერი ვარ ტრამპის ადამიანის უფლებების შესახებ დამაჯერებელი ანგარიშისთვის, რომელიც ხაზს უსვამს ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლების, განსაკუთრებით ამერიკასთან მიმართებით ჩახშობას. „მეგობარი აქტი“ გვჭირდება სასწრაფოდ“.
ამდენად, ის არსად არ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და არ იძებნება მისი ციტატა, რომელშიც ის მადლობას უხდის პუტინს სააკაშვილის გასამართლებისთვის.
დამატებით, კონგრესმენის X პოსტები პლატფორმაზე ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Grok-ის მეშვეობითაც გადავამოწმეთ. Grok-ის მეშვეობით მოვიძიეთ ის პოსტები, სადაც ის პუტინს ახსენებს და აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანში არ იძებნება ციტატა, რომელშიც ის მადლობას უხდის პუტინს სააკაშვილის გასამართლებისთვის. პირიქით, უილსონი პუტინს შესახებ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და მას ომის დამნაშავედ მოიხსენიებს (პოსტი 1 , პოსტი 2, პოსტი 3, პოსტი 4).
სავარაუდოდ, „ვემსახურები საქართველოს“ ანგარიშმა პუტინის მიერ სააკაშვილის გასამართლების ქარდისთვის გააყალბა „მთავარი არხის“ 7 აგვისტოს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი, რომელზეც ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჩანან. როგორც ჩანს, რედაქტირებისას გვერდმა ტრამპის ფოტო ჩაანაცვლა სააკაშვილის ფოტოთი და მასზე თანდართული ტექსტი შეიცვალა. ორიგინალ პოსტში შემდეგი ტექსტია მოცემული: „პუტინი ამბობს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი არაბთა გაერთიანებული საამიროებია“.
ანგარიშმა იგივე მეთოდი გამოიყენა ჯო უილსონის საინფორმაციო ბარათის შემთხვევაშიც და სავარაუდოდ, დაარედაქტირა „მთავარის“ 14 აგვისტოს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი, სადაც უილსონის შემდეგი ციტატა იყო მოცემული: „მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, ადამიანის უფლებების შესახებ დამაჯერებელი ანგარიშისთვის“.
„მთავარის“ და „ვემსახურები საქართველოს“ ანგარიშების მიერ გავრცელებული ბარათების შედარებამ ასევე გამოავლინა, რომ „ვემსახურები საქართველოს“ ბარათებზე გამოყენებული შრიფტი მცირედით განსხვავდება ორიგინალისგან. აღნიშნული დამატებით ადასტურებს, რომ ანგარიშის „ვემსახურები საქართველო“ მიერ გავრცელებული ბარათები რედაქტირებულია
„ვემსახურები საქართველოს“ საინფორმაციო ბარათი
(13 აგვისტო, 2025 წ.)
“მთავარის“ საინფორმაციო ბარათი
(7 აგვისტო, 2025 წ.)
„ვემსახურები საქართველოს“ საინფორმაციო ბარათი
(14 აგვისტო, 2025 წ.)
“მთავარის“ საინფორმაციო ბარათი
(14 აგვისტო, 2025 წ.)
რაც შეეხება თავად გამავრცელებელს, „ვემსახურები საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათებზე დატანილი აღწერები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, თუმცა, გვერდის სხვა მასალები ცხადყოფს, რომ ის სინამდვილეში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისა და ინდივიდების საწინააღმდეგოდ მომუშავე ანონიმური გვერდია (ბმული 1, ბმული 2).
ამრიგად, გვერდის „ვემსახურები საქართველოს“ გავრცელებული საინფორმაციო ბარათები რედაქტირებულია.