14 აგვისტოს Facebook-ზე ლუგარის ლაბორატორიის და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა (არქივირებული ბმული). პოსტში აღნიშნულია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საშიშ პათოგენებზე მუშაობა, ატარებს ექსპერიმენტებს სამხედროებზე და მოსახლეობაზე და ხელოვნურად ქმნის დაავადების გადამდებ კოღოებსა და მწერებს. აღნიშნულის მხარდასაჭერად კი, რუსულ სამთავრობო მედია RT-ის დოკუმენტური ფილმია თანდართული.
ფილმში საუბარია აშშ-ს მიერ დაარსებულ ე.წ. „საიდუმლო ლაბორატორიებზე“, რომლებიც თითქოს მოქალაქეებზე, პატიმრებზე და ჯარისკაცებზე უკანონო ცდებს ატარებენ და საშიში პათოგენების მეშვეობით სხვადასხვა დაავადების ხელოვნურ გავრცელებას უწყობენ ხელს. ამავე კონტექსტშია ფილმში ნახსენები ლუგარის ლაბორატორიაც, რომელსაც თითქოს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მართავს. ფილმი ასევე საუბრობს აშშ საჯარო უწყებებიდან მოპოვებულ ე.წ. საიდუმლო დოკუმენტებზე, რომლებიც თითქოს ადასტურებს, რომ ამ ლაბორატორიებს აშშ მართავს. ლუგარის ლაბორატორიის შემთხვევაში ნახსენებია ანგარიშები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმ საავადმყოფოების სიას შეიცავს, სადაც თითქოს ცდები „ტარდება“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია ვრცელდება. ლუგარის ლაბორატორია დიდი ხანია, რაც რუსული პროპაგანდის სამიზნეა. დეზინფორმაცია განსაკუთრებით გაძლიერდა COVID-19-ის პანდემიის დროს, როდესაც ლუგარის ლაბორატორიას SARS-CoV-2 ვირუსის შექმნასა და გავრცელებას აბრალებდნენ.
თუმცა კორონავირუსამდეც წლების განმავლობაში რუსეთის ოფიციალური პირები ლაბორატორიის მისამართით პერიოდულად სხვადასხვა ბრალდებას ავრცელებდნენ. 2018 წელს, ერთ-ერთ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია მოქალაქეებზე სამედიცინო ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ცდების ჩატარებაში დაადანაშაულა. ლაბორატორიასთან დაკავშირებულ „საფრთხეებთან“ დაკავშირებით მსგავსი ბრალდებები სხვადასხვა დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურს იგორ კირილოვს, კრემლის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვსაც გაუჟღერებიათ.
მსგავს ბრალდებებს გამოთქვამდა რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანი იულია მელანოც. Российская газета-სთან ინტერვიუში ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვამდა ვარაუდს „ბიოლოგიური დივერსიის“ შესახებ, მათ შორის საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიების კონტექსტში. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრს ბრალი დასდო აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში, ხოლო 2013 წელს ლაბორატორიის საქმიანობას დაუკავშირა რუსეთში აფრიკული ღორის ჭირის გავრცელება.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობითაც არაერთხელ გავრცელებულა. ცენტრის შექმნის დღიდან, რუსული პროპაგანდა საქართველოში სისტემატურად ეწევა დეზინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ და ამტკიცებს, რომ დაწესებულებას თეთრი სახლი და პენტაგონი აკონტროლებენ, ხოლო ლაბორატორიის მეცნიერები ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ ან ამბობს, რომ ცენტრში ხელოვნურად ქმნიან პათოგენებს, რომ გლობალურად დააინფიცირონ და მოსპონ მოსახლეობა. ბრალდებები მოიცავდა H1N1 ვირუსის გავრცელებას, ზიკას ვირუსით კოღოების ინფიცირებას, აზიური ფაროსანას აფხაზეთსა და რუსეთის სამხრეთში შემოტანას და კორონავირუსის შექმნას. ერთ-ერთი დეზინფორმაციული კამპანიისას, აფხაზეთის ე.წ. „უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა“ მუჰამედ კილბამ განაცხადა, რომ ლაბორატორია, რომელიც აფხაზეთის საზღვართან მდებარეობს, ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს. მისი თქმით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა და ღორის გრიპის შემთხვევებიც ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდებოდა.
აღნიშნული დეზინფორმაციული მტკიცებები ქართულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს არაერთხელ გამოუაშკარავებიათ (სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4, სტატია 5).
მტკიცება 1: ლაბორატორიაში მუშაობენ საშიშ პათოგენებთან და ქმნიან ბიოლოგიურ იარაღს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
მტკიცება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ პათოგენებს ქმნიან, ყალბია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაადასტურებდა, არ ჩანს.
ლუგარის კვლევითი ცენტრი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაწესებულებას, 2013 წელს დაარსდა. იგი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება. მისი მთავარი საქმიანობა მოიცავს როგორც ინფექციურ, ისე არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიურ და ლაბორატორიულ მონიტორინგს, ასევე დაავადების შემთხვევების, ეპიდაფეთქებების და სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების დროულ გამოვლენასა და შესწავლას.
ისევე როგორც სხვა მსგავსი ლაბორატორიები მსოფლიოს მასშტაბით, ლუგარის ლაბორატორიაც „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ არსებული კონვენციის (BTWC) ფარგლებში დაიდო.
ამ ბრალდებებს არაერთხელ უპასუხეს საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა. მაგალითად, 2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და პროპაგანდისტული მითებით სისტემატურად ესხმის თავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას — რიჩარდ ლუგარის ცენტრს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ ცენტრში მოქმედებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სამი ვირუსოლოგიური ლაბორატორია — პოლიომიელიტის, გრიპის და წითელა–წითურას. ასევე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს სხვა ლაბორატორიებიც, რომელიც მუშაობენ როტავირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტირებაზე. ცენტრს გააჩნია ISO საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიის უსაფრთხოება და კონვენციასთან შესაბამისობა დადასტურდა 2018 წელს ჩატარებული საერთაშორისო ვიზიტით, რომელსაც ვიზიტის მონაწილეების პოზიტიური დასკვნაც მოჰყვა. 2018 წელს, თბილისის მოწვევით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის შესაფასებლად ჩამოვიდა 17 ქვეყნის 22 ექსპერტისა და დამკვირვებლისგან შემდგარი ჯგუფი. ჯგუფში მათ შორის შედიოდა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ არსებული კონვენციის (BTWC) განხორციელების მხარდამჭერი სამსახური.
ჯგუფმა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმის ინსტრუმენტით იხელმძღვანელა, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში შემუშავდა. მოწვევის მიუხედავად, რუსმა ექსპერტებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს. ვიზიტის მიზანი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის დადგენა იყო. ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა დაათვალიერა ცენტრის ყველა ობიექტი და დაასკვნა: „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. საბოლოო ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რაც ეწინააღმდეგებოდა მის პროფილაქტიკურ, დამცავ და მშვიდობიან მიზნებს. აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამებოდა ცენტრის მიერ დეკლარირებულ მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ ამოცანებს.
მტკიცება 2: ლაბორატორიაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდნენ საქართველოს მოქალაქეებზე და სამხედრო პერსონალზე ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.
პირველი მტკიცების მსგავსად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში არაა დაკონკრეტებული, რა სახის ექსპერიმენტებს ატარებენ და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამ ექსპერიმენტებმა ადამიანების სიცოცხლეს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით ერთ-ერთი გახმაურებული ბრალდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტში ეჭვმიტანილი, იგორ გიორგაძეს ეკუთვნის. ის წლებია რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. 2018 წელს პრესკონფერენცია გიორგაძემ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ფარული ექსპერიმენტები ტარდებოდა. მან ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელზეც ამტკიცებდა, რომ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ იყენებს დაუმტკიცებელ ამერიკულ მედიკამენტებს პაციენტებზე, რის შედეგადაც ერთ დღეში 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, BBC-მ ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება. თავდაპირველად ჟურნალისტური გამოძიება თბილისში ჩამოვიდა, რათა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” იმჟამინდელი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის კოორდინატორი გიორგი ხატელიშვილისგან ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ სანდო ინფორმაცია და ლაბორატორიასთან წვდომა მიეღო.
BBC-მ ინტერვიუები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვასა და იგორ გიორგაძესთანაც ჩაწერა. მარია ზახაროვამ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ ლაბორატორიის საქმიანობის შესასწავლად მხოლოდ ინსპექტირებას დათანხმდება და ექსკურსიით არაა დაინტერესებული. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცებულებების არქონა არ ნიშნავს, რომ ლაბორატორია მოქალაქეებზე უკანონო ექსპერიმენტებს არ ატარებდა.
რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, BBC-ის გამოძიებამ მას მტკიცებულებების მიწოდება სთხოვა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ გააჩნდა. გიორგაძის თქმით, ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები მის მიერ დამუშავებული არ იყო – თვითონ არ ჩაუტარებია ანალიზი და დასკვნები იმ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა, რასაც სხვა წყაროები ავრცელებდნენ.
ამდენად, მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ლაბორატორიაში მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე, ატარებენ უკანონო ექსპერიმენტებს ადამიანებზე ან ქმნიან დაავადებებით დაინფიცირებულ მწერებს, არ არის დასაბუთებული არცერთი დამაჯერებელი წყაროთი და ეფუძნება მხოლოდ ზოგად განცხადებებსა და პროპაგანდისტულ მასალებს, როგორიცაა RT-ის დოკუმენტური ფილმი.
რეალურად, ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მიერ აკრედიტებული რამდენიმე ლაბორატორიის საქმიანობა და ISO სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ადასტურებს, რომ ლუგარის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური და ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვაში.







